ჩემი პირველი მენსტრუაცია
13 წლის გოგო შობის დილას ოჯახთან ერთად ეკლესიაში წასასვლელად ემზადებოდა, როცა დედამ უთხრა, რომ ამას ვერ შეძლებდა, რადგან რაღაც, რაც რამდენიმე წუთის წინ მის თავს მოხდა, ამის "უფლებას" არ აძლევდა.
უცნაურ ტკივილს, რომელსაც, დედის განმარტებით, მის საცვალზე სისხლის წვეთები იწვევდა, გაურკვევლობა, შიში და ემოციაც დაემატა. დედა "კომპრომისზე" წავიდა, ეკლესიაში, უფრო ზუსტად, ეკლესიის ეზოში წაიყვანა, თუმცა იმ პირობით, რომ სანთელს ვერ აანთებდა, ხატებს ვერ შეეხებოდა, რადგან ის, რაც ისედაც ბუნებრივი, მოსალოდნელი და ჩვეულებრივია, მაინც "აკრძალულია".
მალევე სახლში, ოჯახის წევრი კაცებისგან მალულად, მიჩქმალულად და ჩურჩულით დედამ რაღაც აუხსნა, ჰიგიენური საფენი მიაწოდა და გამოყენების ინსტრუქციაც მიაყოლა, ბავშვს კი იმის თქმაც მოერიდა, რომ გაკეთება იცის. არც იმ დღეს და არც მას შემდეგ, მამას და ძმებს არასდროს მოუსმენიათ, რომ ყოველ თვეში ერთხელ მენსტრუაცია აქვს.
პირველი გამოცდილება ყველას ინდივიდუალური გვაქვს, თუმცა შინაარსი უმეტესად მსგავსი — სიჩუმე, ტაბუ, უხერხულობა, რიგ შემთხვევაში ტრავმა. On.ge-სთან გოგოებმა პირველი მენსტრუაცია გაიხსენეს და გაგვიზიარეს რას გრძნობდნენ მაშინ, როცა "ის" მოუვიდათ.
ნინო
ნინოსთვის პირველი მენსტრუაცია ტრავმული იყო. მიზეზი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმებია.
13 წლის ასაკში ზაფხულის არდადეგებზე მშობლების გარეშე წავიდა დასასვენებლად. როცა სისხლის კვალი შენიშნა, იმ სივრცეში ყველაზე ახლო ადამიანთან, დეიდასთან იმ იმედით მიირბინა, რომ დაეხმარებოდა, თუმცა ნაცვლად ამისა, მიიღო შეწუხებული გამომეტყველება და რეპლიკა: "რატომ ახლა და აქ მაინცდამაინც".
მანამდე ნინოს მენსტრუაციაზე არავისთან უსაუბრია. პირველი კი ვისგანაც ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება მოუწია, სწორედ დეიდა იყო, რომელმაც ჯერ უკმაყოფილება გამოთქვა ამ ფაქტის გამო, ჰიგიენური საფენი უღიმღამოდ გადასცა, შემდეგ კი უთხრა, რომ ამიერიდან "განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ყოფილიყო საპირისპირო სქესთან" და ზედმეტი კონტაქტისთვის თავი აერიდებინა.
"ეს მითითებაც უცხო იყო, რადგან მენტალურად ბავშვი ვიყავი. ვფიქრობ, იმ მომენტში ყველაზე მეტად სითბო და იმის ახსნა მჭირდებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი, ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებაში დგება".
ნინოს დიდხანს გაჰყვა დანაშაულისა და სირცხვილის განცდა, რომ ადრე, "შეუსაბამო დროს დაქალდა".
ფსიქოთერაპევტი, ლიკა ბარაბაძე გვეუბნება, რომ არ არსებობს კონკრეტული ასაკი, როდესაც ბავშვს მენსტრუაციის შესახებ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. სექსუალური განათლების, სხეულის, ორგანიზმის ჯანმრთელობის შესახებ ბავშვს მაშინ უნდა მოვუყვეთ, როცა კითხვები გაუჩნდება. მომავალში სირცხვილის განცდას კი სწორედ ინფორმაციის არქონა იწვევს.
