Tesla-ს თანამშრომლის მტკიცებით, ავტოპილოტის 2016 წლის სარეკლამო ვიდეო დადგმული იყო
უკვე საკმაოდ დიდი ხანია Tesla-მ მიგვაჩვია, რომ მოკლე ვადაში ავტოპილოტთან დაკავშირებით ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდება, თუმცა ამ პირობას ხშირად ვერ ასრულებს. მიუხედავად ამისა, ფუნქციას წარსულის კიდევ ერთი შავი ლაქა გამოუჩნდა. კომპანიის ინჟინერი აცხადებს, რომ 2016 წლის ვიდეო, რომელიც ავტომობილის თვითმართვადობის დასამტკიცებლად იყო წარმოდგენილი, სინამდვილეში დადგმული იყო.
Reuters-ის ცნობით, ავტოპილოტის ინჟინერმა აშოკ ელუსვამიმ სასამართლოს ჩვენებაში განუცხადა, რომ ვიდეო, რომელშიც ავტომობილის თვითმართვადობა და ავტონომიური პარკირების უნარი ჩანს, ტყუილია. 2021 წელს New York Times კომპანიაში დასაქმებულთა ანონიმურად მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წერდა, რომ მარშრუტი, რომელიც ავტომობილმა გაიარა, სინამდვილეში წინასწარი იყო განსაზღვრული და მეტიც, გადაღებებისას მანქანა დაიმტვრა.
2016 წელს გამოქვეყნებული ვიდეოს ნახვა Tesla-ს ვებსაიტზე ჯერ ისევ შესაძლებელია. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიჰყავს მგზავრი ავტომობილს კომპანიის პარკინგამდე. მგზავრი ტოვებს ავტომობილს, ეს უკანასკნელი კი პარკინგს წრეს შემოუვლის და პარალელური პარკირების მეთოდით საკუთარ თავსვე აყენებს. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ მძღოლის სავარძელში ადამიანი მხოლოდ კანონიერი მიზეზების გამო ზის, ავტომობილს კი არაფერი სჭირდება, ის საკუთარ თავს მართავს.
ელუსვამის ჩვენება სასამართლო დავის ნაწილია, რომელშიც თავდაცვის მხარეს Tesla, ხოლო მოსარჩელე მხარეს 2018 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული პროგრამული ინჟინრის, უოლტერ ხუანგის ოჯახი წარმოადგენს. ხუანგის ოჯახი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდის დაღუპვა ავტოპილოტის რეჟიმის შეცდომამ გამოიწვია. ელუსვამიმ განაცხადა, რომ 2016 წელს ამ ვიდეოს გამოქვეყნება გაუმართლებელი იყო, რადგან ავტომობილი ე.წ თვითმართვადობის ყველა კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა და პოტენციური მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა.
Tesla არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მძღოლის ასისტენტ ტექნოლოგიებს გვთავაზობს, თუმცა, ფაქტია, კანონიერი დავები მის მიმართ ყველაზე ხშირად წარმოებს. კომპანიის ავტოპილოტის ტექნოლოგია იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ კალიფორნიელმა კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომლითაც Tesla-ს ამ ფუნქციის დარეკლამება აეკრძალა, სანამ ავტომობილები ნამდვილად სრულად ავტონომიურები არ გახდებიან.
კომენტარები