მესამე ხელი, რომელსაც გონებით გააკონტროლებთ — მეცნიერები ინოვაციურ იდეაზე მუშაობენ
ოდესმე გიფიქრიათ, რამდენი რამის გაკეთებას შეძლებდით, მესამე ხელიც რომ გქონოდათ? სწორედ ამ ინოვაციურ იდეაზე მუშაობენ რობოტექნიკოსები და ცდილობენ, დახვეწონ ტექნოლოგია, რომელიც გონების ძალით დამატებითი კიდურის გაკონტროლებას გულისხმობს.
ამას მოძრაობის აუგმენტაცია ეწოდება და მისი მიღწევის გზა, მეცნიერთა თქმით. ნეირონულ სიგნალებში უნდა ვეძებოთ. მათი განცხადებით, ეს თავისუფლების ახალ ხარისხს მოგვანიჭებს. მიზნამდე მისასვლელი ერთ-ერთი ხერხი ინვაზიური მეთოდია, რომლის ფარგლებშიც ტვინში იმპლანტი ინერგება, რომელიც მას კომპიუტერთან აკავშირებს. ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ინტერფეისი მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია ეფექტიანი და მათი გეგმის განსახორციელებლად არ გამოდგება.
ალტერნატიულ მეთოდად ისინი ელექტრომიოგრაფიას ასახელებენ, რაც ზურგის ტვინის ასობით ნეირონის მიერ კუნთებისკენ გაგზავნილი სიგნალების დასაფიქსირებელი ტექნოლოგიაა. მათ გასაშიფრად ავტორებმა სპეციალური მოდული შექმნეს, რომელიც იმპულსის წყაროს ავლენს. ამ პროცესს ის აანალიზებს და მათემატიკურ ჩარჩოებში აქცევს. ამის შემდეგ მამოძრავებელი ნეირონების აქტივობის ამოცნობა რეალურ დროში, რამდენიმე მილიწამის სიზუსტით ხდება შესაძლებელი.
ეს მონაცემები შეგვიძლია, დამატებითი რობოტი კიდურის გონებით ასამოძრავებლად გამოვიყენოთ, რაც კუნთების ჩართულობას მაინც არ გამორიცხავს. ასევე, აღმოჩნდა, რომ მათ გასაკონტროლებლად დაბალი სიხშირის სიგნალები უფროა პასუხისმგებელი, ვიდრე მაღალი.
ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებმა ელექტროდები ცდისპირთა წვივის კუნთის ზემოდან მოათავსეს და მათ კუნთის მსუბუქად შეკუმშვა სთხოვეს. სპეციალისტებმა იმპულსების სიხშირეები განაცალკევეს და ისინი კურსორის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მოძრაობასთან დააკავშირეს. პირდაპირი ინსტრუქციების არარსებობის მიუხედავად, მონაწილეებმა გონების ძალით კურსორის გადაადგილება შეძლეს.
ავტორები ამბობენ, რომ კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და კიდევ მრავალი დეტალის სრულყოფა თუ შესწავლაა აუცილებელი, სანამ რაიმე მნიშვნელოვან შედეგამდე მივლენ.
კომენტარები