რატომ არის ზოგიერთი ადამიანი უფრო მოტივირებული — რას ამბობენ ექსპერტები
მოტივაცია ის წყაროა, რომელიც ადამიანებს საქმის კეთებაში და ქცევის შეცვლაში გვეხმარება. თუმცა, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი უფრო მოტივირებული ვიდრე სხვები?
ადამიანის მოტივაცია და მის უკან არსებული მიზეზები შეიძლება იყოს უნიკალური, როგორც თითის ანაბეჭდი, მაგრამ ტვინში არის ქიმიური მექანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რა ამოძრავებს ადამიანებს და რამდენად მოტივირებული არიან ისინი ყოველდღიურობაში.
რობერტ უესტმა, ფსიქოლოგმა და ლონდონის კოლეჯის ქცევითი მეცნიერებისა და ჯანმრთელობის დამსახურებულმა პროფესორმა, განუცხადა Live Science-ს, რომ ადამიანები მოტივაციის წყაროს სხვადასხვა რაღაცაში ეძებენ.
"არსებობს უამრავი რამ, რაც მოტივაციას გვმატებს", — ამბობს ის. "ეს შეიძლება მომდინარეობდეს სიამოვნებიდან, კომფორტისგან, შიმშილიდან, ან უფრო აბსტრაქტული სურვილებიდან, როგორიცაა მიზანი და კონტროლი. სოციალური მოტივატორები ასევე შეიძლება მოიცავდეს სიყვარულს, ძალაუფლებას, კუთვნილებას და აღიარების სურვილს. ჩვენ ყველა განვსხვავდებით, იმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ეს ჩვენთვის და გვაქვს განსხვავებული პრიორიტეტები ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე".
ნეიროტრანსმიტერები, ან ქიმიური მესინჯერები ტვინში, შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ მოტივაციის განსხვავებებზე. 2012 წელს მკვლევრებმა მონაწილეებს სთხოვეს ეთამაშათ მათემატიკური თამაში სხვადასხვა დონის სირთულით ფულადი ჯილდოსთვის.
ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტად სურდათ "რთული" თამაში, გამოეყოთ დოფამინის უფრო მაღალი დონე ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც დაკავშირებულია ჯილდოსა და მოტივაციასთან, კერძოდ ვენტრომედიალურ პრეფრონტალურ ქერქში. მათ, ვინც ნაკლები ძალისხმევა გაიღეს, გამოჰყვეს მეტი დოფამინი ტვინის იმ ზონაში, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებსა და რისკის აღქმაზე.
"გარკვეული ქიმიკატები თავის ტვინში, როგორიცაა ენდორფინები და დოფამინი, დაკავშირებული არიან ჩვენს სურვილთან და იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ჩვენი ქცევა", — თქვა უესტმა. "მაგალითად, დოფამინის გამოყოფა ტვინის გარკვეულ ნაწილში, გვიბიძგებს იმისკენ თუ რა უნდა მოგვეწონოს და რა არა, მაშინ როცა ენდორფინები მონაწილეობენ კეთილდღეობის განცდაში".
არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ დოფამინი გამოიყოფა სიამოვნების მისაღებად ან ჯილდოს საპასუხოდ და რომ ადამიანებში ის გამოიყოფა, როდესაც რაღაც გვაკმაყოფილებს. თუმცა, 2013 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ეს ნეიროტრანსმიტერი რეალურად მოუწოდებს ადამიანებს იმოქმედონ ჯილდოს მიღებამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოფამინი გამოიყოფა რაიმე კარგის მისაღწევად. რადგან დოფამინი გამოიყოფა ტვინის სხვადასხვა უბანშიც, ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა რამით არის მოტივირებული.
მკვლევრების თქმით, დოფამინის დონე განსხვავდება ინდივიდებიდან გამომდინარე, რამაც შეიძლება ახსნას თუ რატომ არის ზოგიერთი უფრო მოტივირებული.
"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება გრძნობდეს დიდ მოტივაციას ცვლილებისთვის, ცვლილება მაინც არ მოხდეს“, — ამბობს სიუზან მიჩი, ფსიქოლოგიის პროფესორი და ლონდონის კოლეჯის ქცევის ცვლილების ცენტრის დირექტორი. "ეს არის გრძნობის მოქმედებად გადაქცევა — გრძნობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რამე მოხდეს. ადამიანს ასევე უნდა ჰქონდეს ქცევის მართვის უნარები და მისი განხორციელების შესაძლებლობა."
მიჩის თქმით, არსებობს გზები, რათა დაიხუროს განზრახვა-ქცევას შორის უფსკრული. ეს მოიცავს გეგმის შედგენას, კონკრეტულად რა, როდის და ვისთან ერთად უნდა მოხდეს მოქმედება. გეგმის სხვებთან გაზიარებამ შეიძლება შთააგონოს ინდივიდს.
2011 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჯგუფურ მუშაობას სუსტი წევრების გაუმჯობესება შეუძლია. მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სოციალური შედარებებით და რწმენით, რომ ჯგუფის წარმატებისთვის საჭიროა საერთო ძალისხმევა. თუმცა, გაურკვეველია, როგორ იმოქმედა ამან ჯგუფის "ძლიერ" წევრებზე.
მიჩის თქმით, აქტივობის სხვა რამით ჩანაცვლებაც შეიძლება დაგვეხმაროს მოტივაციის შეძენაში.
"თუ ადამიანი აპირებს შეწყვიტოს ისეთი საქმის კეთება, რისი კეთებაც სიამოვნებს, როგორიცაა ალკოჰოლის მიღება, მან უნდა იფიქროს იმაზე, რისი გაკეთება შეუძლია ამის ნაცვლად და მოერიდოს ადგილებს, რომლებსაც ალკოჰოლთან აკავშირებს", — ამბობს მიჩი.
კომენტარები