შექმნეს ხელოვნური პანკრეასი, რომელიც 1-ელი ტიპის დიაბეტს წარმატებით მართავს
მეცნიერებმა ხელოვნური პანკრეასი, ე.წ. შეკრული სისტემა, გამოცადეს და დაადგინეს, რომ იგი პირველი ტიპის დიაბეტს წარმატებით მართავს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ახლახან NICE-მ ტექნოლოგიის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BMJ ავრცელებს.
გამოგონება ნამდვილი პანკრეასის ფუნქციონირებას იმეორებს: კანქვეშ გლუკოზის სენსორი თავსდება, რომელიც ალგორითმის საშუალებით ავტომატურად ანგარიშობს, ტუმბოს საშუალებით რამდენი ინსულინი უნდა მიაწოდოს სხეულს. შესაბამისად, 1-ელი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს სისხლში შაქრის დონე ხელით კონტროლი და დღიური ინიექციების გაკეთება აღარ მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ მონაცემებზე თვალის მიდევნება სმარტფონზეც არის შესაძლებელი სისტემის გამოყენებით, რომელშიც მომხმარებელს კვებისას მიღებული ნახშირწყლების მიახლოებითი რაოდენობა შეჰყავს.
ტექნოლოგიის გამოცდა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. კვლევაში ქვეყნიდან 1-ელი ტიპის დიაბეტის მქონე ასობით ზრდასრული და ბავშვი მონაწილეობდა. იგი დაავადების მართვაში აქამდე არსებულ სხვა მოწყობილობებზე წარმატებული აღმოჩნდა, ახლახან კი National Institute for Health and Care Excellence-მა (NICE) მისი გამოყენება ოფიციალურად დაუშვა.
"1-ელი ტიპის დიაბეტის მქონე ზოგიერთ ადამიანს თავისი დაავადების მართვა მაშინაც კი უჭირს, როდესაც ექიმების მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს. ეს ტექნოლოგია საუკეთესო ჩარევაა დიაბეტის მართვისათვის, თუმცა არა მის განსაკურნად", — აცხადებს მარკ მარკ ჩეპმენი, NICE-ის სამედიცინო ტექნოლოგიების დროებითი დირექტორი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწყობილობა ამჟამად $7,025 ღირს და ბევრისათვის ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, NICE-მ ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს ფასის შემცირება სთხოვა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, აშშ-ში დიაბეტი ამჟამად დაახლოებით 23 მილიონ ადამიანს აწუხებს. შესაბამისად, ხარჯების შემცირების შემთხვევაში იგი დიაბეტის მართვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.
სხვა მსგავსი გამოგონებები
თავისთავად, ეს ამ ტიპის ერთადერთი მოწყობილობა არ არის. 2022 წლის ივნისში ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ადამიანის გენმოდიფიცირებულ უჯრედებს შეიცავს და პირდაპირ ადამიანის კანქვეშ შეიძლება ჩაინერგოს. პირველი ტიპის დიაბეტის თაგვებისეულ მოდელში ამგვარი იმპლანტანტი შაქრის დონეს წარმატებით უბრუნებს ნორმალურ მდგომარეობას.
2020 წლის აგვისტოში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) სხვა ხელოვნური პანკრეასი შექმნეს — კერძოდ, მოწყობილობა, რომელიც ინსულინის წარმომქმნელი ინვაზიური იმპლანტანტებისაგან გამოწვეულ ნაიარევ ქსოვილს გვარიდებს თავიდან. თაგვებზე ჩატარებულ კვლევაში ავტორებმა გვაჩვენეს, რომ მოწყობილობაში მექანიკური ამოქმედების დანერგვის შემდეგ იგი იმაზე დიდხანს ინარჩუნებდა ფუნქციურობას, ვიდრე მედიკამენტების შეყვანისათვის განკუთვნილი ტიპური იმპლანტანტები.
კომენტარები