"როდესაც საერთოდ არაფერზე ვსაუბრობთ, რაც სხეულთან არის დაკავშირებული, გარკვეულწილად, ტაბუსა და სირცხვილის გრძნობას, დანაშაულის განცდას ვქმნით. ეს ხომ ბუნებრივი პროცესია. მენსტრუაცია მაინც დაგვეწყება, მკერდი მაინც გაგვეზრდება, თმა მაინც ამოგვივა გარკვეულ ადგილებში და შეიძლება, თუ მე საერთოდ მოუმზადებელი ვარ და მთელი ცხოვრება "ბოქლომი" ადევს ამ საკითხს, როგორც ბავშვი და მოზარდი, ვგრძნობ, რომ იდუმალებით მოცული რამ, რაღაც "ცუდი და ჭუჭყიანი" ხდება, ანუ სტიგმა ედება უკვე", — განმარტავს ის.
ასაკის მატებასთან ერთად, სირცხვილმა და დაბნეულობამ იკლო და ნინოს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. სურდა, ამ მოვლენის "ჩვეულებრიობისთვის" გაესვა ხაზი, თუნდაც ამას გარშემომყოფთათვის უხერხულობა შეექმნა.
"მაგალითად, მივდიოდი და დემონსტრაციულად ხმამაღლა ვითხოვდი ჰიგიენურ საფენებს მაღაზიაში. წლების წინ, როცა მას ჯერ კიდევ შავ პარკში მალავდნენ, დახლთან ამაყად მივდიოდი და კონსულტანტებს დამაზუსტებელ კითხვებს ვუსვამდი, მით უფრო, თუ ირგვლივ კაცები იყვნენ", — გვიყვება ის.
სწორედ ასე, დემონსტრაციულად აბარებდა ძმას საფენებს და სიტყვა მენსტრუაციასაც თამამად ამბობდა ისეთ გარემოებებში, სადაც სხვებს ამის რცხვენოდათ.
"ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი შინაგანი პროტესტი იყო, იმ პატარა უსამართლობების მიმართ, რომელიც მთელი ამ მოვლენას სხვადასხვა სიტუაციაში მუდამ ფონად გასდევდა".
ელენე
12 წლის ასაკში გაიგო, რომ მის გარშემო გოგოებს რაღაც "ემართებოდათ". თავის კლასელთან ერთად ცდილობდა გაერკვია, რასთან ჰქონდა საქმე, შემდეგ კი შემთხვევით, საფენის არსებობაც აღმოაჩინა. მოგვიანებით, მეგობართან ერთად გაიგო ისიც, რომ მენსტრუაციის დროს სისხლი მოსდით, თუმცა ეს იმდენად დაუჯერებლად ეჩვენათ, ინფორმაცია მაშინვე უარყვეს.
ელენეს უფროს დას ციკლი მასზე ადრე დაეწყო. როცა დედასთან იმის გასარკვევად მივიდა, რა სჭირდა დას, მიიღო პასუხი: "როცა გაიზრდები, გაიგებ".
"გავიზარდე კიდეც, ეგ დღეც დადგა. ისევ ნული წარმოდგენა მქონდა საკუთარ სხეულზეც და მენსტრუაციაზეც, არავის მოვუმზადებივარ".
მენსტრუაცია როცა დაეწყო, სახლში მამასთან ერთად იყო. იგრძნო, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, ტუალეტში რომ შევიდა სისხლიც აღმოაჩინა.
"შოკისგან ყველაფერი დამიბუჟდა. მაშინვე გამახსენდა ჩემი კლასელი რომ სისხლზე ლაპარაკობდა, მაგრამ ვერაფრით წარმომედგინა, რომ ეს ნორმალური უნდა ყოფილიყო. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, იმიტომ, რომ მამისთვის დაძახება და კითხვა მერიდებოდა. თან ვფიქრობდი, იქნებ რამე მჭირს, სისხლისგან რომ დავიცალო და მოვკვდე-მეთქი. საშინელი სტრესი იყო ის რამდენიმე წუთი".
ელენე ამბობს, რომ გაუმართლა, როცა იმ მომენტში ბებია სახლში დაბრუნდა. მაშინვე დაუძახა და უთხრა, რომ სისხლი მოსდიოდა, პასუხად კი მოისმინა, რომ ეს ნორმალურია, "აწი ქალია" და დღეიდან ყოველ თვე ასე იქნება. ელენესთვის მეტი არაფერი აუხსნიათ — ისიც დაკმაყოფილდა, რადგან ფაქტი იყო, რომ დეტალურ ინფორმაციას ვერავინ აწვდიდა. ინსტინქტურად იცოდა, რომ ყოველ თვე ასე უნდა მომხდარიყო, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, ან რატომ ან როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, არ იცოდა.
