სიცოცხლის საწყისებთან — ახალი კვლევის თანახმად, ასტეროიდ რიუგუზე ორგანული მოლეკულები უხვადაა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა იაპონიის მიერ განხორციელებული მისიის Hayabusa2 განმავლობაში ასტეროიდ რიუგუდან მოპოვებული ნიმუშები გააანალიზეს. მათ დაადგინეს, რომ ეს ობიექტი მდიდარია ორგანული მოლეკულებით, რომლებიც სიცოცხლის ერთგვარი "საშენი მასალა" შეიძლება იყოს.
ესაა პრებიოტური მატერია, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ამინომჟავები, რომელთა მეშვეობითაც ცოცხალი ორგანიზმები ქიმიური რეაქციების დასარეგულირებლად საჭირო ცილებსა და თმისა თუ კუნთების მსგავს სტრუქტურებს წარმოქმნიან. ამგვარი მოლეკულები არაბიოლოგიური პროცესების დროსაც ფორმირდება, მაგალითად, ასტეროიდებზე, რომლებსაც შესაძლოა, დედამიწაზე მათი ჩამოტანით აქ სიცოცხლის გაჩენაში დიდი წვლილი შეეტანა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ რიუგუზე მზის მძლავრი რადიაციისა და კოსმოსური გამოსხივების გავლენის მიუხედავად, მის ზედაპირზე არსებულ გრუნტს ორგანული მოლეკულების უსაფრთხოდ შენახვის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ისინი შეიძლება მზის სისტემის ამა თუ იმ რეგიონში მოხვედრილიყო და პლანეტათაშორისი მტვრის სახით გავრცელებულიყო. მსგავს მატერიაში მოიაზრება ნახშირბადთან შეწყვილებული წყალბადის, ჟანგბადის, აზოტის, გოგირდისა და სხვა ელემენტების ატომების ნაერთები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შედეგად ჩნდება.
ასტეროიდის ნიმუშებში აღმოაჩინეს ისეთი პრებიოტური მასალის კვალიც, რომლის წარმოქმნაც თხევად წყალს საჭიროებს, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელი კიდევ ერთი კომპონენტია. ნახშირბადით მდიდარი მსგავსი ობიექტებისგან რიუგუს შაქრების, დნმ-ისა და რნმ-ის ნაერთების არარსებობაა განასხვავებს. არ გამორიცხავენ, რომ ისინი მის სიღრმეშია, რომელსაც ვერ ვიკვლევთ.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს აპარატმა Hayabusa2 რიუგზე ნიმუშები 2019 წელს შეაგროვა, დედამიწიდან 357 მილიონი კილომეტრის მოშორებით. მას შემდეგ, რაც ისინი დედამიწაზე ჩამოვიტანეთ, გრუნტის მარცვლები მეცნიერთა სხვადასხვა გუნდმა დეტალურად შეისწავლა. ახალი კვლევის შედეგებს სპეციალისტები ასტეროიდ ბენუს მონაცემებს შეადარებენ, რათა მათ შესახებ მეტი გაიგონ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები