დედამიწის ორბიტაზე მოძრავი 2 ობიექტი ლამის ერთმანეთს შეეჯახა
დედამიწის ორბიტაზე საბჭოთა კავშირის დროინდელი რაკეტა SL-8-ის ნაწილი და სამხედრო დანიშნულების ხელოვნური თანამგზავრი Cosmos 2361 ლამის ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია LeoLabs-მა გაავრცელა, რომელიც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მსგავს ნარჩენებს აკვირდება.
ასეთი დიდი ზომის ობიექტების შეჯახება ორბიტაზე დანაწევრებული ფრაგმენტების ღრუბელს წარმოქმნიდა, რომელიც იქ მრავალი წლის განმავლობაში დარჩებოდა. ეს სამომავლო მისიებს სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებდა და, სავარაუდოდ, ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევდა.
ამ საშიშროების შესახებ NASA-ში მომუშავე მეცნიერმა, დონალდ კესლერმა ჯერ კიდევ 1998 წელს განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მოვლენა ორბიტული ნარჩენების რაოდენობის გაზრდის რისკს შეიცავს, რის გამოც შესაძლოა, იქ სატელიტების გაგზავნა ვეღარ მოხერხდეს.
რაკეტა SL-8-ის ნარჩენს, რომელიც ხმელეთიდან დაახლოებით 980 კილომეტრის მოშორებით გადაადგილდება, სპეციალისტები უკვე მრავალი წელია, აკვირდებიან. LeoLabs-ის ცნობით, ის იმ 20 უკონტროლო ობიექტს შორისაა, რომელიც შეიძლება ზემოხსენებულ ჯაჭვურ რეაქციას დაედოს საფუძვლად, რაც ყველაზე უარესი სცენარია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომის, ჯონათან მაკდაუელის განცხადებით, უკანასკნელი შემთხვევა ძალიან საშიშია, რადგან მსგავსი რამ თითქმის ყოველდღე ხდება, თუმცა ობიექტები ერთმანეთთან ასეთ სიახლოვეს არ იკვეთებიან ხოლმე. მისი თქმით, მომდევნო წლებში შეჯახება მოსალოდნელია.
LeoLabs-ის მონაცემებით, ეს ორბიტული ნარჩენები ისეთ რეგიონში ასცდა ერთმანეთს, სადაც უფრო მეტი ფრაგმენტის წარმოქმნის საფრთხე არსებობს, რადგან იქ მრავალი ობიექტი იყრის თავს. მათ შორისაა როგორც SL-8 ტიპის რაკეტის 160 ნაწილი, ასევე მათ მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში კოსმოსში გატანილი ტვირთი.
ორბიტულ ნარჩენებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მეცნიერები უკვე დიდი ხანია, საუბრობენ და მათი რაოდენობის შესამცირებელ ეფექტიან გზებს ეძებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები