მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის ჩანერგვის ნებართვა ვერ მიიღო
ილონ მასკი ხშირად აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink ადამიანებზე ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისის გამოცდას მალე დაიწყებს, მაგრამ სპეციალურმა მარეგულირებელმა ორგანომ მას ამის ნებართვა არ მისცა.
როგორც ცნობილია, Neuralink-მა ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოში ადამიანის ტვინში ჩიპის ჩანერგვის უფლების მოსაპოვებლად განაცხადი 2022 წლის პირველ ნახევარში შეიტანა. FDA-მ ეს მოთხოვნა უარყო, რის მიზეზადაც რამდენიმე საკითხი დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების რისკებს შეიცავს.
ამის მიუხედავად, სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი ფარ-ხმალს არ ყრის და ცდების ჩატარების არარეალურ ვადებს აჟღერებს, ანუ საეჭვოა, რომ მითითებული პრობლემების მოგვარება რამდენიმე თვეში შეძლოს. თანაც, ის თავდაპირველ თარიღად 2019 წელს ასახელებდა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
2020 წელს მასკმა განაცხადა, რომ ტვინში ჩასადგმელ იმპლანტს, რომელმაც პარალიზებულ ადამიანებს მოძრაობისა და სხვებთან კომუნიკაციის საშუალება უნდა მისცეს, პაციენტებზე ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში გამოცდიდა. მომდევნო წლის თებერვალში ახალ თარიღად 2021 წლის ბოლო დასახელდა, აქედან თითქმის 10 თვეში კი ვადებმა კიდევ გადაიწია.
საბოლოოდ, დეკემბერში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ადამიანებზე კვლევის ჩატარებას 6 თვეში დაიწყებდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისიც უნდა ითქვას, რომ FDA მსგავსი ექსპერიმენტების ნებართვების გაცემის მხრივ საკმაოდ ფრთხილობს და საშუალოდ პირველადი განაცხადების მხოლოდ 2/3-ს აკმაყოფილებს.
ამჟამად Neuralink-ში ცდილობენ, რომ ცხოველებზე განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული უფრო მეტი მონაცემი შეაგროვონ და ის მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინონ. სანამ კომპანია ნებართვის მოსაპოვებლად "იბრძვის", მისი კონკურენტები უკვე წინ არიან. მაგალითად, Synchron-მა აშშ-ში ადამიანის ტვინში ჩიპი პირველმა უკვე ჩანერგა.
კომენტარები