10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს Android სმარტფონზე ვიღაც გითვალთვალებთ
თანამედროვე სამყაროში ადამიანთა ცხოვრებამ ერთ პატარა მოწყობილობაში, ტელეფონში, გადმოინაცვლა: მუსიკა, ფოტოსურათები, მიმოწერები — ახლა უკვე ყველაფერი ერთ სივრცეშია. შესაბამისად, ციფრულ სივრცეში თვალთვალისა მიმართაც მეტად მოწყვლადები ვართ.
ჩვენი მიყურადებით არაერთი პირი შეიძლება იყოს დაინტერესებული: ჰაკერები, თაღლითები და პირად ინფორმაციაზე მონადირე სხვა თავდამსხმელები; ამასთანავე, ის ხალხიც, ვისგანაც ამას ნაკლებად ელით: ეჭვიანი შეყვარებული, მშობლები, ტელეფონის წინა მფლობელი ანდა სულაც მთავრობა.
როგორ გავიგოთ, გვითვალთვალებენ თუ არა?
ამის დაზუსტებით თქმა რთულია, თუმცა თვალთვალზე, შესაძლოა, ეს რამდენიმე ნიშანი მეტყველებდეს:
1. მობილურის ფუნქციონირება გაუარესდა
სათვალთვალო პროგრამა თქვენგან მონაცემებს მუდმივად იღებს, ფონურ რეჟიმში მუშაობს და რესურსებს გართმევთ. ამის გამო ხშირად ტელეფონის მუშაობა ნელდება. იმ შემთხვევაში, თუკი პერფორმანსში უცაბედ ცვლილებას ამჩნევთ და ამას ვერაფერს უკავშირებთ, შესაძლოა, საქმე სწორედ პროგრამა-ჯაშუშთან გვქონეს.
თავისთავად, ფუნქციონირების გაუარესებას სხვა მიზეზებიც იწვევს. შესაბამისად, შეგიძლიათ პირველ რიგში სმარტფონის ასაჩქარებელ მეთოდებს გაეცნოთ.
2. ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა უეცრად მცირდება
ნორმალურია, თუკი ელემენტი იმდენხანს აღარ ძლებს, რამდენსაც შეძენიდან პირველ თვეებში — ისინი დროთა განმავლობაში ფუჭდება. მიუხედავად ამისა, ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობის უეცარ შემცირებას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
პროგრამა-ჯაშუშები ფონურ რეჟიმში მუშაობს და საკმაოდ ბევრ რესურსს (GPS და სხვა) იყენებს. შესაძლოა, ბატარეის უეცარი დაჯდომა თვალთვალზე მიანიშნებდეს, თუმცა გირჩევთ, მანამდე ამის სხვა გავრცელებული მიზეზებიც შეამოწმოთ.
ამასთანავე, იმის გასაგებად, თუ რომელი აპლიკაციები იყენებს ელემენტს:
- გახსენით პარამეტრები — Settings
- აირჩიეთ ბატარეა — Battery
- დააჭირეთ ბატარეის მოხმარებას — Battery usage
ამის შემდეგ გამოჩნდება, რომელი პროგრამა რა პროცენტულობით მოიხმარს ელემენტს. დააკვირდით, რომელიმე პროგრამა თქვენთვის უცნობი ხომ არ არის. ამ შემთხვევაში მისი სახელი Google-ის საძიებო სისტემაში შეიყვანეთ და გადაამოწმეთ — შესაძლოა, იგი სათვალთვალო ანდა მავნე აპლიკაცია იყოს.
3. მონაცემების მოხმარება ნორმის ფარგლებს სცდება
პროგრამა-ჯაშუში თავდამსხმელს მუდმივად ამყოფებს საქმის კურსში. შესაბამისად, მას მონაცემები დასჭირდება, თანაც ბევრი. იმ შემთხვევაში, თუკი მათ მობილური ზედმეტად იყენებს, შესაძლოა, საქმე სწორედ თავდასხმასთან გვქონდეს.