"სულ მაწუხებდა ეს საკითხი", — გვეუბნება ელენე და იხსენებს, რომ საჭირო ცოდნას ვერც ახლობელი გოგოებისგან იღებდა, რადგან მათაც, "უბრალოდ იცოდნენ, რომ ასე უნდა ყოფილიყო". მოგვიანებით, ინფორმაციით მოძიება ინტერნეტში დაიწყო, თუმცა ვერც იქ შეძლო ზუსტი პასუხების მიღება.
"თითქმის ვერ ნახავდით ჩამოყალიბებულ, ადეკვატურ და ვალიდურ ინფორმაციას ამ საკითხზე. მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, იმაზე რომ ეს იყო კვერცხუჯრედთან კავშირში, რომელიც არ განაყოფიერდა და უბრალოდ მკვდარი კვერცხუჯრედი ასე ტოვებდა ჩემს სხეულს".
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ პუბერტატის პერიოდი, როდესაც ბავშვის სხეული ტრანსფორმირდება, ისედაც ძნელად გასავლელია — ვიზრდებით სწრაფად, გვეცვლება ინტერესები, ხასიათი, პიროვნება, პირველი მენსტრუაცია კი ამის თანმხლებია, რომელსაც თან რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვა საკითხებიც ახლავს. ამბობს, რომ ცნობისმოყვარეობა ამ ასაკში საკმაოდ ბუნებრივია და საჭიროა, არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად ჩავერთოთ და ადეკვატური ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ თუნდაც თანატოლებისგან არ მოიპოვონ ცრუ ინფორმაცია.
"საჭიროა იცოდეს, როგორ მოუაროს საკუთარ თავს, იცოდეს ჰიგიენის ფორმები როგორ დაიცვას, გაუმკლავდეს დისკომფორტს, გაუმკლავდეს ამ ფსიქოლოგიურ მომენტს, რომ ახლა ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდა", — ამბობს ლიკა.
ელენეს ოჯახისგან და ექიმებისგან სულ ესმოდა, რომ ტკივილი მენსტრუაციის თანმხლებია, თუმცა იმის ფონზეც კი, რომ ციკლისას ტკივილზე ყველა ინფორმირებულია, სკოლიდან გაშვების თხოვნაზე უარი არაერთხელ მიუღია.
"მიწევდა გაკვეთილებზე ნახევრად მკვდარი ვმჯდარიყავი, შენიშვნას რომ მაძლევდნენ ამაზე, ფიზიკურად ვერ ვუხსნიდი მთელი კლასის წინ, რატომ მედო მაგიდაზე თავი ან რატომ ვერ ვაქცევდი ყურადღებას".
ლიზა
12 წლის ლიზას გამოცდილებაზე დედა, ეკა გვესაუბრა. უმრავლესობისგან განსხვავებით, მან შვილისთვის ინფორმაციის მიწოდება თანდათან, ასაკის შესაბამისად დაიწყო. თუმცა იმის გამო, რომ სხვა მშობლები ასე იშვიათად იქცევიან და ლიზას თანატოლების ინფორმირებაზე არავინ იზრუნა, პირველი მენსტრუაცია მისთვის სტრესული იყო.
ლიზას მენსტრუაცია 1 წლის წინ დაეწყო. დედას დაურეკა. ეკასთვის ეს დღე ძალიან ემოციური იყო. მანამდე შვილს თავის გამოცდილებაზე ესაუბრებოდა, უყვებოდა შემთხვევებს, როცა საფენის გამოცვლის დრო ვერ გააკონტროლა. უხსნიდა, რომ ეს "არ ტეხავს" და თუ ვინმემ შეიმჩნია, მისივე პრობლემაა.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ შვილისთვის გამოცდილების გაზიარება, თუ, რა თქმა უნდა, ეს ტრავმატული არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი მესიჯია, როდესაც მოზარდი ისმენს, რომ მარტო არ არის და მის ადგილას სხვებიც ნერვიულობდნენ.
პირველი მენსტრუაციიდან მალევე ლიზას ეკას გარეშე მოუწია დასასვენებლად წასვლა. შარვალზე სისხლის ლაქა დაეტყო, იქ მყოფმა უფროსმა ბიჭებმა კი დასცინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკას და ლიზას ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრიათ, მაინც განიცადა.
