"ციფრული კულინარია" — მეცნიერებმა 3D პრინტერით ჩიზქეიქი დაბეჭდეს
სამგანზომილებიანი პრინტერი უკვე მრავალი დანიშნულებით გამოიყენება, იქნება ეს სამედიცინო, სამშენებლო თუ სხვა. მას კულინარიაშიც კი ცდიან, რისი მაგალითიც უკანასკნელი შემთხვევაა. კერძოდ, კალიფორნიისა და პეისის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ამგვარი მოწყობილობით, არც მეტი, არც ნაკლები, ჩიზქეიქი დაბეჭდეს.
მათ ნამცხვრები 7 მთავარი ინგრედიენტის მეშვეობით მიიღეს, რომელთა შორისაცაა გრემის ფქვილისგან დამზადებული კრეკერები, არაქისისა და შოკოლადის კარაქები, ბანანის პიურე, მარწყვის ჯემი, ალუბლის დასანამი და ჭიქურა. მათი ფენებით ჩიზქეიქის დაბეჭდვის შემდეგ საბოლო ეტაპი ლაზერების დახმარებით მისი გამოცხობაა.
ტესტირებებმა აჩვენა, რომ გრემის კრეკერი თითოეული ფენის ბაზის დასაბეჭდად საუკეთესოა. არაქისისა და შოკოლადის კარაქებმა კი უფრო თხევადი ინგრედიენტები, ბანანის პიურე და მარწყვის ჯემი, მათი მეშვეობით ფორმირებულ ღრუ ადგილებში მოაქცია. ნამცხვრის გამოსაცხობად გამოყენებულ უზუსტეს ლაზერებს სპეციალისტები კრემ-ბრულეს მომზადებას ადარებენ ცეცხლის ალით, თუმცა მასთან შედარებით, ლაზერები მილიმეტრის მასშტაბით კონტროლდება.
ავტორები აცხადებენ, რომ სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ასეთი ჩიზქეიქი ულტრაგადამუშავებულ საკვებად მიიჩნევა, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამის მიუხედავად, მათი აზრით, აღნიშნული პრობლემა მოგვარებადია. შესაძლებელია მსგავსი საჭმლის ენერგეტიკული ღირებულებისა და საკვები ნივთიერებების ზომიერების დაცვაც.
საუბარია საკვები ნივთიერებების პერსონალიზებული შემადგენლობის უზრუნველყოფაზე. ასევე, მეცნიერთა თქმით, შესაძლოა, ეს ტექნოლოგია ყლაპვის გართულების მქონე ადამიანებისთვის საჭმლის ნამდვილი, პირვანდელი ფორმის მქონე პიურეების დამზადებაშიც დაგვეხმაროს.
მკვლევართა აზრით, ამგვარი კულინარია საკვებთან დაკავშირებულ დაავადებებსაც შეამცირებს, რადგან ის ადამიანის ნაკლებ ჩართულობას გულისხმობს. ისინი ტექნოლოგიის ეკოლოგიურ უპირატესობებზეც საუბრობენ, მაგალითად, მცენარეული ხორცის ბეჭდვაზე, ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივებაზე.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში npj Science of Food გამოქვეყნდა.
კომენტარები