NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე ლითონის ობიექტს მიაგნო
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Curiosity-იმ წითელი პლანეტის ზედაპირის შესწავლისას იქ ლითონის ობიექტი აღმოაჩინა.
ესაა დაახლოებით 30 სანტიმეტრი ზომის მეტეორიტი, რომელიც რკინისა და ნიკელისგანაა შედგენილი. სპეციალისტებმა მას "კაკაო" შეარქვეს. NASA-მ ამ უკანასკნელის მაღალი გარჩევადობის სურათიც გამოაქვეყნა, რომელიც 28 იანვარს გადაღებულ 19 კადრს აერთიანებს.
მავალმა მოწითალო შეფერილობის გრუნტში არსებულ მოვერცხლისფრო ობიექტს სულფატებით მდიდარ არეალში მიაკვლია. ეს ადგილი გეილის კრატერში განლაგებულ შარპის მთაზე მდებარეობს.
"მარსზე მეტეორიტების აღმოჩენა იშვიათობა არაა, მეტიც, ეს მე უკვე რამდენჯერმე შევძელი, მაგრამ გარემოს ცვლილება ყოველთვის სასიამოვნოა", —ვკითხულობთ Curiosity-ის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სამწუხაროდ, აპარატს დედამიწაზე გამოსაგზავნად ნიმუშის მოპოვება არ შეუძლია. სამაგიეროდ, ამისთვის სათანადო ხელსაწყოები ახალ მარსმავალ Perseverance-ს აქვს, რომელმაც წითელ პლანეტაზე გეოლოგიური მასალა უკვე შეაგროვა.
ახალაღმოჩენილი მეტეორიტის შესწავლა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის შესახებ ბევრი რამის გაგებაში დაგვეხმარება, მაგალითად, ლითონის ობიექტზე გაჩენილი ბზარები მიუთითებს, რომ ის მარსის ატმოსფეროში შეღწევისას დაზიანდა, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის აირადი გარსი ძალიან თხელია. ეს მეტეორიტი იქ, სავარაუდოდ, მილიონობით წლის წინ ჩამოვარდა.
კომენტარები