საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა — მიმოხილვა
"სადაც არ უნდა წავიდეთ, ყოველთვის, იმ 1000 კაცში ვპოულობთ საქართველოს დროშას. პატარა ერი ვართ, მაგრამ ყველგან ვართ ერთი დროშით, ყოველთვის", — ამბობს გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვიდეორგოლში, რომელიც საქართველოს ბანკმა, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, ორი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გასამხნევებლად შექმნა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2023 წლის პირველი მატჩი ბათუმში 25 მარტს 18:00 საათზე მონღოლეთთან გამართა და ანგარიშით 6:1 დაამარცხა. ბათუმშივე 28 მარტს 20:00 საათზე ჩატარდება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ნორვეგიასთან.
ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ ემზადება ნაკრები ნორვეგიასთან თამაშის წინ, როგორია გუნდების შემადგენლობა და გასული მატჩების სტატისტიკა.
A ჯგუფი და შესარჩევი ეტაპი
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში საქართველოსა და ნორვეგიის გარდა არიან ესპანეთი, შოტლანდია და კვიპროსი.
A ჯგუფი 5-ნაკრებიანია და შესაბამისად, ტურში ერთ ქვეყანას დასვენება უწევს. საქართველო პირველივე ტურში ისვენებს და ამიტომ ამხანაგური მატჩი მონღოლეთთან გამართა. ეს შეხვედრა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ნორვეგიამდე ოპტიმალური ვარიანტის მისაგნებად და ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად გამოადგა.
მორიგი სანაკრებო ჩანართი ზაფხულში გველოდება — 17 ივნისს საქართველო კვიპროსზე ითამაშებს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ეწვევა. მომდევნო ტურები კი სექტემბერსა და ნოემბერში გაიმართება და შესარჩევი ეტაპიც დასრულდება.
შემადგენლობა
ხვიჩა კვარაცხელია და ერლინგ ჰოლანდი იმ ფეხბურთელების სულ მცირე ხუთეულში არიან, რომლებზეც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტს საუბრობენ და ეს სამართლიანად, მათი შედეგების გამო ხდება. ჰოლანდმა ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, ვინც მსგავსი შედეგი დააფიქსირა. თუმცა, საგულისხმოა, რომ იგი საქართველოსთან თამაშს გამოტოვებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მანჩესტერ სიტისა და ბარნლის შეხვედრაში მონსტრ-ფორვარდი დაშავდა, საზარდულის ტრავმა მიიღო და შესაბამისად, ნორვეგიას ვერც ესპანეთთან საგარეო შეხვედრაში დაეხმარება და ვერც საქართველოსთან დუელში. მართალია, ნორვეგილეთა გოლეადორი სანაკრებო მატჩებში ისეთი მრისხანე ვერ არის ხოლმე, როგორიც საკლუბო თამაშების დროს, მაგრამ ეს დანაკარგი ნორვეგიელთათვის ან მათი მეტოქეებისთვის უმნიშვნელო ნამდვილად არაა.
სამაგიეროდ, ნორვეგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სტალე სოლბაკენს, თავდასხმაში დაყრდნობა შეუძლია თავის მოგვარეზე ოლა სოლბაკენზე და საოცარ ფორმაში მყოფ ალექსანდრ სორლოტზე, რომელიც ნაკრებში ყოველთვის პროდუქტიულია. მართალია, სორლოტი ყველაზე მსუბუქი ფორვარდი არ არის, მაგრამ მომენტების შექმნა შეუძლია, რაც მიმდინარე სეზონში რეალ სოსიედადის რიგებში არაერთგზის დაამტკიცა, მეტიც, საჰაერო ბურთებზე მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ბუნებრივია, ნორვეგიის ნაკრებზე საუბრისას არც იორგენ სტრანდ ლარსენი უნდა დაგვავიწყდეს.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მარტინ ოდეგორი. იგი ლონდონის არსენალის ლიდერად ჩამოყალიბდა და როგორც მეთოფეების, ისე ნაკრების კაპიტანია. აღსანიშნავია, რომ ოდეგორს მიკროტრავმა ჰქონდა, მაგრამ გუნდში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სათამაშოდ მზადაა. მისი ტექნიკა, გამჭრიახობა, მოედნის ხედვა და ხაზებს შორის გაკეთებული "მომაკვდინებელი" პასები ალბათ ჩვენი გუნდისთვის მთავარი საყურადღებო საკითხი იქნება.
საქართველოს ნაკრების ბანაკში კი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ საუცხოო ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის განკარგულებაშია. გულშემატკივრები კი დარწმუნებული არიან რომ "კვარადონა" ან, სხვაგვარად, "კვარავაჯო" გამარჯვებისთვის არაფერს დაიშურებს.
ფრანგი მწვრთნელის განკარგულებაშია გიორგი ჩაკვეტაძეც. ამ დუეტის ხილვა გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ დავით ხოჭოლავა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაკრებს ბოლო მომენტში გამოაკლდა, სანიოლმა ლუკა ლოჩოშვილი მაინც არ გამოიძახა, რაც მისი უთამაშებლობით ახსნა და ნაკრებში ბათუმის დინამოს უკანახაზელს მამუკა კობახიძეს უხმო.
