აღმოჩენილია უძველესი ეგვიპტური მუმია, რომელიც 4 300 წლისაა
კაიროდან დაახლოებით 24 კილომეტრის მოშორებით განლაგებული საფეხურებიანი პირამიდის მიმდებარედ არქეოლოგებმა მუმია აღმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, ეგვიპტეში ნაპოვნ მსგავს ნიმუშებს შორის უძველესია. მისი ასაკი 4 300 წელია.
მუმია კაცს, სახელად ჰეკაშიპისს ეკუთვნის, რომელიც ოქროს ფურცლით დაფარულ კირქვის სარკოფაგში იყო დასვენებული. ამ უკანასკნელს მეცნიერებმა 15-მეტრიანი ღრმულის ფსკერზე მიაგნეს. მას ისიც გამოარჩევს, რომ დღემდე თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ახალაღმოჩენილი სამარხები მეხუთე და მეექვსე დინასტიების დროინდელია, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 2 686-2 181 წლების.
ერთ-ერთი სამარხი ხნამჯედეფისაა, რომელიც სახელმწიფო საქმეებში ჩართულ პირებსა და წარჩინებულებს ზედამხედველობდა. ასევე, ის უნასის, მეხუთე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის სახელობის პირამიდათა კომპლექსის ქურუმი იყო.
"რიგით მეორე ყველაზე დიდი აკლდამა მერის ეკუთვნის, რომელსაც მრავალი მნიშვნელოვანი ტიტული ჰქონდა, როგორიც მესაიდუმლეობა და სასახლის დიდი წინამძღოლის თანაშემწეობაა", — ამბობენ მეცნიერები.
ფოტო: Mohamed Abd El Ghany
პირამიდის მახლობლად არქეოლოგებმა სხვა საინტერესო ობიექტებსაც მიაგნეს. მაგალითად, ქვისა და ხისგან გამოთლილ ქანდაკებებს, რომელთაგანაც ზოგი წყვილებს ასახავს.
ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა ეგვიპტეში შექმნილი პირველი ასეთი ნაგებობა, რომელიც 5 700 წლის წინ აშენდა. მის მიმდებარედ მრავალი საფლავია აღმოჩენილი ისევე, როგორც მუმიფიცირებული ლომები და 2 600 წლის წინანდელი ჰალუმის ყველი. სავარაუდოდ, ეს ტერიტორია კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.
კომენტარები