მკვლევრებმა მკვდარი ჩიტები დრონებად გარდაქმნეს — თვალთვალის ახალი ტექნოლოგია?
გახსოვთ შეთქმულების თეორია, რომელიც ნახევრად ხუმრობით ამტკიცებდა, რომ "ჩიტები არ არიან რეალური"? კონსპირაციის მიხედვით ჩიტები რეალურად სამთავრობო სადაზვერვო თვითმფრინავები იყო. და აი ისიც, ახლა ჩიტები ნამდვილად დრონებად მოგვევლინენ.
ახლად შემუშავებული დრონები მკვდარი ფრინველების ნაწილებს ფრენისთვის იყენებენ. მკვლევრები, რომლებმაც დააპროექტეს ფრინველის მსგავსი დრონები, თვლიან, რომ ისინი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გამოიყენონ ველური ბუნების მონიტორინგისთვის. მეტიც, მათი გამოყენება სამხედროებსაც შეუძლიათ. ასეთი დრონებით თვალთვალი ბევრად გამარტივდებოდა.
"დრონების შესაქმნელად ხელოვნური მასალების გამოყენების ნაცვლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ მკვდარი ფრინველები", — განუცხადა New Mexico Tech-ის მექანიკური ინჟინერიის პროფესორმა მოსტაფა ჰასანალიანმა New Scientist-ს.
მკვლევრები მტრედის, ხოხბის, კოლიბრისა და ყვავის ნაწილებს იყენებენ; მათ შორის თავს, ბუმბულსა და რაც მთავარია ფრთებს. ეს საშუალებას იძლევა ზუსტად მიბაძონ ფრინველის მოძრაობას. შემქმნელები აღნიშნავენ, რომ დრონების ამ გზით შემუშავება "რთულია".
"თუმცა, ეს ფრთის დიზაინისა და წარმოების აუცილებლობას ხსნის. ეს განსაკუთრებით რთულია, რადგან ფრთების მოდელირება და სწორი განსაზღვრა კომპლექსურ სამუშაოებს მოითხოვს", — განაცხადა რაფიელ ზუფერმა, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის საჰაერო რობოტიკის ექსპერტმა.
მიუხედავად ამისა, ხელოვნური ფრინველები არ არიან ისეთი მოხერხებულები და ეფექტურები, როგორიც ნამდვილი ფრინველები. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ფრთებს ჯერ კიდევ სჭირდებათ უკეთესი არტიკულაცია, რათა ტექნოლოგია მთლიანობაში უფრო მოქნილი გახდეს.
და თუ მათ თვალთვალისთვის გამოიყენებენ, ჰიბრიდული ტექნოლოგია ცოტა უფრო ჩუმი უნდა იყოს. ამ ეტაპზე ის საკმაოდ ხმაურიანია.
კომენტარები