მეცნიერებმა ანტარქტიდაზე 8 კილოგრამამდე წონის მეტეორიტი აღმოაჩინეს
მეცნიერთა გუნდმა ანტარქტიდის მკაცრ პირობებში განხორციელებული ექსპედიციის ფარგლებში 5 მეტეორიტი აღმოაჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი თითქმის 8 კილოგრამს იწონის. სპეციალისტთა თქმით, კონტინენტზე მიკვლეული 45 000 მსგავსი ობიექტიდან ამ ზომის მხოლოდ დაახლოებით 100 მათგანია.
"მეტეორიტების შემთხვევაში ზომას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუნდაც პატარა მიკრომეტეორიტები შესაძლოა, მეცნიერულად ძალიან ღირებული იყოს. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, დიდი ზომის ობიექტის პოვნა იშვიათი და ამაღელვებელია", — აცხადებენ მკვლევრები.
გუნდმა ექსპედიციისთვის სატელიტების მიერ გამოვლენილი, პოტენციურად მეტეორიტებით მდიდარი არეალი შეარჩია და იქ დეკემბრის მიწურულს წავიდა, როცა კონტინენტზე ზაფხულია. ამ დროს ყინულოვან ანტარქტიდაზე ტემპერატურა დაახლოებით -10°C-ია და შედარებით თბილა, მაგრამ თოვლიანი ლანდშაფტის გადალახვა მაინც ძნელია.
ეს პერიოდი მეტეორიტებზე სანადიროდ საუკეთესოა, რადგან ყინულსა და თოვლში ჩამარხული ამგვარი ასტრონომიული სხეულები ლღობისას ზედაპირზე ხილული ხდება, რაც მათ აღმოჩენას ამარტივებს. ახალ, 7.6 წონის ნიმუშს, სხვა ქვებთან ერთად, ბელგიის სამეფო საბუნებისმეტყველო ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები შეისწავლიან, გუნდის წევრები კი იმ დანალექს გააანალიზებენ, სადაც ობიექტებს მიაგნეს.
"მეტეორიტების გამოკვლევა გვეხმარება გავიგოთ, რა ადგილი გვაქვს სამყაროში. რაც უფრო დიდია ნიმუში, მით უკეთ შეგვიძლია გავიცნოთ ჩვენი მზის სისტემა და საკუთარი თავი", — ამბობენ სპეციალისტები.
მართალია, ზემოხსენებული მეტეორიტი მართლაც დიდი ზომისაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით პირველობას სულ სხვა ასტრონომიული სხეული ინარჩუნებს. ესაა ნამიბიაში ნაპოვნი ჰობას მეტეორიტი, რომელიც 2.7 მეტრი სიგრძის, 0.9 მეტრი სისქისა და 66 ტონა წონისაა. ის ანტარქტიდაზე აღმოჩენილ ობიექტზე თითქმის 7 765-ჯერ მძიმეა.
კომენტარები