ჯეიმს ვების ტელესკოპმა ადრეულ სამყაროში არსებული, ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკები გამოავლინა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ადრეულ სამყაროზე დაკვირვებისას ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსი სტრუქტურის მქონე გალაქტიკები გამოავლინა. ეს კოსმოსის განვითარების პირველ ეტაპებზე მატერიის ამგვარი სისტემებისა და ვარსკვლავების ფორმირების პროცესზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ერთ-ერთი სამიზნე ობიექტი EGS23205 გახლდათ, სპირალური ბარიანი გალაქტიკა, რომლის ცენტრიდანაც მნათობთა ნაკადებია ამოზრდილი. ზემოთ ნაჩვენები სურათებიდან ერთში მას ჰაბლის ახლო ინფრაწითელი ობიექტივიდან ვხედავთ (მარცხნივ), ხოლო მეორეში ვების შუა ინფრაწითელი კამერის მიერ დაფიქსირებული კადრია წარმოდგენილი (მარჯვნივ).
ამ უკანასკნელში გალაქტიკის სტრუქტურა უფრო დეტალურად და მკაფიოდაა აღბეჭდილი. რაც მთავარია, ფოტოზე კარგად ჩანს გალაქტიკის ე.წ. ბარი, ანუ ვარსკვლავებისგან შედგენილი ცენტრალური ნაწილი, რომელიც სისტემის ევოლუციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის აირს ბირთვისკენ უბიძგებს და მნათობთა წარმოქმნას უწყობს ხელს, ასევე, ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელს "კვებავს".
ვების მიერ შესწავლილ მსგავს ობიექტთა ნაწილი სამყაროს უძველეს გალაქტიკებს შორისაა და თითოეული მათგანი სურათებზე ისეთი ჩანს, როგორიც დიდი აფეთქებიდან რამდენიმე ასეულ მილიონ წელში იყო. მაგალითად, EGS23205-ის შემთხვევაში დაახლოებით 11 მილიარდი წლის წინანდელ გამოსახულებას ვხედავთ და ვასკვნით, რომ ადრეულ გალაქტიკებში გამოკვეთილი ბარი უკვე არსებობდა.
ეს ჰაბლის ფოტოებში ძნელად შესამჩნევია, მაგრამ ვების შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს, რომ გალაქტიკათა სტრუქტურა უფრო ცხადად გამოვავლინოთ და დეტალურად შევისწავლოთ. ეს ორი ობსერვატორია სინათლის სხვადასხვაგვარი ტალღების მიმართაა მგრძნობიარე. თუ ჰაბლი უფრო მეტად ხილულ გამოსხივებაზეა კონცენტრირებული, ვები ინფრაწითელ სპექტრს აღიქვამს, შესაბამისად აირისა და მტვრის მიღმა არსებული გარემოს დაფიქსირება შეუძლია.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდება.
კომენტარები