როგორ შევამოწმოთ მონაცემების მოხმარება:
გახსენით მობილურის პარამეტრები — Settings
აირჩიეთ ქსელი და ინტერნეტი — Network & internet
SIMs-ის ქვეშ თქვენი SIM აირჩიეთ
დააჭირეთ App data usage ვარიანტს
აქ დამატებით ინფორმაციას იხილავთ. შეამოწმეთ, რამდენ მონაცემს იყენებს თითოეული პროგრამა და შეუსაბამობებს დააკვირდით. მაგალითად, ნორმალურია, თუ YouTube ბევრ ინტერნეტს იყენებს, თუმცა Notes აპლიკაციაზე ეს ასე არ უნდა იყოს.
4. მობილური უცაბედად ცხელდება
სმარტფონის გახურება თამაშისას ან დატენისას ნორმალურია, თუმცა მარტივი დავალებების შესრულების ანდა უბრალოდ დებისას ეს არ უნდა ხდებოდეს. თუკი ტემპერატურის უჩვეულო მატებას ამჩნევთ, შესაძლოა, საქმე თვალთვალთან გვქონდეს.
5. მობილურზე საუბრისას უცნაური ხმები ჩაგესმით
ტელეფონები, რომლებსაც უთვალთვალებენ, ზარის დროს ზოგჯერ უცნაურ ხმებს გამოსცემს: შხრიალი, წრიპინი, ექოს სახით ხმის გამეორება და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი რაღაცები ზოგჯერ ყველას გვეჩვენება, თუმცა ამას მუდმივი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
6. ტელეფონი თქვენი ჩარევის გარეშე ირთვება და აპლიკაციები არსაიდან ჩნდება
შესაძლოა, გარეგანი ჩარევის გარეშე მობილურის გათიშვა საზიანო პროგრამის არსებობაზე მიანიშნებდეს. ეს ნიშანი ნაკლებადაა საყურადღებო — ზოგი გაუმართავი სმარტფონი ამას ზოგჯერ ისედაც აკეთებს. შიშის საფუძველი იმ შემთხვევაში არსებობს, თუკი ამასთან ერთად სხვა პრობლემებსაც ამჩნევთ.
საგულისხმოა ისიც, რომ მავნე ანდა სათვალთვალო პროგრამები ზოგჯერ ტელეფონში ჩვენი ნებართვის გარეშე წერს აპლიკაციებს. შესაბამისად, საფრთხეზე შეიძლება მიანიშნებდეს ტელეფონში ისეთი პროგრამების არსებობაც, რომლებიც თავად არ გადმოგიწერიათ.
7. უცნაურ შეტყობინებებს იღებთ
საფრთხეზე ზოგჯერ უჩვეულო ტექსტური შეტყობინებების მიღებაც მეტყველებს. ისინი ხან ბევრ ციფრსა თუ ასოს შეიცავს და კოდს წააგავს, ხან კი — სულაც უცხო ნომრიდან შემოსულ შემთხვევით შეტყობინებას.
თავდამსხმელები ხშირად ამ გზით მოქმედებენ, რათა მოწყობილობებთან კომუნიკაცია დაამყარონ და ბრძანებები გასცენ. მაგალითად, თუ მას თქვენი ადგილმდებარეობა სჭირდება, შესაძლოა, იგი წინასწარგანსაზღვრული კოდის გამოგზავნით მოითხოვოს.
8. ტელეფონი თქვენი ჩარევის გარეშე მოქმედებს
შეტყობინების მიღების შედეგად ხმები, განათებები ანდა ეკრანის ანთება სრულებით ნორმალურია, თუმცა არა წინაპირობის გარეშე. ეს საყურადღებოა, თუკი მობილური აქტივობის ამგვარ ნიშნებს აჩვენებს, თუმცა თქვენ არაფერს აკეთებთ. შესაძლოა, საქმე თვალთვალთან გვქონდეს, თუ, მაგალითად, ტელეფონი ირთვება და ხმა ისმის, თუმცა შეტყობინება რეალურად არსადაა.
