მკვლევრები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის, რასაც ისინი უწოდებენ "პროტო-წერის სისტემას". აღმოჩენა გაკეთდა გამოქვაბულში, 20 000 წლის წინანდელ ნახატებზე, რაც მას დამწერლობის ყველაზე ადრეულ ფორმად აქცევს.

ზემო პალეოლითის ეპოქის მონადირეები მსგავს სიმბოლოებს სავარაუდოდ გადარჩენისთვის აუცილებელი ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ: მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნიშნები ცხოველების სეზონურ შეჯვარებას ასახავს, რომელიც ორგანიზებულია მთვარის თვეების მიხედვით.

აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ამის მიხედვით უძველესი დამწერლობა 14 000 წლით უკან გადმოიწევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ არ ვხვდებით ასოებსა და წინადადებებს, ეს ნიშნები წარმოადგენს მნიშვნელობის სრულ ერთეულს", — წერენ მკვლევრები თავიანთ გამოქვეყნებულ ნაშრომში.

ჯგუფმა შეისწავლა წერტილების, ხაზებისა და Y ფორმების 800-ზე მეტი თანმიმდევრობა, რომლებიც აღმოჩენილია მღვიმეების ნახატებში ევროპაში ბოლო გამყინვარების ხანიდან.

ეს აღნიშვნები ძირითადად ცხოველების გამოსახულების გვერდით გვხვდება, რაც გადამწყვეტია მათი გაშიფვრის პროცესში.

"ამ ნახატებში ნიშნების მნიშვნელობა ყოველთვის მაინტერესებდა, ამიტომ დავიწყე მათი გაშიფვრის მცდელობა. ამისთვის დამჭირდა ისეთი მიდგომა, რომელიც ბერძნული ტექსტის ადრეული ფორმის გასაგებად გამოიყენეს", — ამბობს დამოუკიდებელი მკვლევარი ბენ ბეკონი.

ფერწერის ნიმუშების ვრცელი მონაცემთა ბაზა შემოწმდა დღეს არსებული ცხოველების დაბადების ციკლების მიხედვით. ამან ამ ნიშნების მანამდე ფარული მნიშვნელობები გამოავლინა — ისინი აჩვენებდნენ როდის წყვილდებოდა თითოეული ცხოველი.

ვარაუდობდნენ, რომ Y სიმბოლო, რომელიც რეგულარულად ჩნდებოდა ამ ნახატებში, ნიშნავდა "მშობიარობას". ეს იმდროინდელ ადამიანებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა ცხოველებზე. ცხოველებში შედიოდნენ გარეული ცხენები, ირმები და მამონტები.

აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გამყინვარების ხანის მონადირეები წარსულ მოვლენებსაც აფიქსირებდნენ.

"მთვარის კალენდრები რთულია, რადგან წელიწადში სულ რაღაც თორმეტნახევარ მთვარის თვეზე ნაკლებია, ამიტომ ისინი კარგად არ ჯდება წელიწადში. შედეგად, ჩვენმა თანამედროვე კალენდარმა დაკარგა კავშირი მთვარის თვეებთან", — ამბობს მათემატიკოსი ტონი ფრიტი დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.

მკვლევრების მიერ ასახული ნამუშევარი მოიცავს გარკვეულ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, ყველა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ შეჯვარების კალენდარულ სეზონთან გვაქვს საქმე. თუმცა, უმეტესობა თანხმდება, რომ იდეა იმსახურებს შემდგომ გამოკვლევას და შესწავლას.

დამწერლობა, როგორც ის დღეს ჩვენ ვიცით, წარმოიშვა შუმერის რეგიონიდან, მესოპოტამიაში დაახლოებით ძვ.წ-ით 3300 წელს. თუმცა, ახლა დამწერლობის ისტორია შეიძლება ბევრად უფრო შორეულ წარსულში წავიდეს.

"კვლევა გვეუბნება, რომ ყინულის ხანის მონადირე-შემგროვებლებმა პირველებმა გამოიყენეს სისტემატური კალენდარი და ნიშნები ამ კალენდრის ძირითადი ეკოლოგიური მოვლენების აღსაწერად", — ამბობს არქეოლოგი პოლ პეტიტი დიდი ბრიტანეთის დურჰამის უნივერსიტეტიდან.

კვლევა გამოქვეყნდა Cambridge Archaeological Journal-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.