თაგვები, რომელთაც ორი მამა ჰყავთ — მამრი მღრღნელების ბიოლოგიური მასალისგან კვერცხუჯრედები შექმნეს
იაპონიაში მდებარე კიუსიუს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, პროფესორ კაცუჰიკო ჰაიაშის ხელმძღვანელობით, მამრი თაგვების ბიოლოგიური მასალისგან კვერცხუჯრედები შექმნეს. შედეგად მიღებული ემბრიონების ნაწილი წარმატებით განვითარდა და ზრდასრულობაში გამრავლდა კიდეც. ამის შესახებ წამყვანმა სპეციალისტმა ახლახან გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
კვლევის მთავარი მიზანი მამრთა XY სასქესო ქრომოსომების მდედრთა XX-ად გადაქცევაში მდგომარეობს. ეს მომავალში შესაძლოა, უნაყოფობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის მეთოდის შემუშავებაში დაგვეხმაროს, ხოლო ერთსქესიან წყვილებს ბიოლოგიური შვილების ყოლის საშუალება მისცეს.
ამის მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი ექსპერიმენტის ადამიანებზე ჩატარება ჯერ ადრეა და ბევრად რთულიცაა, ვიდრე თაგვების შემთხვევაში, რადგან ჩვენი ორგანიზმი სხვაგვარად ფუნქციონირებს. არსებობს გარკვეული სირთულეები ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი კვერცხუჯრედების კლინიკური მიზნით გამოყენების მხრივაც.
მეცნიერთა მიერ გამოყენებული მეთოდი ზრდასრული მამრი თაგვის კანის უჯრედების ღეროვან უჯრედებად გადაქცევას გულისხმობს, რომლებიც, თავის მხრივ, მარტივად მოდიფიცირებადია. მნიშვნელოვანია XY-დან Y ქრომოსომის მოშორება და ორი X-ის გაერთიანება. ეს ღეროვან უჯრედს შესაძლებლობას აძლევს, კვერცხუჯრედი წარმოქმნას.
ამგვარი კვერცხუჯრედები ავტორებმა მეორე მამრის სპერმით გაანაყოფიერეს, ემბრიონები კი მდედრი მღრღნელის საშვილოსნოში გადანერგეს. აღსანიშნავია, რომ 630 ჩანასახიდან მხოლოდ 9 განვითარდა და დაიბადა. ისინი ნორმალური ტემპით გაიზარდნენ და ზრდასრულობაში ფერტილურები იყვნენ.
პროფესორი ჰაიაში ამბობს, რომ ამჟამად არსებული დაბრკოლებები, სავარაუდოდ, 10 წელში გადაილახება და იმედოვნებს, რომ მის გამოყენებას ადამიანები, მათ შორის ერთსქესიანი წყვილები, შეძლებენ.
ახალი კვლევის შესახებ ინფორმაცია გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები