ხმები ნანგრევებიდან და მაშველების ბრძოლა ბეტონთან
ახლა თურქეთსა და სირიაში ბეტონს ებრძვის ყველა — პროფესიონალები, მშობლები, ნათესავები. მაშველებად ქცეული მოქალაქეების საქმეს განმეორებითი ბიძგები ართულებს. წვიმა, თოვლი და ყინვა კი დამატებით საფრთხეს უქმნის ნანგრევებში მოყოლილთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამიტომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
დაღუპულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ამ დროისთვის ვიცით, რომ მიწისძვრას ორივე ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ვრცელდება ისტორიები გადარჩენილების შესახებ, არც ისე ბევრი, თუმცა იმედისმომცემი.
გუშინ სირიაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 18 თვის რაგად ისმაილი, რომელიც ახლა უსაფრთხოდ არის ბიძასთან ერთად. მისი ოჯახის წევრების დიდი ნაწილი დაიღუპა.
დღეს თურქეთში, კაჰრამანმარაში ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს. ასევე, ამ ქალაქში 24-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ 14 წლის ბავშვი ამოიყვანეს.
"საბოლოოდ, ის გადაარჩინეს" — თქვა CNN Turk-ის რეპორტიორმა და ამას სასწაული უწოდა.
27 საათის შემდეგ, კაჰნამარმარისსა და დიარბიქირში მაშველებმა 24 და 27 წლის ქალები, მერვე და რუმეისა გადაარჩინეს. ახლა ისინი საავადმყოფოში არიან.
ფოტო: Anadolu Agency/Getty Images
ფოტო: Anadolu Agency/Getty Images
არაერთი გადარჩენილი, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები და ჭრილობები აქვს, საავადმყოფოს ნაცვლად ქუჩაში გადის და სამაშველო სამუშაოებში ერთვება. ყველანაირად ცდილობენ მიაღწიონ ხმამდე, რომელიც მათ დახმარებას სთხოვს.
"განადგურებულები ვართ, ღმერთო ჩემო... ისინი გვეძახიან. ამბობენ გვიშველეთო, მაგრამ მათი გადარჩენა არ შეგვიძლია", — ამბობს თურქეთის სამხრეთ პროვინციაში ერთ-ერთი გადარჩენილი.
მიწისძვრის შემდეგ, 63 წლის ჰულუსი იბრაჰიმი ნანგრევებში ცოლთან ერთად იყო, რომელიც არ პასუხობდა. რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხა ნანგრევებიდან ამოსვლა. ახლა სამაშველო ოპერაციის დასასრულს ელოდება, მაგრამ არ აქვს იმედი, რომ მისი ცოლი ჯერ კიდევ ცოცხალია.
ნაწილი ცდილობს იმედი შეინარჩუნოს და ხელი არ ჩაიქნიოს მაშინაც კი, როცა კონტაქტი წყდება.
"ნანგრევების ქვეშ არის ოჯახი, რომელსაც ვიცნობ", — თქვა ომერ ელ კუნეიდმა, რომელიც ქალაქ შანლიურფას ნანგრვებში იდგა და თან დაამატა: "დილის 11 საათამდე ან შუადღემდე ჩემი მეგობარი კვლავ პასუხობდა ტელეფონს. მაგრამ ის აღარ პასუხობს. ის იქ არის. ვფიქრობ, ელემენტი დაუჯდა".
მძიმე ღამის შემდეგ მოსახლეობას სახლის დარჩენის ეშინია, ნაწილს კი სახლი აღარ აქვს. ისინი ქუჩებში იკრიბებიან და ცდილობენ ცეცხლთან გათბენ.
ფოტო: Erdem Şahin/EPA
ფოტო: BBC
კომენტარები