"ტირილისგან ხმა აღარ ჰქონდა", — იხსენებს ეკა. რამდენიმე დღე შვილისთვის ამ თემაზე აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას გამოხატავდა. მოგვიანებით, ლიზას მდგომარეობის შემსუბუქებას ისევ თავისი მაგალითების გაზიარებით ცდილობდა.
"ახლაც ვატყობ რომ არ უყვარს იმ ამბის გახსენება და ძალიან ცდილობს რომ მეორედ აღარ შეემთხვას... ჯერ 12 წლის არის და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადავლახავთ ამ უხერხულობას".
ლიზას სიტუაციამ ეკას ბიძგი მისცა, სხვა მშობლებისთვის ერჩია, საკუთარ შვილებთან, მათ შორის ბიჭებთან, მენსტრუაციაზე აქტიურად ისაუბრონ.
ანა
ანა საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონიდაა. პირველ მენსტრუაციაზე საუბარიც სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ იქ "როგორც წესი, ყველაფერი სხვანაირად ხდება". სურს, საკუთარი გამოცდილება სხვა გოგოებსაც გაუზიაროს.
წინა დღეებში მუცლის ტკივილი იგრძნო, ჰქონდა გამონადენიც, თუმცა კითხვების მიუხედავად, დედამ არაფერი უთხრა. მენსტრუაციაზე ინფორმაციას არც მისი მეგობრები ფლობდნენ. უკვე პირველი მენსტრუაციის შემდეგ ანა გახდა ის, ვინც საკუთარ გამოცდილებაზე თანატოლებს თავად უამბობდა, თუმცა მანამდე...
12 წლის იყო, როცა მენსტრუაცია დაეწყო. მძაფრი შთაბეჭდილების გამო, ისიც კი დაამახსოვრდა, როგორი ამინდი იყო და რა ეცვა.
"სახლში რომ მოვედი და ვნახე, ძალიან შოკი მქონდა. ყველაფერი ვიფიქრე, აბსოლუტურად" — ეს ამბავი დედასაც დაუმალა და თქმა მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაბედა. დედას სახლში ჰიგიენური საფენი არ აღმოაჩნდა და შვილისთვის მოსატანად დიდი ძალისხმევა და სოფელ-სოფელ სიარული დასჭირდა.
სოფელში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) "აღნიშვნის წესი" აქვთ. ოჯახის წევრი, მეზობელი და ნათესავი ქალები მის სახლში სწორედ იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ ანას "დაქალება" აღენიშნათ, ეზეიმათ, რომ უკვე "გათხოვება შეეძლო". ასე აუხსნეს მამასაც. წლების შემდეგ, ასე საჯაროდ "აღინიშნა" ანას დის პირველი მენსტრუაციაც.
ინფორმაცია არც სკოლაში მიუწოდებიათ. როგორც ხშირად ხდება, მასწავლებელმა ამ საკითხის ახსნას უბრალოდ თავი აარიდა და მოსწავლეებს ურჩია "სახლში წაეკითხათ". თუმცა დამოუკიდებლად გარკვევა ბიოლოგიის წიგნში 5 აბზაცად ახსნილი მასალიდან ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, "აუხსნეს", რომ ეკლესიაში ხატებსა და სანთლებზე შეხების უფლება არ ჰქონდა, რომ მენსტრუაციის შემდეგ "განბანვაა" საჭირო, რათა ქალმა ეს "სიბინძურე ჩამოიბანოს" და სხვა. ამის ფონზე ანას კითხვას — რატომ — პასუხს ვერავინ სცემდა.
"არ მეგონებოდა, რომ ვკვდებოდი. ბებო კიბოთი ახალი გარდაცვლილი იყო და არ დავისტრესებოდი უფრო მეტად", — გვითხრა ანამ, როცა ვკითხეთ, რა შეიცვლებოდა მისთვის, პირველ მენსტრუაციამდე შესაბამისი ცოდნა რომ ჰქონოდა.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ადრეულ ასაკში, მოზარდობის პირველ სტადიაზე, თავის ტვინი არ არის იმდენად ჩამოყალიბებული, რომ ადამიანმა გარე ინფორმაციის გარეშე მართებული დასკვნების გამოტანა შეძლოს. ამიტომ, მას უფროსების წაშველება სჭირდება, იმისთვის, რომ არ იფიქროს, რომ ავად არის და რაღაც "საშინელება" ემართება.
