ნახეთ: მეცნიერებმა ანტარქტიკის მყინვარის ქვეშ კამერა ჩაუშვეს და გასაოცარი კადრები მოიპოვეს
მეცნიერებმა ანტარქტიკის რეგიონში განლაგებული ტუეიტსის მყინვარის ქვეშ კამერით აღჭურვილი რობოტი ჩაუშვეს და შთამბეჭდავი წყალქვეშა კადრები მოიპოვეს. მათმა კვლევამ ცხადყო, რომ ფსკერზე არსებული ნაპრალების მიმდებარედ ყინული იმაზე სწრაფად ლღვება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
სპეციალისტთა გამოთვლებით, 130 კილომეტრი სიგანის მქონე ეს უზარმაზარი მასა თუ მომდევნო საუკუნეშიც ამ ტემპით დადნება, ის ზღვის დონეს 65 სანტიმეტრზე მეტით გაზრდის. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "განკითხვის დღის მყინვარს". ამ უკანასკნელისა და ოკეანის შემხვედრმა ზონამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, 14 კილომეტრით დაიხია უკან, ხოლო გამლღვალი წყლის ოდენობა გაორმაგდა.
ამ პროცესს მეცნიერები ახალი კადრების მეშვეობით პირველად დააკვირდნენ.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ყინულის ქვედა ბრტყელი ნაწილი მოსალოდნელზე ნელა ლღვება, რაც მტკნარი წყლის შრის დამსახურებაა, რომელიც მყინვარსა და ოკეანის თბილ დინებას შორისაა მოქცეული. მათ ფსკერზე თბილი წყლის მიერ წარმოქმნილი ტერასული სტრუქტურებიც შენიშნეს, სადაც, ნაპრალებთან ერთად, დნობა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
მეცნიერებმა მეორე ვიდეოც გამოაქვეყნეს, რომელზეც ასახულია, როგორ ეშვება რობოტი 600-მეტრიან ღრმულში. მას ტუეიტსის მყინვარისა და ოკეანის შემხვედრი ზონიდან 2 კილომეტრი აშორებს და 2019 წელსაა გაჭრილი.
მკვლევრები ამბობენ, რომ ანტარქტიკის შესწავლის ახალი მეთოდები არამხოლოდ იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ მიმდინარეობს ლღობის პროცესი, არამედ სად ხდება ეს უფრო სწრაფად და რა როლს ასრულებს ამაში თბილი წყლები. ასეთი ნაკადები ყინულის ისეთ ნაწილთან ურთიერთქმედებს, რომელიც ნაპრალიანი და სუსტია, რაც სიტუაციას ამწვავებს.
9-თვიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შემხვედრი ზონა უფრო გათბა და მარილიანი გახდა, მაგრამ ლღობის ტემპი წელიწადში დაახლოებით 2-5 მეტრ ნიშნულს არ გადაცდენილა. ეს იმაზე მცირე მაჩვენებელია, ვიდრე კომპიუტერულ მოდელებზე დაყრდნობით პროგნოზირებდნენ.
უნდა ითქვას, რომ ნაპრალები მხოლოდ ყინულის ფსკერზე არაა გაჩენილი, არამედ ისინი ზედაპირზეც მრავლადაა, რამაც შესაძლოა, მომავალში მყინვარის კოლაფსი გამოიწვიოს. მისი უკეთ შესწავლა საშუალებას გვაძლევს, რომ კლიმატის ცვლილებების შედეგები უფრო სიღრმისეულად გავაანალიზოთ.
კომენტარები