კლერსკდორფის სფეროები — რა ვიცით უჩვეულო ფორმის ობიექტების წარმოშობის შესახებ
კლერსკდორფის სფეროები სამხრეთ აფრიკაში მოპოვებულ, 3 მილიარდი წლის წინანდელ პიროფილიტის მინერალებში აღმოჩენილი უჩვეულო ფორმის ობიექტებია, რომელთაც მეტწილად სფეროს ან დისკოს სახე აქვს. შუაში არსებული ხაზების გამო საზოგადოებაში მათი უცხოპლანეტური და უძველეს ცივილიზაციებთან დაკავშირებული წარმოშობის შესახებ არაერთი ჰიპოთეზა გაჩნდა.
1980-იანი წლების სტატიებში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ისინი მაღალი დონის ცივილიზაციის მიერაა შექმნილი, რომელიც წყალმა დაფარა, ამიტომ მათზე არაფერი ვიცით. ასევე, გაჟღერდა, რომ მუზეუმში, ვიბრაციისგან თავისუფალ ადგილზე გამოფენილი ეს სფეროები თავისით ბრუნავდა.
ფსევდომეცნიერები ირწმუნებოდნენ, რომ აღნიშნული ობიექტები ხელოვნურად წარმოებული უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ 3 მილიარდი წლის წინანდელ მინერალებში მიაგნეს. ამ ჰიპოთეზებმა გეოლოგ ბრუს კერნკროსის ყურადღება 2006 წელს მიიპყრო. ის გაოგნებული დარჩა ნაშრომით, რომელიც სფეროების იდუმალებას ეძღვნებოდა, ასევე ინიციატივით, რომელიც მათი, როგორც უძველესი კოსმოსური ხომალდის ნაწილების შესწავლას გულისხმობდა.
სპეციალისტმა საზოგადოებას გეოლოგიურ ფორმაციაში, სახელად დომინიონის ჯგუფში, ნაპოვნი სფეროების გაჩენის რაციონალური ახსნა შესთავაზა. მისი თქმით, ის შენაერთებისგან შედგება და ვულკანური მატერიის ფენებს აერთიანებს, რომლებიც ზედა ნაწილშია დაგროვებული. ძლიერი წნევისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით ეს შრეები პიროფილიტად გადაიქცა, რომელიც კლერსკდორფის სფეროების ერთგვარი საფარველია.
თავად აღნიშნული ობიექტები კონკრეციებია, მინერალური აგრეგატები, რომელთაც სფეროსებრი, ელიფსური ან დისკოსნაირი ფორმა აქვს. ისინი საკმაოდ გავრცელებულია, კერძოდ, მსოფლიოში ათასობით მსგავსი წარმონაქმნია აღმოჩენილი, უფრო მეტად წვრილფრაგმენტიან ქვებში, რომლებიც წყალს დინების საშუალებას აძლევს.
კერნკროსი ამბობს, რომ "იდუმალი" სფეროების ფორმირება წყალში არსებული ნივთიერებების დალექვის შედეგია და ის პირვანდელ ქვაში მომწყვდეული კრისტალიზებული მინერალებისგან შედგება. ისინი მინერალის მცირე ზომის ფრაგმენტის გარშემო ყალიბდება ერთგვარ ხსნარში, რომელშიც რკინა, კალციუმი და სხვა ელემენტებია.
გეოლოგის თქმით, ქვის ერთსახოვანი სტრუქტურა ხელს უწყობს, რომ კონკრეცია ყველა მხარეს ერთნაირად გაიზარდოს და სფეროს ფორმა მიიღოს, მაგრამ სითხის ან მახლობლად არსებული ქანის განსხვავებული შემადგენლობის ზემოქმედებით შესაძლოა, შეიცვალოს. რაც შეეხება მათზე გაჩენილ ხაზებს, ეს პირვანდელი ქვის მოყვანილობითაა განპირობებული, რადგან ის შრიანია.
კერნკროსი სფეროების "თავისით ბრუნვასაც" პასუხობს და აცხადებს, რომ ეს გასაკვირი არაა, რადგან ისინი მომრგვალო ფორმისაა და სრულიად შესაძლებელია, მცირე მიწისძვრების ან ბიძგების გამო ამოძრავდეს.
კომენტარები