რამდენიმე დღის წინ, როცა ყველა სფეროს წარმომადგენლის ჩაწერას და მათი აზრის მოსმენას ვცდილობდი, არ მეგონა, რომ თითქმის ყველა, ვისაც ვერ დავუკავშირდი, ვინც ინტერვიუზე უარი მითხრა ან ვისი აზრის მოსმენაც მინდოდა, ამ სტატიაში მოხვდებოდა.

დავიწყოთ რუსული კანონის მომხრეებით. რთული მისახვედრი არ არის, რომ მათ რიცხვში ქართული ოცნების მხარდამჭერები და მათთან აფილირებული პირები არიან.

  • ხალხის ძალა — ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატები, რომლებიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან;
  • შალვა რამიშვილი და POSTV — ცნობილი პროპაგანდისტი და ხალხის ძალის ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც სამართლიან პროტესტს "უვიცი ბოვშებისას" უწოდებს;
  • ხათუნა ხოფერია — ქართული ოცნების ერთ-ერთი მეხოტბე, რომელიც კანონპროექტის ავტორის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ პატივისცემის გამოხატვით გვახსენებს თავს და ჰგონია, რომ მისი კრიტიკა ბულინგია;
  • ლალი მოროშკინა — მას წარდგენა არ სჭირდება. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ "ბნელ ძალებთან, მაქციებთან, ალქაჯებთან, ჭინკებთან, შეპყრობილებთან და ე.წ.ენჯეოებთან ბრძოლა" იცის ხის ჯვრით და ნივრის აცმით კისერზე.
  • კოკა მორგოშია — ღიად პრორუსი, მოძალადე, ჰომოფობი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს კანონი სწორი და მისაღებია, მაგრამ უფრო გამკაცრება სურს და ჰგონია, საჭიროა "აგენტურისთვის" ხელის შეშლა, დახურვა და აკრძალვა.

ეს სია რომ სრულყოფილი იყოს, უნდა ჩამოვწეროთ ქართული ოცნების ყველა დეპუტატი, რადგან არცერთი მათგანი კანონის წინააღმდეგ არ გამოსულა, ლიდერები კი საჯაროდ ამბობენ, რომ ამ პროექტების მხარდაჭერას აპირებენ. რა თქმა უნდა, სიაში არიან მათი მხარდამჭერი ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მათივე მართულ ტელევიზიებს.

"თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო", — ასე სცადა ჩვენი დამშვიდება მამუკა მდინარაძემ.

მანამდე იმასაც გვიმტკიცებდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კრიტიკაში, შესაძლოა, ტყუილი ყოფილიყო. თუმცა ჩანს, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა არ მუშაობს — რუსული კანონს და მათ ინიციატორებს იმედის ჟურნალისტი და მათი ყოფილი თანაგუნდელებიც კი აკრიტიკებენ.

ამას მოწმობს არამხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი, მედიების პროტესტი, არამედ ყველა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა. ამ სტატიაში ნახავთ მომღერლებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, მწერლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, ბისნესებს, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასოციაციებს და მოქალაქეებს, რომლებიც ერთად ვამბობთ — არა რუსულ კანონს!

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი, კანონად ქცევის შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურია!

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge

მომღერლები და მუსიკოსები

ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ გასტროლზეა და აქციაზე ვერ იქნება, მაგრამ მთელი არსით, შეგნებით, სამშობლოს ენით აუწერელი სიყვარულით და ერთგული მსახურებით, მომავალ თაობებზე ფიქრითა და წარსულის გააზრებით გმობს იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, გმობს და წინააღმდეგობას უცხადებს აგენტების კანონს.

ჯგუფი 4D Monster Lobsters წერს, რომ ახალ მუსიკაზე მუშაობენ, მაგრამ ახლა რუსულ კანონზე პროტესტის გამოხატავზე მნიშვნელოვანი არაფერია.

იმედია, მალე გავათვითცნობიერებთ იმას, რომ მარტო მედიას და არასამთავრობოებს არ შეეხება ამ კანონისგან მიღებული ზიანი და დროთა განმავლობაში ყველას აგვიტალახებს კარს. ხოდა, ეს ძალით ყელზე ჩამოკიდებული სასოწარკვეთა მონაგონი გაგვიხდება. სანამ დროა, მეტი ვიფიქროთ ამ საკითხზე და ჩავუღრმავდეთ.

