Neuralink-ის თანადამფუძნებელი თვალის იმპლანტს ქმნის — როგორი იქნება ის
ილონ მასკის Neuralink-ის 2021 წელს დატოვების შემდეგ, მაქს ჰოდაკი ახალი სტარტაპით ბრუნდება. ჰოდაკი მუშაობს თვალის ახალი თაობის პროთეზზე, რომელიც, მისი აზრით, გარდა სიბრმავის დამარცხებისა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს.
Futurism-თან ინტერვიუში მასკის ყოფილმა პარტნიორმა ახალი კომპანიის, Science Corp-ის ახალ ტექნოლოგია Science Eye-ზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს თვალი მხედველობის აღსადგენად გენურ თერაპიასა და microLED დისპლეის აერთიანებს.
ნეირომეცნიერების ანტრეპრენერი აცხადებს, რომ Science Eye კურდღლებზე უკვე გამოიცადა და ყველაფერი კარგად მიდის. მიუხედავად ამისა, ადამიანებზე გამოცდა ჯერ ისევ შორსაა. სულ მცირე, ამას 18 თვე მაინც დასჭირდება. ჰოდაკი ფიქრობს, რომ ვირტუალური და გაფართოებული რეალობების განსხვავებული გამოცდილება მომხმარებელს თანამედროვე VR სათვალეებს მარტივად დაავიწყებს.
Science Corp, დამფუძნებლის განცხადებით, Neuralink-ისგან რადიკალურად განსხვავდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, Science Corp ამ მომენტში "ტვინი-კომპიუტერი" ტექნოლოგიების ყველაზე მეტად დაფინანსებულ სტარტაპებს შორის 160 მილიონი დოლარით მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ მასკის Neuralink-ს ჩამორჩება.
"ჩვენი ტექნიკური მიდგომა Neuralink-ისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენი ხედვა კლინიკურ ვიზუალურ პროთეზებზე ბევრად შორს მიდის. გვირჩევნია მივაღწიოთ რამეს და შემდეგ განვვითარდეთ, ვიდრე გავაკეთოთ ფსონი ისეთ რამეზე, რასაც ან შევასრულებთ, ან ვერა", — განაცხადა მაქს ჰოდაკმა.
ამ მომენტში კომპანია ტექნოლოგიის ადამიანებზე გამოცდის უფლებების მოპოვებაზე მუშაობს.
კომენტარები