ანტარქტიდას ლონდონის ზომის აისბერგი მოწყდა — ნახეთ ფოტოები
22 იანვარს ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბრანტის შელფურ მყინვარს უზარმაზარი აისბერგი მოწყდა, რომელიც ზომით ლონდონს უტოლდება. ღრმა ნაპრალები საბოლოოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც გაზაფხულის მოქცევა დაიწყო, რომელიც სავსე და ახალმთვარეობას ემთხვევა.
ამ მოვლენის შემდეგ იქ არსებული ვითარება მრავალმა ხელოვნურმა თანამგზავრმა გადაიღო და სამკუთხედის ფორმის ყინულის გიგანტური ნატეხი დააფიქსირა. ანტარქტიკული კვლევების ბრიტანულ ინსტიტუტში (BAS), რომელსაც ბრანტის შელფურ მყინვარზე განთავსებული ჰეილის კვლევითი სადგური ეკუთვნის, ვარაუდობენ, რომ აისბერგის ფართობი 1 550 კვადრატული კილომეტრია.
BAS-ში მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ უკანასკნელი მოვლენა კლიმატის ცვლილებას არ უკავშირდება, არამედ ბუნებრივი პროცესების შედეგია, რომლებიც უკვე 10 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. უდიდეს ნაპრალს, სახელად Chasm-1, სპეციალისტები 2012 წლიდან მოყოლებული ადევნებენ თვალს. ის ნელ-ნელა ფართოვდებოდა, რის გამოც 2016 წელს სადგურს ადგილმდებარეობაც კი შეუცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრანტის შელფურ მყინვარზე ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. მკვლევრები ამ არეალს თვალყურს მაღალი სიზუსტის GPS სენსორების ავტომატიზებული ქსელის მეშვეობით ადევნებენ, რომელიც სადგურის გარშემოა განლაგებული. ისინი დედამიწის ორბიტაზე მოძრავი სატელიტების მონაცემებსაც იყენებენ.
150 მეტრი სისქის შელფური მყინვარი წელიწადში 2 კილომეტრამდე მანძილით ინაცვლებს დასავლეთისკენ, სადაც უედელის ზღვა მდებარეობს. ის იმ მსგავს მყინვარებს შორისაა, რომელთაც სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან. სწორედ ასეთი ყურადღების დამსახურებით არ გამოჰპარვიათ მათ დეკემბერში ნაპრალის უეცარი გაფართოება.
BAS-ის პროგნოზით, ანტარქტიკული სანაპირო დინება ახალ აისბერგს დასავლეთის მიმართულებით უბიძგებს. მას მალე აშშ-ის ყინულის სახელმწიფო ცენტრში სახელსაც შეურჩევენ.
კომენტარები