ჯეიმს ვების ტელესკოპი ადრეულ სამყაროზე ჩვენს წარმოდგენას ცვლის — როგორი იყო გალაქტიკები
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების თანახმად, სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე გალაქტიკები იმაზე მრავალფეროვანი და განვითარებული იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ეს მეცნიერებმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიით დაფიქსირებული ასობით ასეთი ობიექტის შესწავლის შედეგად დაასკვნეს.
სპეციალისტებმა აღნიშნული მონაცემები პროექტ The Cosmic Evolution Early Release Science (CEERS)-ის ფარგლებში მოიპოვეს. მისი მიზანი ვების მეშვეობით კოსმოსის წარსულში "გახედვაა", რათა 11-13 მილიარდი წლის წინანდელი გალაქტიკები გამოვიკვლიოთ.
მიღებულ სურათებზე მატერიის ისეთი სისტემებია აღბეჭდილი, რომელთა სინათლემაც სამყაროს გაფართოების პარალელურად სპექტრის წითელ დიაპაზონში გადაინაცვლა, ანუ გაიწელა. ფოტოები იმაზე ბევრად მკაფიოა, ვიდრე ჰაბლის მიერ გადაღებული. მათზე ნაჩვენებია უკვე ჩამოყალიბებული გალაქტიკების ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა დისკო და სფეროიდული კომპონენტები.
"ეს ნიშნავს, რომ წითელი წანაცვლების მიუხედავად, გალაქტიკები საკმაოდ განვითარებული იყო და მათი მრავალფეროვანი სტრუქტურა არსებობდა. ჩვენ დისკოს მქონე პირველ გალაქტიკებს ჯერ ვერ ვხედავთ. მოგვიწევს, უფრო მეტი ასეთი ობიექტი შევისწავლოთ, ბევრად მაღალი წითელი წანაცვლებით, რათა გავიგოთ, როდის დაიწყო დისკოს მსგავსი სტრუქტურების ფორმირება", — აცხადებენ ავტორები.
ამ მონაცემების მოპოვების შემდეგ პროექტ CEERS-ის ფარგლებში ვებმა კოსმოსზე დაკვირვებას კიდევ 60 საათი დაუთმო. შესაბამისად, შესაძლოა, რომ მას მაღალი წითელი წანაცვლების მქონე კიდევ ათასობით გალაქტიკა დაეფიქსირებინა, ანუ ყველაფერი წინაა.
ავტორთა ნაშრომი ჯერჯერობით სამეცნიერო პორტალ ArXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.
კომენტარები