TAMADA

ჯგუფი დაგდაგანი მხარს უჭერს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ დებულებას და არ ვეგუებით არცერთ ინიციატივას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

"ნაბიჭ*არი ხელისუფლება, ნაბიჭ*არი მეზობლები. Fu*k the oppressors მუდამ & ყოველთვის", — აღნიშნავს ჯგუფი.

Bedford Falls აცხადებს, რომ თუ გვართმევენ დასავლეთს, ესე იგი მომავალს გვართმევენ და მასთან ერთად ყველა იმ იმედს რაც კი შეიძლება რომ გვქონოდა, რადგანაც რუსული გავლენის ქვეყანაში იმედი არ არსებობს.

So Fuck Putin, Fuck Putin’s buddies, Fuck ქართული ოცნების რუსული ინიციატივები და Fuck you for not doing anything about it. ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ, ხალხო, თორემ ან დასავლური კურსის საქართველო გვექნება ანდა საქართველო საერთოდ აღარ იქნება.

Bedford Falls

MokuMoku დღევანდელ პოსტში ხაზს უსვამს, რომ უნდა დაეპოსტათ ბოლო ლაივის ვიდეო, მაგრამ ქვეყანაში გაბატონებული დამანგრეველი ძალების ინიციატივების გამო, მიიჩნევენ, რომ ამის დრო არ არის და უარს უცხადებენ ანტიკონსტიტუციურ კანონს.

LOUDspeakers წერს, რომ ეს კანონი რუსული და არაკონსტიტუციურია, რადგან ის ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას და საქართველოს ევროპულ მომავალს.

ქვეყნის ერთ-ერთი ყვეალზე დიდი ფესტივალი TBILISI OPEN AIR აცხადებს კი, რომ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ და ვერც განახორციელებენ.

ცნობილი რეპერი, ლექს-სენი გვეუბნება, რომ კანონპროექტის ავტორების მთელი მიზანი და გეგმა არის საცოდავი ქვეყანა რუსეთის შემადგენლობაში შეათრიონ.

ფოტო: ხატია თორდუა / On.ge

კულტურის სფერო

ნინო კასრაძე ფიქრობს, რომ ეს სუფთა რუსული სტილის კანონია და რუსეთში ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო.

კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე ამბობს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენი ქვეყნის და ერის ღალატია.

ამ კანონპროექტის მიღებით, საქართველო მოექცევა როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ იზოლაციაში, რაც მნიშვნელოვნად დაანგრევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას, რომლის ნაწილიც არის ქართული კულტურის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი კულტურული იზოლაციის კედელი.

საქართველოს პენცენტრი

კულტურის სფეროდან გათავისუფლებული თანამშრომლები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ ეს კანონი გულისხმობს რკინის ფარდით საქართველოს იზოლირებას ცივილიზებური სამყაროსგან.

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.

სპორტსმენები და კლუბები

ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს.

შოთა არველაძე

შოთა არველაძე ერთ-ერთი პირველი იყო ცნობილ სპორტსმენებს შორის, ვინც ღიად დაგმო რუსული კანონი და აღნიშნა, რომ ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს.

დინამო თბილისი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.

"დღეს ჩვენი დუმილი მიგვიყვანს იქამდე რომ ჩვენი შვილებიც გაივლიან 9 აპრილს და ამაში დამნაშავე მხოლოდ ჩვენ ვიქნებით და არა ხელისუფლება!", — წერს ოლიმპიური სპორტსმენი დავით ხარაზიშვილი.

თბილისის ლოკომოტივი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ და გმობს ყველა იმ კანონს და ქმედებას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ პროცესში.

საფეხბურთო კლუბი გაგრა ამბობს, რომ შეუძლებელია, გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს, რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.

აქვე ქართული რაგბის ქომაგები აღნიშნავენ, რომ დეპუტატი დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება.

ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა.

რაგბის ქომაგები დავით კაჭარავაზე

საქართველოს პარა სპორტსმენთა კლუბი, მისი თითოეული წევრის (პარა ძალოსნების, პარა მკლავჭიდელების და მათი მწვრთნელების) სახელით აცხადებს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საფრთხეშია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მიზანმიმართულად ხდება, ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილება.

