როგორ გამოიყურებოდა რამზეს II? — მეცნიერებმა ეგვიპტის ფარაონის სახე აღადგინეს
მეცნიერებმა ეგვიპტის ფარაონის, რამზეს II-ის სახე აღადგინეს, რისთვისაც მუმიფიცირებული ნეშტი გამოიყენეს. ყველასთვის კარგად ცნობილი მმართველი 80 წელს გადაცილებული იყო, როცა დაიღუპა, თუმცა სურათზე ამ პიროვნებას ისე ვხედავთ, როგორც დაახლოებით 45 წლის ასაკში გამოიყურებოდა.
"ასაკის კლების სამგანზომილებიანი პროცესი გამოვიყენეთ, რათა ხანდაზმულობის ზოგიერთი ნიშანი მოგვეშორებინა და ის შუახნის ასაკში წარმოგვეჩინა, როცა ძალაუფლების მწვერვალზე იყო", — ამბობენ სპეციალისტები.
დიდებული ფარაონის მუმია ამჟამად კაიროში მდებარე ეგვიპტური ცივილიზაციის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ის ქალაქ ლუქსორის მახლობლად 1881 წელს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სახვევებისგან ნაწილობრივ გაათავისუფლეს, რათა მისი გარეგნული მახასიათებლები გამოევლინათ.
მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით რამზეს II-ის თავის ქალის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს, რომელიც სახის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს. ეს მათ კრიმინალური გამოძიებებისთვის განკუთვნილი პროგრამით შეძლეს. კანის, თვალებისა და თმის დასამატებლად მათ კომპიუტერით გენერირებული გამოსახულებების (CGI) ტექნოლოგიას მიმართეს და იმდროინდელ ეგვიპტეში გავრცელებულ ვიზუალს დაეყრდნნენ.
შედეგად მიღებულ სურათზე ფარაონი ისე იყო გამოსახული, როგორც, სავარაუდოდ, ხანდაზმულობისას გამოიყურებოდა. ბოლოს ასაკის კლების ტექნიკის ჯერიც მოვიდა, მაგრამ ეს მარტივი არ ყოფილა, რადგან ხსენებული მეთოდი სამგანზომილებიან მოდელზე უნდა გამოეცადათ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თავის ქალის მიხედვით სახის აღსადგენად ორი მიდგომაა გავრცელებული. ერთ-ერთია "სახის მიმსგავსება", რომელიც საშუალო მონაცემებს ეყრდნობა, მეორე კი "სახის რეკონსტრუქციაა" და ის უფრო დეტალურ ანატომიურ თუ მორფოლოგიურ ფაქტორებს ითვალისწინებს, რასაც თან სდევს ფერებისა და ტექსტურების დამატებაც. სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერეს არჩევანი მეცნიერებმა.
ისტორიული წყაროების თანახმად, რამზეს II ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1303 წელს, ფარაონ სეტის I-ის ოჯახში დაიბადა და ტახტზე მამის სიკვდილის შემდეგ, 1279 წელს ავიდა. მან მმართველობისას ეგვიპტის იმპერიის საზღვრები გააფართოვა და მრავალი მონუმენტური ნაგებობა ააშენა, როგორიც კარნაკის ტაძარია. ის დაახლოებით 1213 წელს დაიღუპა.
კომენტარები