აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში პოზიციების დაკავებით "კონტაქტის ხაზს არღვევს"
სავარაუდოდ ახალი გზის მშენებლობის საპასუხოდ, აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი გადაკვეთეს.
შაბათს საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის შემოვლითი გზის სავარაუდო მშენებლობის თავიდან ასაცილებლად "გადაუდებელ ზომებს" მიმართავენ.
დერეფანი შუშასთან, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა, დეკემბრიდან ბლოკადაშია.
შეტაკებების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა 9 ნოემბერს კონტაქტის ხაზის "დარღვევით" ასევე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა. მათი თქმით, აზერბაიჯანულმა ძალებმა შუშასთან ახალი პოზიციები დაიკავეს.
რუსეთმა აზერბაიჯანს მოუწოდა, შეთანხმების მიხედვით იმოქმედოს, რომელმაც ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები, რომლებზეც აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დროს კონტროლი არ ჰქონია, რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ დატოვა.
შაბათ საღამოს სტეფანაკერტმა განაცხადა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა აზერბაიჯანის ჯარების პოზიციები დაიკავეს და მათ გასაყვანად მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო.
გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშვიდობო მისიას და საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისკენ მოუწოდა.
"ხელისუფლება მოელის, რომ სამშვიდობო კონტინგენტი ამ დარღვევის შედეგების აღმოსაფხვრელად და ახალი დარღვევების თავიდან ასაცილებლად პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს", — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე მათ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ქმედებები "ცინიკური პასუხია" იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის განბლოკვა დაავალა.
პარასკევს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზედაც მათი თქმით, ლაჩინის დერეფნის ახალი, ალტერნატიული გზის მშენებლობაა გამოსახული და განაცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით "პრევენციულ" ზომებს მიიღებდნენ.
ბაქო ადრე ადანაშაულებდა ერევანს, სტეფანაკერტს და რუს სამშვიდობოებს რეგიონში იარაღის გადასატანად და სომხური ჯარების გადასაყვანად ალტერნატიული, გრუნტის გზის გამოყენებაში. ერევანიც და სტეფანაკერტიც ბრალდებებს უარყოფენ.
სტეფანაკერტის ცნობით, ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის გამო, აღნიშნული გზა მთიანი ყარაბაღს მოწყვეტილი ოთხი სოფლის დასაკავშირებლად გამოიყენებოდა.
2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შუშაში შესასვლელის გვერდის ავლით ლაჩინის დერეფნის ახალი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოო შეთანხმებული მარშრუტი საჯარო არ არის.
მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ალტერნატიული მარშრუტი რეგიონის სომხეთიდან მომარაგებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა იარაღის გადაცემის მტკიცებულება არ დასტურდება.
მზარდი უკმაყოფილება
მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანის ჯარებმა კონტაქტის ხაზი რამდენჯერმე დაარღვიეს.
2020 წლის დეკემბერში, ცეცხლის შეწყვეტისთანავე, მთიანი ყარაბაღის ჰადრუტის რეგიონის ორი სოფელი, რომლებიც რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ იყო, აზერბაიჯანელმა ჯარებმა დაიპყრეს და ათობით ჯარისკაცი ტყვედ წაიყვანეს.
რუსი სამშვიდობოები იმ დროს დუმდნენ.
2022 წლის მარტში აზერბაიჯანის ჯარებმა სოფელ ფარუხის მიმართულებით წინ წაიწიეს, მოსახლეობის იძულებით ევაკუაცია განახორციელეს და სოფლის მიმდებარე მთებში განლაგდნენ.
მიუხედავად სამშვიდობო მისიისა და რაიონში განთავსებული ჯარებისა და ჯავშანტექნიკისა, უსაფრთხოების მიზნით მაცხოვრებლებს უკან დაბრუნების უფლება არ მიეცათ.
ამ და სხვა ინციდენტებმა მთიან ყარაბაღში ერევნისა და სტეფანაკერტის ოფიციალური პირები აიძულა, ეჭვქვეშ დაეყენებინათ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ეფექტურობა. ასევე, გახშირდა მოწოდებები საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ან გაეროში რუსეთის მისიის მანდატზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები