ტვინის ოპერაცია ბრინჯაოს ხანის შუა აღმოსავლეთში — რას მიაგნეს მეცნიერებმა ისრაელში
ისრაელის ქალაქ მეგიდოში, იგივე არმაგედონში, მდებარე გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხში მეცნიერებმა თავის ქალაზე ჩატარებული ოპერაციის კვალს მიაგნეს, რომელიც შესაძლოა, მთლიან რეგიონში ამ ტიპის პროცედურის უძველესი მაგალითი იყოს.
იერუსალიმიდან 130 კილომეტრში, ტაძრებით, ციხე-სიმაგრეებითა და სასახლეებით მდიდარ არეალში, არქეოლოგებმა დაახლოებით 3 500 წლის წინანდელ საფლავებს ჯერ კიდევ 2016 წელს მიაკვლიეს. მათ ერთად დამარხული ორი ინდივიდის ნაშთები აღმოაჩინეს. ჩონჩხების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ძმებისაა, რომლებიც ნაადრევად დაიღუპნენ.
ისინი სასახლის იმ ნაწილში იყვნენ დამარხულნი, რომელიც მაღალი ფენისთვის იყო განკუთვნილი, შესაბამისად, ეს ადამიანებიც გავლენიანი ოჯახიდან უნდა ყოფილიყვნენ. დნმ-ის ანალიზმა მათი ნათესაური კავშირი დაადასტურა, ხოლო სხეულის ზომისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით დაასკვნეს, რომ ერთ-ერთი ძმა ადრეული ზრდასრულობისას მოკვდა, მეორე კი უფრო გვიან. ჩონჩხების განლაგებისა და სხვა ნიშნების მიხედვით, პირველი მათგანის ნაშთები უფროს ძმასთან გადაიტანეს.
ორივე ჩონჩხზე დაავადების კვალი შეიმჩნევა, მათ შორის, ინფექციის, რკინის დეფიციტისა და სხვადასხვა ანომალიის, თუმცა უფროსი ძმის თავის ქალაზე დაზიანებებია, რომლებიც ტრეპანაციის პროცედურაზე მიანიშნებს. ამ დროს ცოცხალი პაციენტის თავის ქალის ძვალს ხვრეტენ ან ჭრიან და ტვინს აჩენენ. ის, თუ რატომ მიმართავდნენ ასეთ მეთოდს ძველად, გაურკვეველია. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ტვინზე ზეწოლის მოხსნა ყოფილიყო.
ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული პაციენტის შემთხვევაში ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა. შუბლის მიმდებარედ არსებულ კვადრატულ ჭრილობაზე შეხორცების კვალი არაა, რაც მიუთითებს, რომ 20-40 წლამდე ასაკის კაცი პროცედურიდან მალევე დაიღუპა, მაგრამ მან, ვინც ამ ადამიანის გადარჩენას ცდილობდა, აშკარად ყველაფერი იღონა.
აღსანიშნავია, რომ ტრეპანაციას ჩრდილოეთ აფრიკაში მეზოლითის ეპოქაში მიმართავდნენ, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ცენტრალურ ევროპაში კი ნეოლითის დროს. მეთოდები განსხვავებული იყო, მაგალითად, გხვდება წრიული ნახვრეტები, ასევე კვადრატული და ოვალური ღრუები. შუა აღმოსავლეთში ამგვარი ოპერაციის შემთხვევები იშვიათი არაა, თუმცა ასეთი ძველი არცერთია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PLoS One გამოქვეყნდა.
კომენტარები