მწერლები და პოეტები

ბესიკ ხარანაულიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს კანონი დაგმო. ნეტგაზეთთან ინტერვიუში მან მავნებლური უწოდა ამ ინიციატივას, დღეს კი ლექსი გამოაქვეყნა:

მძიმე ტვირთს რომ ზურგზე გკიდებ,
მართალს გეტყვი, ცოტად მრცხვენის,
მაგრამ რა ვქნა, ეს ბებერი, და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!

ბესიკ ხარანაული

მწერალი და საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი დათო გორგილაძე განმარტავს, რომ ამ კანონის მიღება-არმიღება მართლა არის წყალგამყოფი და ინიციირება უკვე არის ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი მეგობრების წინაშე, რომლებიც ჩვენგან ელოდებიან იმ სიგნალებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო უნდა იდგეს იმ დემოკრატიულ გზაზე, რომელიც ჩვენ კარს გაგვიხსნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად.

ლექსი დაწერა პოეტმა, რატი ამაღლობელმაც და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ყველა პარლამენტთან
არათუ შიგნიდან ფარულად, შეფარვით
ყვირილით ყოველგან სინდისის ხმა ისმის:
— არ მიცე უფლება 25 თებერვალს
შენი 26-ის მოაშთოს მაისი.

ხვალ აღარ გექნება, დღეს ამ საღამოთი
სახლში თუ დარჩები. ადექი, გამოდი

რატი ამაღლობელი

მწერალი ალეკო შუღლაძე ამბობს, რომ ქვეყნის, სამშობლოს კურსი საერთოდ აცდენილია მის სურვილებს. ხაზს უსვამს, რომ უყვარს ევროპაც და აღმოსავლეთით, ესენი კი რუსეთში მიათრევენ.

"ასეთ წვალებას მხოლოდ კომუნისტური წყობილების დროს განვიცდიდი — ისინი აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ (და ასევე წინა ხელისუფლებას დაეწყო ეს კოშმარული სინდრომი და რის ვაი-ვაგლახით გადაილახა, მაგრამ თურმე სად ხარ)", — წერს ის.

მხატვრები

ტატო ახალკაციშვილი ამბობს, რომ უკლებლივ ყველას, ვისაც ევროპისა და ამერიკის დემონიზების სჯერა, ან მხარს უჭერს რუსულ ბნელ პოლიტიკას, ან გულგრილია ევროპისაკენ სწრაფვის შეფერხების მიმართ — უნდა დაუთვალო და ჩამოართვა აუდები, ვრანგლერის ჯიპები, პორშე, რეინჯროვერები, მერსედესები, დიორი, არმანი, ელექტრო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, საკრავი ინსტრუმენტები, წიგნები, დასავლური დიპლომები.

"საქართველოს სახელმწიფოებრიობა ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ და ყველა პოლიტიკურ პარტიაზე მაღლა დავდგეთ: არა რუსულ კანონს!" — წერს მხატვარი, ევან სონღულაშვილი.

ფოტო: ნინო აფაქიძე / On.ge

გადაცემები და ტელეწამყვანები

განსაკუთრებით გაოცებას იწვევს, როცა პროტესტს ხელისუფლებასთან აფილირებული ტელეკომპანიების წარმომადგენლები უერთდებიან. მაგალითად, დღეს Sport შოუმ, რომლის წამყვანიც ოთარ ტატიშვილია, დაწერა რომ საქართველოს მომავალი ევროპაა.

ასევე, რუსთავი 2-ის აღმასრულებელი პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია აღნიშნავს, რომ გაზულუქებული ესტაბლიშმენტი დანარჩენ 99%-ზე მეტ საქართველოს გვიკრძალავს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, თავისუფალ ურთიერთობას და ამით ისეთივე ყუმ იზოლაციაში უნდათ მოაქციონ საქართველო, როგორშიც თვითონ არიან "მთელი თავისი გაუნათლებელი ცხოვრება".

