ეს უძველესი არსება სამკაპის მსგავს წანაზარდს სქესობრივი დანიშნულებით იყენებდა
პენსილვანიის ბლუმსბერგის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო მუზეუმში მომუშავე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძველესი ტრილობიტების თავზე არსებული სამკაპას მსგავსი წანაზარდები სექსუალური დანიშნულების იყო და არა სასიცოცხლო. კერძოდ, ეს ფეხსახსრიანი ცხოველები მას მდედრთან შესაჯვარებლად პირველობის მოსაპოვებლად სხვა მამრებთან ბრძოლაში იყენებდნენ.
მათ ზრდასრული ტრილობიტის ნამარხი აღმოაჩინეს, რომლის შესწავლისასაც სახეცვლილი წანაზარდი დააფიქსირეს. საუბარია Walliserops-ის სახეობის წარმომადგენელზე, რომელიც 400 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ ოკეანის ფსკერზე ბინადრობდა. მათ თავზე არსებული უცნაური შვერილების ფუნქცია დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო, ახლა კი სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა, სქესობრივი "დუელის" ყველაზე ადრეული მაგალითი იყოს.
"ცხოველებში სქესობრივი მოტივაციით გამოწვეული შეჯიბრის ევოლუცია იმაზე ასობით მილიონი წლით ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა", — აცხადებენ ავტორები.
რაც შეეხება მეცნიერთა მიერ მიკვლეულ ნამარხს, მას სამის ნაცვლად ოთხწვეტიანი წანაზარდი აქვს. ფორმის ასეთი ცვლილება ამ ცხოველისთვის ბალანსის დაცვასა და გადარჩენისთვის ბრძოლას გააძნელებდა. "სამკაპას" დანიშნულება რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ყოფილიყო, აღმოჩენილი ტრილობიტი უბრალოდ ვერ გადარჩებოდა, თუმცა მან ზრდასრულობამდე მიაღწია. ეს მიუთითებს, რომ შვერილებს ისინი საკვების მოსაპოვებლად ან მტაცებლების მოსაგერიებლად არ იყენებდნენ, რადგან მათი მორფოლოგია სქესობრივი ბრძოლის ფიზიოლოგიური "იარაღებისას" ემთხვევა.
პირველობის მოსაპოვებლად ბრძოლა მარტორქებშიც გვხვდება. ასევე, სექსუალური სელექციის შედეგად ცხოველებში სხვადასხვა მახასიათებელია განვითარებული, როგორიც ფარშევანგის ულამაზესი ბუმბულები ან ირმის რქებია. მართალია, ტრილობიტების უჩვეულო შვერილების დანიშნულება გაირკვა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, განსხვავდებოდა თუ არა ერთმანეთისგან მამრი და მდედრი ინდივიდების ფიზიოლოგია. შესაძლოა, მდედრებს უფრო მცირე ზომის "სამკაპები" ჰქონოდათ ან მსგავსი რამ საერთოდ არ ჩამოჰყალიბებოდათ.
კონკრეტული დასკვნების გამოტანა ძნელია, რადგან ჩვენს ხელთ მხოლოდ უძველესი ნამარხებია, რომლებიც დიდი ხნის წინ გადაშენებულ ცხოველებს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, ახალი მიგნებით მათზე ბევრ რამეს ვიგებთ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები