მეცნიერებმა ტვინში ახალი ანატომიური სტრუქტურა აღმოაჩინეს — რა ვიცით
მეცნიერებმა ტვინის აქამდე უცნობი ანატომიური სტრუქტურა აღმოაჩინეს. ეს ქსოვილის შრეა, რომელსაც მათ სუბარაქნოიდული ლიმფურის მსგავსი მემბრანა (SLYM) უწოდეს. მას ტვინში ნარჩენების მოცილებასა და იმუნური სისტემის მუშაობაში მიუძღვის წვლილი და დამცავი ბარიერის როლს ასრულებს. კვლევა ჟურნალში Science გამოქვეყნდა.
ახლად აღმოჩენილი მემბრანა თავდაპირველად თაგვებში შენიშნეს, ზრდასრულ ადამიანთა ტვინებში კი ამას შემდეგ დააკვირდნენ. იგი მხოლოდ რამდენიმე უჯრედის სისქისაა და ერთ-ერთია იმ ოთხი მემბრანისგან, რომლებიც ტვინსა და თავის ქალას შორისაა მოქცეული. დანარჩენი სამია: მაგარი, ქსლისებრი და რბილი გარსები — ისინი ერთად ტვინის გარსს, იგივე მენინგეალურ შრეს, წარმოქმნის. მეოთხე მემბრანა SLYM, კერძოდ, არაქნოიდული შრის ქვემოთ არსებულ სივრცეს, სუბარაქნოიდულ სივრცეს, გამოყოფს, რომელიც თავზურგტვინის სითხეს შეიცავს (CSF, იგივე ცერებროსპინალური სითხე).
ასე იგი სხვა მენინგეალურ მემბრანებთან ერთად ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის ბარიერს წარმოქმნის. SLYM, როგორც ჩანს, ახლად შექმნილ, "სუფთა" CSF-ს გამოყოფს "ჭუჭყიანი" CSF-სგან, რომელიც უჯრედებისაგან წარმოქმნილ ნარჩენ პროდუქტებს შეიცავს. შესაბამისად, იგი გლიმფურ სისტემაშიც უნდა იყოს ჩართული. ეს უკანასკნელი ქსელია, რომელიც ტვინიდან ნარჩენების მოცილებაზეა პასუხისმგებელი.
SLYM მეზოთელიუმის მემბრანის ერთ-ერთი ფორმაა. ასეთი მემბრანები სხეულის სხვა ორგანოებშიც გვხვდება, მაგალითად, ფილტვებსა და გულში. მათი ფუნქცია, ჩვეულებრივ, ორგანოების დაცვა და იმუნური უჯრედების "შეფარებაა", ამ მხრივ გამონაკლისი კი არც SLYM გახლავთ. როგორც ირკვევა, იგი იმუნურ უჯრედებთან ერთად მუშაობს, რაც ტვინის დაცვის მხრივ მის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. ზემოხსენებულ უჯრედებს შეუძლია, SLYM-ის გამოყენებით ინფექციის ანდა ანთების ნიშნებზე CSF-ს მიადევნოს თვალი.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, შესაძლოა, მიგნება ტვინის დაზიანებების ან მისი სხვადასხვა დაავადების (გაფანტული სკლეროზი, ალცჰაიმერი...) შესწავლაში დაგვეხმაროს.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ანთებასა და ასაკის მატებაზე საპასუხოდ SLYM-ში იმუნური უჯრედების რიცხოვნობა და მრავალფეროვნებაც იცვლება.
"SLYM-ის ფიზიკურად გარღვევამ, შესაძლოა, CSF-ის დინების ცვლილების გამო გლიმფური დინების ხანგრძლივი დახშობა ახსნას ტვინის დაზიანების შემდეგ, ასევე ტრავმის შემდეგ ალცჰაიმერის განვითარების რისკის ზრდაც", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი თქმით, შესაძლოა, SLYM-ში გაჩენილმა ნახვრეტებმა თავის ქალიდან იმუნურ უჯრედებს ტვინამდე მიღწევის საშუალება მისცეს, რაც, სავარაუდოდ, დაზიანების შემდეგ გახანგრძლივებულ ანთებასაც ახსნის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალ სტრუქტურას ტვინის არაერთ დაავადებაზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. შესაბამისად, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა ამ მდგომარეობების კუთხით თვალსაწიერის გაფართოებაში დაგვეხმარება.
კომენტარები