კვლევის თანახმად, ძუძუს კიბოს ამ რისკფაქტორს ქალების უმეტესობა უგულებელყოფს
მკვრივი ძუძუს ქსოვილის ქონა ძუძუს კიბოს განვითარების რისკს მაქსიმუმ ოთხჯერ ზრდის. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევით დადგინდა, რომ ამ რისკების შესახებ ქალთა დიდმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის. ნაშრომი გამოცემაში Jama Network Open გამოქვეყნდა.
ძუძუს სიმკვრივე ნიშნავს, რომ ძუძუ უფრო მეტად ბოჭკოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილებისგან შედგება, ვიდრე ცხიმისგან. მისი დაფიქსირება სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრამის საშუალებითაა შესაძლებელი.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ძუძუს ტკივილზე უნდა იცოდეთ
კვლევის ფარგლებში 40-იდან 76 წლამდე 1858 ქალი გამოჰკითხეს. მათ მამოგრაფია ცოტა ხნით ადრე ჰქონდათ ჩატარებული, არ ჰქონიათ ძუძუს კიბოს ისტორია და ძუძუს სიმკვრივის შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე ჰქონდათ.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორი იყო ძუძუს სიმკვრივის, როგორც მნიშვნელოვანი რისკფაქტორის, ცნობადობა სხვა მეტად ცნობილ ფაქტორებთან შედარებით, რომლებიცაა: ძუძუს კიბოს მქონე ნათესავის ყოლა, ჭარბი წონა, ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება, შვილების არყოლა და ძუძუზე ჩატარებული ბიოფსია.
მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს სიმკვრივე კიბოს განვითარების 1.2-4-ჯერ მაღალ რისკს უკავშირდება, კვლევის თანახმად, იგი მნიშვნელოვან რისკფაქტორად ცოტა ქალმა თუ აღიქვა. უდიდეს რისკად ცდისპირთა 93% ოჯახში ძუძუს კიბოს ისტორიას ასახელებდა, 65% კი ძუძუს სიმკვრივეზე მნიშვნელოვნად ჭარბწონიანობას თვლიდა.
გამოკითხული 61 ქალიდან ძუძუს კიბოს მაპროვოცირებელ ფაქტორად მისი სიმკვრივე მხოლოდ 6-მა დაასახელა. მეორე მხრივ, უმრავლესობამ სწორად აღნიშნა, რომ მან სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრამის წაკითხვა შეიძლება გაართულოს.
როდესაც მკვლევრებმა ძუძუს კიბოს რისკის შემცირებაზე იკითხეს, ცდისპირთა დაახლოებით ერთმა მესამედმა არ იცოდა, რა უნდა მოიმოქმედონ ამისთვის ანდა საერთოდ შესაძლებელი თუა რამე.
პრევენცია შესაძლებელია
ძუძუს კიბოს პრევენცია ნამდვილად შესაძლებელია. ამისათვის ძუძუს სკრინინგს, იგივე მამოგრაფიას იყენებენ. ეს ძუძუს რენტგენოგრაფიული გამოსახვაა, რომლის საშუალებითაც კიბოს აღმოჩენაა შესაძლებელი. მას ისეთი ნიშნების შემჩნევა შეუძლია, რომლებიც ფიზიკურად არ შეიგრძნობა. გამოიყენებენ ხოლმე კვანძის ან კიბოს სხვა სიმპტომის შემჩნევის შემდეგაც.
ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) რეკომენდაციით, 45-54 წლის ქალებმა მამოგრაფია ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ, 55+ ასაკის ადამიანებმა კი — სურვილის შემთხვევაში წელიწადის გამოტოვებითაც. 40-44 წლის პირებს შეუძლიათ, სკრინინგი ნაადრევად დაიწყონ.
კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 40 წელს ზემოთ ქალთა ნახევარს მამოგრაფიისას ძუძუს სიმკვრივე უვლინდება. ეს მახასიათებელი ხშირად მემკვიდრეობითაა მიღებული, თუმცა, შესაძლოა, ახალგაზრდებში ჰორმონის ჩანაცვლებითმა თერაპიამ ანდა სხეულის მასის სიმცირემაც გამოიწვიოს.
ძუძუს სიმკვრივე ზოგჯერ სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრამის ინტერპრეტაციას ართულებს, თუმცა ახლახან შენიშნეს, რომ ამგვარ შემთხვევებში ახალი ტექნოლოგია, სახელად ძუძუს ციფრული ტომოსინთეზი (იგივე 3D მამოგრაფია), მეტად ეფექტიანია. სხვა კვლევების თანახმად, თუკი ძუძუს კიბო მამოგრაფიით ვერ ფიქსირდება, შესაძლოა, ამაში ულტრაბგერითი გამოკვლევა ანდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) დაგვეხმაროს.
ექსპერტები ჯერჯერობით მტკიცედ არ გვირჩევენ, რომ მკვრივი ძუძუს ქსოვილის მქონე ქალებმა დამატებითი სკრინინგი უნდა ჩაიტარონ. შესაბამისად, უმჯობესია, ასეთ შემთხვევაში პირად ექიმს მიმართოთ და კიბოს რისკები ერთად შეაფასოთ.
კომენტარები