საქართველოს პენცენტრი

4 Mar. 2023, 23:48

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ ე.წ. ხალხის ძალის ინიციირებული და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი — ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, თავისი შინაარსით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ანალოგიური რუსული კანონის საქართველოში დაკანონების მცდელობას.

როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაც არის ჩვენი პოზიციის იდენტური. აღნიშნული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი სამუდამოდ უსპობს ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას და მიმართულია თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში თქვენ წარმოადგენთ ქართული კულტურისა და საქართველოს მოქალაქე ხელოვანთა ინტერესებს და შესაბამისად, უნდა იცავდეთ მათ.

ამ კანონპროექტის მიღებით, საქართველო მოექცევა როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ იზოლაციაში, რაც მნიშვნელოვნად დაანგრევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას, რომლის ნაწილიც არის ქართული კულტურის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი კულტურული იზოლაციის კედელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველამ ერთად გავაკეთეთ ძალიან ბევრი რამ, რათა ეს იზოლაცია დაგვეძლია: დავამყარეთ ახალი კავშირები, შევქმენით ახალი ინსტიტუციები და საფუძველი ჩავუყარეთ პროცესს, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს რუსეთის მიერ თავს მოხვეული, საქართველოს კულტურული იზოლაციის საბოლოო დაძლევა.

ამ პროცესში საქართველო მარტო არ ყოფილა და ჩვენი ერთგული მხარდამჭერები იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობდა წაეშალა საქართველოს კულტურული კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველა შესაძლო ხერხითა და მეთოდით წინ აღსდგომოდა ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას, წარმოაჩენდა რა მას, როგორც მხოლოდ ეგზოტიკურ, მეორად, ეთნონაციონალისტურ ჩარჩოებში ჩაკეტილ კულტურას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელს უწყობდნენ საქართველოში ჯანსაღი კულტურული პროცესის ფორმირებას: კარს გვიღებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე და ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს დასახმარებლად — აფინანსებდნენ პროექტებს, რათა გადაგვერჩინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გამოგვეკვლია ჩვენი კულტურული ფესვები.

რუსული კანონის მიღებით, ჩვენ არა მხოლოდ კარს ვუკეტავთ ჩვენს მეგობრებს და დაუცველები ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარ მტერთან, არამედ გამოვხატავთ უკიდურეს უმადურობას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ, რაც ცალსახად რუსულ მოვლენას წარმოადგენს და არ არის ქართული მსოფლმხედველობის, ღირებულებებისა და კულტურის წიაღში გადმოცემული მრავალსაუკუნოვანი, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიო იდეალების შესაბამისი დამოკიდებულება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ რუსული კანონის მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა უპირობო ღალატს, არამედ ისტორიული და საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე ქართული კულტურისგან გამიჯვნას.

რამდენადაც თქვენი საპარლამენტო მანდატი გულისხმობს, რომ თქვენ უნდა იყოთ ქართული კულტურის ხმა საქართველოს პარლამენტში და იცავდეთ ქართული კულტურის ინტერესებს, გვაქვს მოლოდინი, რომ პირადად თქვენ აიმაღლებთ ხმას ამ რუსული კანონის წინააღმდეგ და გააკეთებთ ყველაფერს, რათა არ გახდეთ ამ ღალატის და სირცხვილის თანამონაწილე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პენცენტრი, გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა პირადად თქვენ არასდროს მოგეცეთ საშუალება რომელიმე საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოადგენდეთ იმ კულტურასა და ხალხს, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერით უღალატებთ. ჩვენ გავგზავნით წერილს ყველა ჩვენს მეგობართან და პარტნიორთან და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენთვის დაიხუროს ყველა საერთაშორისო კარი და მიიღოთ ის დამოკიდებულება, რომლითაც დღეს რუსეთის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და იმ იდეალების ერთგულებას, რომელიც წარმოდგენილია უნივერსალურ ქართულ კულტურაში. ამ კანონპროექტისთვის თქვენი მხრიდან თვალსაჩინო, ცალსახა და არაორაზროვანი წინააღმდეგობის გაუწევლობა, აღქმული იქნება მის მხარდაჭერად.

მოგიწოდებთ, იყოთ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ერთგული, აღასრულოთ თქვენი ვალი, რომელსაც გაკისრებთ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი და არ დაემორჩილოთ სხვათა ნებას: სწორედ ახლა უნდა მიიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, საკუთარი სინდისის ხმის კარნახით და არა კოლექტიურად.

მოგიწოდებთ არ უღალატოთ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, რადგან ამ ღალატს აუცილებლად მოჰყვება შედეგები ყველასთვის, ვინც ამ კანონს ხელს მოაწერს, მხარს დაუჭერს ან საკუთარი დუმილით ხელს შეუწყობს მის მიღებას.

(ხელმომწერების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე)

კულტურის სფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსულ კანონს და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის სახელზე ღია წერილს აქვეყნებენ. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