კესანე, თაკო და მარიამი
მათ პირველი მენსტრუაცია სულ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და შედარებით უფრო ინფორმირებულ გარემოში აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩვენ ვიყავით. თუმცა სტრესი და სტიგმები ახალ თაობაშიც იჩენს თავს.
კესანე ახლა 15 წლისაა. 3 წლის წინ, როცა მენსტრუაცია დაეწყო, იცოდა რაც ხდებოდა. გვეუბნება, ყველაფერი გაანალიზებული მქონდა და ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან შეეშინდებოდაო.
"დედაჩემს ვესაუბრებოდი ხოლმე, რადგან სულ მქონდა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით კითხვები. ინფორმაციის მისაღებად ყოველთვის ჯერ დედას ველაპარაკებოდი და შემდეგ გუგლშიც ვნახულობდი", — ამბობს ის.
პირველი რამდენიმე თვე მორიდების გრძნობა მაინც ჰქონდა, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მიხვდა, რომ ეს სირცხვილი არ იყო და თავადაც შეძლო საფენების ყიდვა.
თაკოს პირველად 3 წლის წინ, 12 წლის ასაკში დაეწყო მენსტრუაცია. გარკვეულ ინფორმაციას ინტერნეტიდან და მეგობრებიდან ფლობდა. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში, ძალიან შეშინებული შეხვდებოდა ამ ამბავს.
"ხშირად განვიხილავდით და განვიხილავთ ამ თემას. საბოლოოდ, Google-ის დახმარებით და ასევე, მეგობრებთან კომუნიკაციამ საკმაოდ მომზადებული შემახვედრა ამ თემას", — გვიყვება ის, თუმცა ამატებს, რომ საკმარისი ცოდნა მაინც არ ჰქონია.
არც ის იცოდა, რომ მენსტრუაციას რიგ შემთხვევაში ტკივილიც ახლავს. მშობლებთან არც მანამდე და არც შემდეგ არ უსაუბრია. ამას ასაკს უკავშირებს.
"შემრცხვა ამ თემასთან დაკავშირებით კითხვების დასმა, ახლა რომ მქონდეს პირველი ციკლი აუცილებლად დავსვამდი უამრავ კითხვას. ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ამაზე საუბარი უხერხული".
ჰიგიენური საფენის ყიდვა მასაც ერიდებოდა და დედას სთხოვდა, თუმცა ახლა თავადვე ყიდულობს, "ყოველგვარი სირცხვილის გარეშე".
მარიამი ახლა 17 წლისაა. ციკლი დაახლოებით, 5 წლის წინ დაეწყო. იქამდე ამაზე არაფერი სმენოდა, ამიტომ პირველ მენსტრუაციასაც შეშინებული შეხვდა.
"მეგონა, კიბო მქონდა და არავის ვუთხარი, არ მინდოდა ენერვიულათ. პირველი მენსტრუაცია რომ მორჩა, მეგონა გადავრჩი და ყველაფერი კარგად იყო. როცა მეორედაც მომივიდა, ისევ ასე ვიფიქრე. მერე, დედაჩემს ვკითხე, მაშინ გავიგე პირველად მენსტრუაციაზე", — გვიყვება მარიამი.
მარიამისთვის კი დედას ბევრი არაფერი აუხსნია, გარდა იმისა, რომ ქალებს მენსტრუაცია ყოველთვიურად აქვთ.
მარიამის დაკვირვებით, ქალები ამ საკითხზე ჩუმად ლაპარაკობდნენ, მეტიც, სიტყვა მენსტრუაციის წარმოთქმაც კი უჭირდათ.
"თითქოს ეშინოდათ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ — ის გაქვს? ჩურჩულით პასუხობენ და ალბათ, ამან იმოქმედა ჩემზე", — გვიყვება ის.
