სამხრეთკორეულმა კოსმოსურმა აპარატმა მთვარიდან დედამიწის ფაზები გადაიღო
სამხრეთ კორეის მიერ მთვარის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა აპარატმა, სახელად Danuri, დანიშნულების ადგილამდე დეკემბერში მიაღწია და მას შემდეგ მრავალი გასაოცარი ფოტო გადაიღო. სურათებზე ნაჩვენებია როგორც დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის, ასევე თავად ჩვენი პლანეტის შთამბეჭდავი გამოსახულებები.
იხილეთ: ნახეთ: სამხრეთკორეულმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწის გასაოცარი ფოტოები გადაიღო
ახლახან ქვეყნის საჰაერო-კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის (KARI) Twitter-ის გვერდზე კიდევ რამდენიმე ასეთი სურათი გავრცელდა. მათ შორისაა მთვარის გრძივი ხეობა
Vallis Rheita, რომელიც ხომალდმა 5 იანვარს აღბეჭდა. გასული თვის 10 რიცხვში მის ობიექტივში ვულკანური დაბლობი Mare Imbrium მოხვდა, რომლის სახელიც "წვიმების ზღვას" ნიშნავს. 13-ში კი Danuri-ის კამერამ Oceanus Procellarum, ანუ "შტორმების ოკეანედ" წოდებული რეგიონი გადაიღო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ინსტიტუტმა საზოგადოებას დედამიწის გამოსახულებებიც გაუზიარა. კერძოდ, ერთ ფოტოში თავმოყრილია პლანეტის 9 კადრი, რომლებზეც მისი სხვადასხვა ფაზაა ნაჩვენები. მათ მოსაპოვებლად Danuri მთვარის ორბიტიდან ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა.
თითოეულ კადრზე დედამიწა სხვადასხვაგვარადაა განათებული. ზოგში ის ნამგლისებური ფორმითაა წარმოდგენილი, ზოგში მისი ერთი ნახევარსფერო ჩრდილშია მოქცეული და ა.შ. ეს მთვარის ფაზებს მოგვაგონებს, რომელთაც ღამის ცაზე ვხედავთ ხოლმე.
Danuri აბრევიატურაა, რომელიც კორეულ სიტყვებს "მთვარე" და "მხიარულება" აერთიანებს. ის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კუთვნილი რაკეტის მეშვეობით კოსმოსში აშშ-ის ტერიტორიიდან 2022 წლის აგვისტოში გაუშვეს, სრულად ფუნქციონირება კი მან 4 თებერვალს დაიწყო.
აპარატმა აქამდე მთვარის სხვა რეგიონებიც გადაიღო, რომლებიც მუდმივად ჩრდილშია მოქცეული. ეს NASA-ს კამერით ShadowCam მოხერხდა, რომელიც ისეთი არეალების აღსაბეჭდადაა შექმნილი, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. ხელსაწყო სინათლის მიმართ იმდენად მგრძნობიარეა, რომ ზედაპირიდან სულ მცირედით არეკლილი ნათების მეშვეობით "სიბნელეში ხედავს".
იხილეთ: NASA-ს კამერამ მთვარეზე გადაიღო ადგილი, სადაც მზე არასდროს ანათებს
Danuri მთვარის ზედაპირის რუკის შესადგენად მონაცემებს მოიპოვებს და მის ლანდშაფტს გამოიკვლევს, ასევე, გაზომავს ობიექტის მაგნიტურ ძალასა და გამა გამოსხივებას. ის ექსპერიმენტულ "კოსმოსურ ინტერნეტსაც" გამოცდის, რომლის მეშვეობითაც ფოტოებსა თუ ვიდეოებს დედამიწაზე გამოგზავნის.
სამხრეთ კორეას კოსმოსის ათვისების მხრივ დიდი გეგმები აქვს. ქვეყანას სურს, მთვარეზე 2032 წლამდე დაეშვას, მარსზე კი — 2045 წლამდე.
კომენტარები