საინტერესო ფაქტია, რომ ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდა დებიუტანტი — 17 წლის გაბრიელ სიგუა ჰყავს, რომელიც თბილისის დინამოს ნახევარმცველია და მისი შესამჩნევი პროგრესი ვილი სანიოლს არ გამორჩენია. მეტიც, ახალგაზრდა ტალანტი გერმანელ ლეონ გორეტცკას შეადარა.
დაცვის ხაზი კვლავაც კაპიტნის, გურამ კაშიას გარშემო აეწყობა. რაც შეეხება მეკარეს, ქომაგებმა კარგად იციან, თუ როგორ ფორმაშია გიორგი მამარდაშვილი, თუმცა მწვრთნელს აქაც საფიქრალი აქვს, როგორ გაანაწილოს დრო მამარდაშვილსა და გიორგი ლორიას შორის, რომელსაც ნაკრებში 76 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ ფორმაციაში, ამ მაჩვენებლით, მას მხოლოდ აწ უკვე რეკორდსმენი, კაპიტანი გურამ კაშია (101 თამაში) ჯობნის.
სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს 9 მატჩი ჩაატარა, აქედან მხოლოდ ერთი წააგო, ისიც — ამხანაგური მაროკოს ნაკრებთან (0:3), რომელიც შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ამ მატჩებიდან ექვსი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ორი — უგოლოდ, ფრედ ,ალბანეთთან და ბულგარეთთან. ცხრიდან ექვს მატჩში საქართველოს ნაკრებს გოლი არ გაუშვია.
ნორვეგიელებმა 2022 წელს 10 მატჩი გამართეს (6 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება). მათ შორის მთავარი ერთა ლიგის ორი უკანასკნელი შეხვედრა იყო — ნორვეგიამ გასვლაზე სლოვენიასთან და შინ სერბეთთან წააგო. ამის გამო სკანდინავიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი სერბებს გადაულოცეს და ფინალურ სტადიაზე ვერ მოხვდნენ.
რაც შეეხება ნორვეგიასთან ურთიერთშეხვედრებს. "ვიკინგების" წინააღმდეგ "ჯვაროსნებს" სამჯერ უთამაშია და სამივე მატჩი ნორვეგიის სასარგებლოდ დასრულდა. პირველი მატჩი ამხანაგური იყო და 1996 წელს ოსლოში ნორვეგიამ ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის გვიანი პენალტით (87-ე წუთი) მოიგო. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი საქართველოს ნაკრები ნორვეგიაში კვლავაც 0:1 დამარცხდა. ამ შემთხვევაში სწრაფი გოლი მე-4 წუთზე სტეფენ ივერსენმა გაიტანა. იქამდე, თბილისში, დიდი სხვაობით დამარცხდა საქართველოს ნაკრები — ივერსენმა იმ შეხევედრაშიც გამოიჩინა თავი, ორი გოლი ტორე ანდრე ფლოსგან გავუშვით, ერთიც — ოლე გუნარ სულშერისგან. ასეთი ვარსკვლავებით გამორჩეული ნორვეგია 37-ე წუთზე უკვე 0:4-ს იგებდა. საქართველომ ერთადერთი გოლის გატანა შეძლო — 57-ე წუთზე თავი ზაზა ჯანაშიამ გამოიჩინა და შეხვედრა 1:4 დასრულდა.
შედეგად, ნორვეგიასთან ასეთი ბალანსი გვაქვს: 3 მატჩი, 3 წაგება და ბურთების სხვაობა — 1:6.
ევროპის ჩემპიონატის საგზური
შესარჩევი ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ფინალური ტურნირის საგზურს ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანიაა და ჩემპიონატი 14 ივნისს აიღებს სტარტს, ხოლო 14 ივლისს დასრულდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ისევ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იქაური პლეი ოფიდანაც შეიძლება. ეს მატჩები 2024 წლის მარტში გაიმართება და სანუკვარი საგზური მხოლოდ ერთ ნაკრებს შეხვდება. საქართველოს გარდა, გამარჯვებისთვის ყაზახეთი, თურქეთი და საბერძნეთი იბრძოლებენ. თუმცა, ერთა ლიგაზე გუნდების დაწყვილება და გადანაწილება შესარჩევი ციკლის შედეგებზეც არის დამოკიდებული და ამიტომ, ჯერ ეს ეტაპი უნდა დასრულდეს.
"რაც გვანახა ქართველმა გულშემატკივარმა ერთა ლიგის თამაშებზე, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა", — ამბობს საბა ლობჟანიძე საქართველოს ბანკის ვიდეოში.
მოლოდინი დასრულებულია, საქართველოში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა! გადადე ყველა გეგმა და უგულშემატკივრე "ჯვაროსნების" ევროპულ თავგადასავალს ბათუმში!
საქართველოს ნაკრების განაცხადი
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), მამუკა კობახიძე (ბათუმის დინამო, საქართველო), სოლომონ კვერკველია (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (თბილისის დინამო, საქართველო), საბა საზონოვი (მოსკოვის დინამო, რუსეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხი, პოლონეთი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (თბილისის დინამო, საქართველო), ლუკა გაგნიძე (მოსკოვის დინამო, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (თბილისის დინამო, საქართველო) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (კარაგუმრუკი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი (საბაჰ, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია).
კომენტარები