უხერხულობას გრძნობდა საფენების შეძენისასაც და ცდილობდა დედასთვის დაებარებინა. თუ თავად ყიდულობდა, საფენებს ჩანთაში მალავდა, ხალხისთვის შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო. მოგვიანებით შეძლო და საზოგადოების მიერ შექმნილი ეს ხელოვნური ბარიერი დაძლია. მოახერხა ისიც, რომ მენსტრუაციაზე ხშირად საუბრობს ძმასთანაც. ცდილობს, ყველა გოგოს, ვინც ამ სიტუაციაშია, რომელშიც რამდენიმე წლის წინ თავად აღმოჩნდა, უთხრას, რომ ამაზე საუბარი არა "სამარცხვინო", არამედ ნორმალურია.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო ჩვენ, როგორც ზრდასრულებს, შესაძლოა, გვქონდეს დანაშაულის განცდა, რომელიც ჯერ კიდევ არ გვაქვს დამუშავებული, ამიტომ, დიდი შანსია, როცა მენსტრუაციაზე ან რეპროდუქციაზე გვკითხავენ, დავიბნეთ და სირცხვილი განვიცადოთ.
"სხეულის მიმღებლობა და სიყვარული იწყება სხეულთან დაკავშირებული პროცესების ბუნებრივად აღქმით. ჩვენ, როგორც მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, ადამიანებთან მომუშავე ხალხს, პირდაპირ ვალდებულება გვაკისრია, რომ ის რაც ბუნებრივია, ბუნებრივად გადმოვცეთ".
რა უნდა ქნას მშობელმა
ფსიქოთერაპევტი განმარტავს, რომ, შესაძლოა, ბავშვს კითხვები ძალიან მცირე ასაკშიც გაუჩნდეს. მაგალითად, მაშინ, თუ დაინახა, როგორ ყიდულობს დედა ჰიგიენურ პროდუქტებს. ამბობს, რომ ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, წყნარ სიტუაციაში, გასაგები ენით და სექსუალიზების გარეშე ბავშვს ავუხსნათ, რა არის მენსტრუაცია. მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორი კომუნიკაციაა მშობელსა და შვილს შორის.
მათ ურჩევს, პასუხებისთვის წინასწარ მოემზადონ, რათა დაბნეულობა ან უხერხულობა თავიდან აირიდონ, თადარიგი დაიჭირონ და ჰიგიენური პროდუქტებით მოამარაგონ. ასევე, მიაწოდონ ინფორმაცია, სად შეიძლება მათი შეძენა. განმარტავს, რომ თუკი ადამიანს ინფორმაცია წინასწარ აქვს, უფრო მომზადებულია და ნაკლებად ეშინია. ხოლო იმ ფსიქოლოგიური ზიანის ანაზღაურება, რაც ინფორმაციის ნაკლებობას ახლავს, ძალიან ძნელია.
მშობლებმა უნდა აუხსნან შვილებს, რომ ქალების უმეტესობა ამ პროცესებს გავდივართ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეპროდუქციული ორგანოები მუშაობს. საჭიროა, ბავშვები შევამზადოთ იმისთვისაც, რომ პირველ ეტაპზე ციკლი რეგულარული არ არის და ამის არ უნდა შეეშინდეთ. უნდა იცოდნენ შესაძლო ტკივილებზე და მასთან გამკლავების გზებზე.
"ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვეულებრივი ამბავია, მთელი ცხოვრება გვაქვს მერე მენსტრუაცია, და რაღაცა ეს ნორმალიზების და ჩვეულებრიობის მომენტი მოვიტანოთ მოზარდამდე. არ არის საჭირო არც დიდი რაღაცის შექმნა და არც საერთოდ დაიგნორება", — ამბობს ლიკა ბარაბაძე.
მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებას ვერ შეძლებენ, ლიკა ურჩევს, სხვადასხვა ინტერნეტრესურსი მოიძიონ და შვილს მისი წაკითხვა ურჩიონ.
"კარგი იქნება, ჩვენ თვითონ გავეცნოთ და დავრწმუნდეთ, რომ რასაც ვთავაზობთ წასაკითხად, სიმართლეს შეესაბამება და ჯანსაღი რჩევები წერია. ეს იმ შემთხვევაში, თუკი საუბარი ძალიან არ შეგვიძლია. ოღონდ, არ მივუშვათ მოზარდი თავისუფალ ცურვაში".
ლიკა ბავშვებს ურჩევს, რომ ამ საკითხზე ესაუბრონ მათ, ვისთანაც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ.
დღევანდელ რეალობაში, როცა ჰიგიენური საშუალებების ყიდვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მათი სწორად გამოყენება კი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, მშობლებმა აუცილებლად უნდა აუხსნან გოგოებს, როდის და როგორ უნდა გამოიყენონ საფენები, ტამპონი ან მენსტრუალური ჭიქა.
კომენტარები