ასევე, წიგნების თარომ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის, განაცხადა, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას ჩვენთვის მნიშვნელოვან დასავლურ ორგანიზაციებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. არა კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

სამზარეულოს ომების ჟიურის წევრი წერს, რომ შეუძლებელია, იყო საქართველოს მოქალაქე და არ იყო ევროპის ნაწილი. ხაზს უსვამს, რომ ვერც შეპარვით, ვერც პირდაპირ, ამ გზიდან გადახვევას ვერ მივიღებთ, ვერ შევეგუებით.

მასტერშეფის ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ თუ შიდა არეულობის და დაპირისპირების გამოწვევა არ გინდა ქვეყანაში, არცერთი მიზეზი არ ჩანს, რატომ შეიძლება ეს კანონი შეიმუშაო და გამოიყენო.

მაშასადამე, გაუმარჯოს ევროპას და საქართველოს ევროპაში. მაშასადამე, არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ხელის შემშლელი იქნება. მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. I'm Georgian and therefore, I'm European.

დავით გოგიჩაიშვილი

სერიალები

სერიალი ტესტის გუნდი სრულად იზიარებს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას რუსული კანონის შესახებ.

ხელოვნური სუნთქვის შემოქმედებითი ჯგუფი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე და გმობს ყველანაირ მცდელობას, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში.

სერიალ კეთილების გუნდი უერთდება საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსაზრებას და აფიქსირებს ჩვენი ევროპული მომავლის გარდაუვალობას.

"ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის "გამართვა" წარმოუდგენელია ევროპის გარეშე. ჩვენც "გევიმართებით", — წერენ ისინი.

NESVI production ემიჯნება ყველა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

უნივერსიტეტები, პროფესორები და მასწავლებლები

ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი ვართ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

საუნივერსიტეტო საზოგადოება

მართალია, ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი დუმს, თუმცა ცალკეული ლექტორები კრიტიკულ ტონს ინარჩუნებენ. დღეს სტუდენტებმა ჯაბა სამუშიას მოუწოდეს, რომ რუსულ კანონზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

ამ თემაზე ეუკვე ისაუბრა ილიაუნის ლექტორმა და განმარტა, რატომ არის კანონი საზიანო. მისი თქმით, ის, ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მეორე მხრივ, შეეხება უცხოელ დონორებს, რაც მათ მიერ სხვადასხვა დაფინანსების შეზღუდვაზეც აისახება.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას.

აცხადებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები და კოლეგებს მოუწოდებენ, გამოხატონ პროტესტი "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტებზე

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე წერს, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ერთმა ბოროტმა და გაუმაძღარმა კაცუნამ მიიტაცა და ბოლოს, ყველა თავისი ჩადენილი ბოროტება რომ შერჩეს და წინააღმდეგობის გამწევი არავინ დარჩეს, გადაწყვიტა ყველა არამისიანი მტრებად და აგენტებად გამოეცხადებინა.

"ხოლო საქართველო დედამიწაზე ყველაზე ბოროტი ქვეყნის — რუსეთის მაზრად აქციოს და მსოფლიო რუკიდან სამუდამოდ გააქროს. ახლა არჩევანი თავად საქართველოზეა: დათანხმდება საკუთარი ისტორიის დამთავრებას და გაქრობას, თუ თავად ამ ბოროტ კაცუნას და მის ალქაჯებს გაუშვებს ისტორიის სანაგვეზე და ამ სამარცხვინო კოშმარს დაასრულებს?" — წერს ის.

იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებმა, ცალსახად აჩვენა, რომ უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია სამოქალაქო სექტორთან ბრძოლის გზაზე და ის აუცილებლად დამძიმდება და მივა ამ სექტორის კრიმინალიზაციამდე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

სტუდენტები

პირველი ამ არენაზე დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის სტუდენტები გამოჩნდნენ, რომლებმაც მას საჯარო წერილით მიმართეს და კითხვები დაუსვეს, მოგვიანებით კი პროტესტის ნიშნად მისი სალექციო კურსის არჩევაზე უარი თქვეს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განცხადება წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ არ უნდათ ჰქონდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეს იძულებულს გახდის, დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად.

საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება.

გაეროში ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები

ფულბრაითის მონაწილეები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, რომ არ მიიღოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ და უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონები. აღნიშნული დააზიანებს ჩვენი საზოგადოების თითოეულ ჯგუფს და ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს.

