რატომ იწვევს მარიხუანა პანიკურ შეტევებს ზოგიერთ ადამიანში? — რას ამბობს მეცნიერება
მარიხუანას მიზანი ადამიანის დამშვიდება, მოსვენება და შფოთვისა და სტრესისგან გათავისუფლებაა, თუმცა, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, იგი საპირისპირო ეფექტებს წარმოშობს. ექსპერტები დიდი ხანია იკვლევენ საკითხს, თუ რატომ იწვევს მარიხუანა ზოგჯერ პანიკურ შეტევებს, ვინ არის ყველაზე მოწყვლადი და ზუსტად რა ხდება ამ დროს ტვინში.
რა არის შფოთვითი რეაქცია მარიხუანაზე?
"დასაწყისისთვის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანიკური შეტევა არის ფორმალური დიაგნოზი და არ არის ნათელი, რომ კანაფზე პანიკური რეაქცია აუცილებლად შეესაბამება ამ დიაგნოზს", — ამბობს რაიან გრეგორი ვანდრი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, რომლის კვლევა, ძირითადად, ორიენტირებულია კანაფის ქცევით ფარმაკოლოგიაზე. "მიუხედავად ამისა, კანაფმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი და პანიკური რეაქციები."
გარდა ამისა, ამ საკითხში, კანაფი, ზოგადად, შეიძლება არ იყოს დამნაშავე. ტერმინი კანაფი გამოიყენება ათასობით პროდუქტის აღსაწერად და მათ მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია პანიკური რეაქციის გამოწვევა. მაგალითად, კანაბიდიოლი (CBD), რომელიც გამოიყენება უამრავ პროდუქტში, ლოსიონებიდან დაწყებული საღეჭი რეზინებით დამთავრებული, თავისთავად არ წარმოშობს პანიკურ რეაქციას.
დელტა-9 ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) არის კანაფის ძირითადი ინგრედიენტი, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს პანიკას. ვანდრის მიხედვით, იგი ბუნებრივად გვხვდება კანაფის მცენარეში და ასოცირდება შფოთვის მსგავს რეაქციასთან. THC ასევე უკავშირდება "დაბოლილობის" განცდას, ისევე როგორც ზოგიერთ კოგნიტიურ დაქვეითებას, რომელიც თან ახლავს კანაფის გამოყენებას.
რა იწვევს THC-ზე შფოთვით რეაქციას?
ვანდრის თქმით, მოხმარება საკვების, ვეიფინგის ან მოსაწევი პროდუქტებისა, რომლებიც შეიცავს THC-ს, ყველაზე მეტად იწვევს შფოთვას, მაგრამ ლოსიონებისა და ზეთების შემთხვევაში იგივე რეაქციები არ დასტურდება.
მაგალითად, კანაფის აორთქლება არის მოხმარების ყველაზე ძლიერი საშუალება და, ამდენად, ყველაზე მეტად იწვევს შფოთვას. განსხვავება აორთქლებასა და კანაფის მოწევას შორის ჰგავს განსხვავებას ჩვეულებრივ სიგარეტსა და ელექტრო სიგარეტს შორის. აორთქლებისას მცენარე ხდება "აეროზოლური", რაც ნიშნავს, რომ კვამლში არც ერთი ნარკოტიკი არ იკარგება. ვანდრის მიხედვით, ადამიანი ამ ყველაფერს ყლაპავს და, შესაბამისად, ეფექტიც ძლიერია.
რა თქმა უნდა, მოხმარების ფორმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მარიხუანაზე შფოთვითი რეაქციისკენ ბიძგში უმთავრესი დოზირებაა. დადასტურებულია, რომ THC, არაუმეტეს 10 მგ დოზირებით, ამცირებს შფოთვას, მაგრამ ზედმეტი დოზის შემთხვევაში, სავარაუდოდ, შფოთვა გაიზრდება. უფრო მეტიც, დოზის მიმართ პასუხი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: გენეტიკა, სქესობრივი განსხვავებები, სხვა მედიკამენტები და გამოყენების წინა ისტორია. ადამიანის რეაქცია THC-ზე ასევე შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს.
ვანდრის ლაბორატორიაში არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ქალები კანაფს უფრო ნელა მეტაბოლიზებენ, ვიდრე კაცები. უფრო კონკრეტულად, კანაფის მეტაბოლიზმი არის ორეტაპიანი პროცესი. იგი იწყება "მშობელი THC მოლეკულით", რომელიც მეტაბოლიზდება მოლეკულაში სახელად 11 ჰიდროქსი მეტაბოლიტი. ვანდრის თქმით, ქალებს 11 ჰიდროქსი მეტაბოლიტის უფრო მაღალი დონე აქვთ, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ქალები უფრო მოწყვლადები არიან შფოთვითი პასუხის მიმართ, ვიდრე კაცები.
რა ხდება სხეულში შფოთვითი რეაქციის წარმოქმნისას?
რამდენიმე მექანიზმი იწვევს კანაფის პანიკურ რეაქციას. ტვინი შეიცავს კანაბინოიდის უამრავ რეცეპტორს. ეს რეცეპტორები განლაგებულია ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც პასუხისმგებელია განწყობასა და ემოციებზე.
გარდა ამისა, THC საკმაოდ ზრდის გულისცემას — ეს კი ერთ-ერთი მთავარი ფიზიოლოგიური ეფექტია, რომელიც დაკავშირებულია პანიკურ შეტევასთან. როდესაც გულისცემის აჩქარებას გრძნობთ, სავარაუდოდ, დაგეწყებათ შფოთვა და პანიკა. THC-ს ზემოქმედებამ ტვინზე, "გაძლიერებულ აგზნებასთან" ერთად, შეიძლება პანიკაც წარმოშვას.
თავის ლაბორატორიაში ვანდრი იშვიათად ხედავს ამ რეაქციებს, მაგრამ ისინი რეალურად ხდება. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობაში რეაქციები ქრება და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. ვანდრის თქმით, იმის ცოდნამ, თუ რა ხდება და გაცნობიერებამ, რომ უსაფრთხოდ ხარ, შეიძლება ითამაშოს როლი წარმოქმნილი პანიკის შემცირებაში. ზოგადად, შფოთვითი პასუხები დიდხანს არ გრძელდება და, როგორც წესი, ნარკოტიკის ეფექტის გასვლისთანავე ქრება.
კომენტარები