9. გიჭირთ სმარტფონის გამორთვა და გადატვირთვა
ჰაკერებს სურთ, თქვენს მობილურზე შეფერხებების გარეშე ჰქონდეთ წვდომა. ამ შემთხვევაში მობილურის გამორთვა ან გადატვირთვა მათ პრობლემას შეუქმნის, ამიტომაც ხშირად ამ საქმესაც გვირთულებენ. მეტიც, ზოგიერთი პროგრამა-ჯაშუში ამას შეუძლებელსაც კი ხდის.
10. ბრაუზერის ისტორიაში უცნაური აქტივობა ფიქსირდება
ბრაუზერის ისტორია შეამოწმეთ და დააკვირდით, რამე უცნაურს ხომ არ ამჩნევთ. უფრო კონკრეტულად, შეამოწმეთ, რამე პროგრამა-ჯაშუშის არსებობაზე ხომ არ მეტყველებს. შესაძლოა, ვინმეს თქვენი ბრაუზერის გამოყენებით ზემოხსენებული გადმოეწერა.
მეორე მხრივ, პირადი მონაცემების მოპარვის მსურველები ზოგჯერ ვებსაიტებზეც შედიან და ნახულობენ, რისი წაღება შეუძლიათ.
Chrome-ის ისტორიის შესამოწმებლად:
- გახსენით Chrome ბრაუზერი
- ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში სამწერტილიან მენიუს დააჭირეთ
- History ვარიანტი აირჩიეთ
ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოუყევით და იმ ვებსაიტთა ჩამონათვალი იხილოთ, რომლებსაც ეწვიეთ.
რა ვქნათ, თუ ტელეფონში პროგრამა-ჯაშუშია? — რამდენიმე რჩევა თავის დასაცავად
პირველ რიგში, სანამ საქმე აქამდე მივა, აპლიკაციების გადმოწერისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ამისათვის უცხო საიტებს არ ეწვიოთ.
Play Store მომხმარებლების დაცვას მაქსიმალურად ცდილობს, თუმცა მავნე აპლიკაცია მაინც შეიძლება გაიპაროს. შესაბამისად, პროგრამის ჩამოტვირთვამდე მისი მიმოხილვები და დეველოპერი საფუძვლიანად გადაამოწმეთ.
იპოვეთ მოთვალთვალე აპლიკაცია და წაშალეთ
თუ ფიქრობთ, რომ მობილურზე ვიღაც გითვალთვალებთ, საეჭვო ფაილების/აპლიკაციების წაშლა დაგჭირდებათ. ამას ფაილების მენეჯერიდან (File manager) ანდა უბრალოდ მთავარი ეკრანიდანვე შეძლებთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი პროგრამები ზოგჯერ ნამდვილ სახელსა და ლოგოს არ იყენებს და შესაძლოა, თავს სხვა ნაკლებად საეჭვო აპლიკაციად ასაღებდეს. გადაავლეთ თვალი და, თუკი რაიმე ისეთს შეამჩნევთ, რაც თავად არ გადმოგიწერიათ, დაუყოვნებლივ ამოშალეთ.
ტელეფონი მთლიანად გაასუფთავეთ
პროგრამა-ჯაშუშის პოვნა (შესაბამისად, მისი წაშლა) არც ისე მარტივია. იმაში დასარწმუნებლად, რომ ტელეფონი ნამდვილად სუფთაა, შეგიძლიათ იგი ქარხნულ პარამეტრებზე დააყენოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. შედეგად სმარტფონიდან ყველა მონაცემი (ფოტოები, მუსიკა, აპლიკაციები და ა.შ) წაიშლება, ამიტომაც მანამდე სარეზერვო ასლების გაკეთება დაგჭირდებათ.
გამოიყენეთ ანტივირუსული აპლიკაცია
ამგვარი პროგრამები ზოგჯერ ნაკლებად სანდოა, თუმცა ეს ყველას ნამდვილად არ ეხება. რეკომენდებულ აპლიკაციათა სიას ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
ამასთანავე, თუკი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და გსურთ გაიგოთ, როგორ დაიცვათ თავი ონლაინსივრცეში უკეთ, შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ და ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნოთ.
კომენტარები