"2014 წლიდან ფულბრაითის სამაგისტრო პროგრამამ, საქართველოში ათობით ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა სწავლა და გაეღრმავებინა ცოდნა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. აღნიშნული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა", — წერენ ისინი.

ფოტო: ხატია თორდუა / On.ge

ექიმები და მეცნიერები

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით,, რომ ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია.

მეცნიერმა გია დვალმა განაცხადა, რომ ამ კანონის მთავარი დანიშნულება არის პირდაპირი დარტყმა ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაზე, ფუნდამენტში ურტყამენ ამ გზას და, ასევე, მისი დანიშნულებაა სამოქალაქო საზოგადოების ნეიტრალიზაცია და კონტროლი, რაც, ასევე, ურტყამს შინგან დემოკრატიას.

ასეთი ტიპის მანდატი არავის მიუცია არცერთი მთავრობისთვის, რომ ასეთი კანონებითა და ნაბიჯებით მოკლან ჩვენი ევროპული მომავალი და ევროპული გზა.

გია დვალი

კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, რომ თუ დღეს პაციენტების ნდობას იმსახურებს და შეუძლია, მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შეთავაზოს, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე პროფესიული განათლება ევროპაში, ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაციამ დაუფინანსა.

"უამრავი ჩემი კოლეგის პროფესიული განათლება და განვითარება დაფინანსებულია სწორედ დასავლური ორგანიზაციებისა და დონორების მიერ. ეს ხალხი შემდეგ ბრუნდება აქ და იქ მიღებულ ცოდნას ჩვენს პაციენტებს ახმარს. არა მხოლოდ ჩემი დარგის, არამედ
პრაქტიკულად ყველა სფეროს განვითარება დასავლურ ტექნოლოგიებს, ცოდნას და მათგან მიღებულ დახმარებას ეფუძნება და ჩვენი ხელისუფლება ისევ მათ აცხადებს მტრად და რუსეთში მიგვათრევს, რომლისგანაც ზიანის მეტი არაფერი გვახსოვს", — წერს ის.

კლუბები და ბარები

Dedaena Bar და მზესუმზირა უერთდება პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ ევროპა ჩვენი თვითმიზანია.

Leftbanktbilisi-ში მოუწოდებენ ქართველ კანონმდებლებს, რომ პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის არჩევანს და დაიცვან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.

"გვსურს, ორიენტირებულები ვიყოთ, დამოუკიდებელი, გამართული ევროპული სტანდარტებისა და სახელმწიფოს სწორი შენებისკენ", — წერს KIBE.

საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს იდეებს და სწრაფვას ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში.

ხიდი

ACT4culture-ის განცხადებაში კი წერია, რომ საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს არ მიიღონ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

ბარი მეობა ამბობს, რომ დღეს სავარაუდოდ 10 საათზე გაიხსნებიან, მანამდე კი ყველა პარლამენტთან მიდიან.

"იმისთვის, რომ "რუსკი სტანდარტის" და "ზელიონაია მარკას" დალევა არ მოგვიწიოს მომავალში და კიდევ ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის!" — აღნიშნავს ბარი.

ფოტო: ხატია თორდუა / On.ge

ორგანიზაციები და ასოციაციები

ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებმა დეპუტატ ნინო წილოსანს მიმართეს და განაცხადეს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად მიაჩნიათ მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა.

"მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგოები და ბავშვები", — წერდნენ ისინი.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია აცხადებს, რომ პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. ღია სივრცე | ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი ეწინააღმდეგება საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას.

ფერმერთა ასოცია აღნიშნავს, რომ ათეული წლებია რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში.

კომპანიები

ოზურგეთში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერი ეარნეტი ამბობს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროპა და მოუწოდებენ ყველა მეგობარს, ყველგან, თქვან, რომ ხმას ფასი აქვს აქ.

