ახალმა თერაპიამ ცხოველებში ენდომეტრიოზისაგან გამოწვეული დაზიანებები დააპატარავა
მეცნიერებმა ეს ქირურგიული ჩარევის გარეშე შეძლეს.
კვლევის თანახმად, ანტისხეულების ახალ თერაპიას, რომელიც ცხოველებზე გამოცადეს, ენდომეტრიოზისაგან გამოწვეული დაზიანებებისა და ადჰეზიების ზომაში შემცირება შეუძლია. ეს აქამდე არსებული არცერთი თერაპიით არ მოხერხებულა. ნაშრომი გამოცემაში Science Translational Medicine გამოქვეყნდა.
ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა გარსი საშვილოსნოს გარეთ იზრდება და სხეულის სხვა ორგანოებს ემაგრება. იგი რეპროდუქციული ასაკის ათიდან ერთ ქალს ემართება და გაუსაძლისი ტკივილის, ანთების, უშვილობისა და სხვა არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.
ენდომეტრიოზისათვის ეფექტიანი თერაპიების შექმნას დაავადების მქონე უამრავი პაციენტი უცდის, რადგან ოპერაცია ზოგჯერ ტკივილს მხოლოდ დროებით შველის. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ქსოვილის მოსაშორებლად განმეორებითი ოპერაცია მდგომარეობას აუარესებდეს. სიტუაციას დამატებით ართულებს ისიც, რომ ექიმები ხშირად ტკივილს ნორმად მიიჩნევენ და დიაგნოზი სიმპტომების დაწყებიდან მრავალი წლის შემდეგ ისმება.
ტკივილის სამკურნალოდ უკვე იქმნება სამკურნალო მეთოდები, რომლებიც არსებულ მედიკამენტებთან შედარებით ნაკლებ გვერდით ეფექტს გვპირდება. მეორე მხრივ, ჰორმონულ თერაპიებს ახალი ადჰეზიების ზრდის შეყოვნება ან პრევენცია შეუძლია, თუმცა არსებულ დაზიანებებს ვერ ამცირებს და, შესაძლოა, უსიამოვნო გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს.
ახალ მედიკამენტთან დაკავშირებით კვლევა წამლების იაპონური მწარმოებლის, Chugai Pharmaceutical Company-ის, მეცნიერებმა ჩაატარეს აიაკო ნიშმოტო-კაკიუჩის ხელმძღვანელობით.
ნიშმოტო-კაკიუჩიმ და მისმა კოლეგებმა ანტისხეულების თერაპია, სახელად AMY109, შექმნეს. ამისათვის ისინი ადამიანის ქსოვილებში ანთებასთან დაკავშირებული 250 გენის ექსპრესიას დააკვირდნენ. ქსოვილები ენდომეტრიოზის მქონე ათ და მის არმქონე ოთხ ადამიანს ეკუთვნოდათ.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე ნიმუშში მოლეკულა, სახელად ინტერლეიკინ-8 (IL-8) ენდომეტრიოზის ანთებასა და ფიბროზულ დაზიანებებთან მჭიდრო კავშირში იყო. IL-8 ანთებაზე სხეულის საპასუხო რეაქციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შედეგად მათ ზემოხსენებული AMY109 შექმნეს — ხანგრძლივად მოქმედი ანტისხეული, რომელიც IL-8-ს უკავშირდება და ბლოკავს.
მკვლევრებმა წამლის ორი სხვადასხვა დოზა გამოცადეს და მაიმუნებს 6 თვის განმავლობაში უკეთებდნენ. ტესტის რამდენიმე სუბიექტს ენდომეტრიოზი ბუნებრივად ჰქონდა, მათ უმრავლესობას კი ენდომეტრიული ქსოვილი ქირურგიულად გადაუნერგეს დაავადების საიმიტაციოდ.
აღმოჩნდა, რომ ქირურგიული გზით გამოწვეული ენდომეტრიოზის შემთხვევაში ორივე დოზა დაზიანებების ზომასთან ერთად ფიბროზსაც ამცირებდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
"შედეგი მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ფიბროზის გამოწვევა არაერთ ფაქტორს შეუძლია", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.
ანტისხეულების თერაპიები, როგორც წესი, სხეულიდან სწრაფად განიდევნება, ამიტომ მათი ხელახალი ჩატარებაა საჭირო. მეცნიერთა განცხადებით, AMY109 სისხლის მიმოქცევაში იმდენხანს რჩება, რომ თვეში ერთი ინიექციაა მიზანშეწონილი.
IL-8-სა და ენდომეტრიოზს შორის კავშირის უკეთ გამოსაკვეთად დამატებითი კვლევები იქნება საჭირო. მნიშვნელოვანია დაავადების სამი ქვეტიპის შესწავლა და იმის დადგენაც, თუ როგორ რეაგირებს თითოეული მათგანი მკურნალობაზე.
საგულისხმოა, რომ თერაპიის ადამიანებზე შემოწმება ახლო მომავალში არ იგეგმება. ამასთანავე, AMY109 ნაშრომის ავტორებს ეკუთვნით და სხვა მკვლევრები ექსპერიმენტებში მის გამოცდას ვერ შეძლებენ, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას — იმ შემთხვევაში, თუკი ბევრი ამგვარი კვლევა ჩატარდება, მომავალში უამრავი ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შევძლებთ.
კომენტარები