საქართველოს მარნები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს — მევენახეებს, ღვინის მწარმოებლებს, არასამეწარმეო ორგანიზაციებს, მათ შორის, ასოციაციებს, მეღვინეთა ასოციაციებსა და გილდიებს, რომლებიც ადვოკატირებენ დარგში მოქმედი სუბიექტების, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესებს, და/ან უზრუნველყოფენ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

"რუსული კანონი მათი არჩევანია, ვისაც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურად დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი მოქალაქეების არსებობა აშინებს", — წერს მარანი ოდა და განმარტავს, რომ საერთაშორისო პროექტების გარეშე თავისი მწირი რესურსებით ვერ შეძლებდა ღვინის წარმოების გაფართოებას და ვერც ქართულ, ქვევრის ღვინოს გააცნობდა 4 კონტინენტზე მსოფლიოს 12 ქვეყანას.

მოქალაქეები

ემიგრანტების ხელმოწერილ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია და შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის შესაძლო მიღებასთან.

ამ კანონით დაზარალდება ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სამოქალაქო ჩართულობა, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა

საქართველოს უდიები ამბობენ, რომ მწარე ისტორიული გამოცდილება მუდამ ახსეენბთ თავს და ავალდებულბს, ამ გამოცდილების მწარე გაკვეთილები ყველას გაუზიარონ.

"მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს იქნება დამანგრეველი შედეგების მომტანი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს, ევროპული ოჯახის წევრობასა და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ყოფნას.

მაშინ მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ მერე, მეც აგენტი ვიქნები.

ამირან გამყრელიძე

გარდენია შევარდნაძის დირექტორი ზურა შევარდნაძე ამბობს, რომ გურიაში და თბილისის უნივერსიტეტში მიღებული სიყვარულისა და ცოდნისთვის ბონის, მიუნხენისა და პარიზის ბოტანიკურ ბაღებში მიღებული ცოდნა რომ არ მიმემატებინა, სულ სხვაგვარად იქნებოდა მისი საქმე.

"ვერც უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას. მე სხვისი ამბავი არ ვიცი, ჩემსას ვყვები. აბა, როგორ არ ვიყო მადლიერი?! აბა, როგორ არ ვიყო ამ აურზაურში იმ მხარეს რომელზეც ვარ?! არც ჩემმა შვილმა არ მინდა, ისწავლოს ომსკში, ხაბაროვსკში ან, თუნდაც, პეტერბურგში", — წერს ის.

გამაოგნა იმ ამბავმა, რომ ქართულ ოცნებაში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, ვინც ამ კანონის ინიცირების მერე თქვა, რომ "არა, მე მთლად ასეთი რუსიც არ ვარ".

ლევან ბერძენიშვილი

საერთაშორისო თანამეგობრობა

ამ საკითხზე გამოხმაურებები ცალსახან კრიტიკულია. 40 საერთაშორისო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონი. ნორვეგია საქართველოს აფრთხილებს, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს მათთან თანამშრომლობაზე.

ევროკავშირის საგარეო სამსახურში ეს პროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, იგივეს ამბოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენელი, ბრიტანეთის საელჩო და NATO.

გაეროს შეფასებით, აგენტების კანონპროექტი საფრთხეს უქმნის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. შვედეთის ელჩი კი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან, ღირებულებებთან და საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.

აშშ-ის ელჩი განმარტავს, რომ ეს კანონი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან საქართველოში მოქმედ დონორებს აქვთ ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა. რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, ის კანონი, რაც ამერიკაში მოქმედებს, ეხება ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ქვეყნების ინტერესებს ამერიკაში.

"შესაბამისად, ეს არ არის ამერიკული კანონი და ეს არის რუსული კანონის ანალოგი, რომლის მიზანი მდგომარეობს იმაში, მოახდინოს სტიგმატიზაცია ამ ორგანიზაციების, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, შეხედულება და ხელი შეუშალოს ქართველებს, რომ დაეხმარონ საზოგადოების სხვა წევრებს", — განმარტავს ის.

რამდენიმე ქვეყნის ელჩი, ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარესაც კი შეხვდნენ და ხაზი გაუსვეს, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და წინააღმდეგობაშია, როგორც მინიმუმ, ორ რეკომენდაციასთან 12-დან.

საქართველოს არ სჭირდება ამ კანონის არცერთი ვერსია. ასევე ცხადია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ამ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას მხარს დაუჭერს, პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენებისთვის.

კელი დეგნანი