როგორ რეაგირებს ტვინი საკვებისა და ნარკოტიკების მიმართ ძლიერ მოთხოვნილებაზე? — ახალი კვლევა
ეს აღმოჩენა შეიძლება იყოს სასიცოცხლო ნაბიჯი ნარკომანიით დაავადებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ახალი სამკურნალო საშუალებების შემუშავებით, რომლებიც პრობლემას წარმოშობის მომენტშივე აღმოფხვრის.
ლტოლვის ნეირონული საფუძვლები არც თუ კარგად გვესმის, თუმცა ახალი კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს ტვინი საკვებისა და ნარკოტიკებისადმი ძლიერ მოთხოვნილებაზე. ეს აღმოჩენა შეიძლება იყოს სასიცოცხლო ნაბიჯი ნარკომანიით დაავადებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ახალი სამკურნალო საშუალებების შემუშავებით, რომლებიც პრობლემას წარმოშობის მომენტშივე აღმოფხვრის.
მანქანური სწავლების ალგორითმი განსაზღვრავს ლტოლვის ნეირომარკერს
მეცნიერებმა იელიდან, დარტმუთიდან და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრიდან (CNRS) დაადგინეს ლტოლვის ნეირომარკერი და თავიანთი დასკვნები გამოაქვეყნეს ჟურნალ Nature Neuroscience-ში.
აღმოჩენამ შეიძლება ხელი შეუწყოს ლტოლვის აშლილობების უკეთ გააზრებას, ახალი მკურნალობის შემუშავებას და ასევე გააუმჯობესოს ნივთიერებების მოხმარების დარღვევების დიაგნოსტიკის მეთოდები. ექიმები დღეს უამრავ დაავადებას დიაგნოსტირებენ პაციენტში ბიოლოგიური მარკერების იდენტიფიცირებით. მაგალითად, დიაბეტის დიაგნოსტირება ხდება ტესტირებით სისხლის მარკერზე, რომელსაც ეწოდება A1C.
"დაავადების სტაბილური ბიოლოგიური ინდიკატორის არსებობის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შემდეგ შეგიძლიათ, ტესტი მისცეთ ნებისმიერ ადამიანს და თქვათ, აქვს თუ არა მას ეს დაავადება", — განმარტა ჰედი კობერმა, კვლევის ავტორმა და ფსიქიატრიის ასოცირებულმა პროფესორმა იელის მედიცინის სკოლაში. "ჩვენ კი არ გაგვაჩნია ეს ფსიქოპათოლოგიისა და დამოკიდებულებისთვის."
კობერმა და მისმა კოლეგებმა დაიწყეს იმის დადგენა, შეეძლოთ თუ არა ეკვივალენტური მარკერის პოვნა ლტოლვისთვის. მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ მანქანური სწავლების ალგორითმი ტვინის აქტივობის გასაანალიზებლად. უფრო ზუსტად, მკვლევრებმა დაიწყეს შემოწმება ჰიპოთეზისა, რომ ადამიანები, რომლებიც რაიმეს მიმართ ლტოლვას განიცდიან, შესაძლოა, იზიარებდნენ ტვინის აქტივობის ნიმუშებს. თუკი ეს დადასტურდებოდა, მანქანური სწავლების ალგორითმს შეეძლო, დაედგინა ეს ნიმუში და გამოეყენებინა იგი ადამიანებში ლტოლვის დონის პროგნოზირებისთვის ტვინის სურათების საფუძველზე.
ნეირომარკერს შეუძლია, გააძლიეროს ნივთიერების მოხმარების დარღვევის მკურნალობა
საბოლოო ჯამში, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ტვინის აქტივობის ნიმუში, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ნარკოტიკებისა და საკვების ლტოლვის ინტენსივობის პროგნოზირებისთვის მხოლოდ fMRI სურათებზე დაყრდნობით.
ახლად დაკვირვებული ნიმუში — "ნეირობიოლოგიური ლტოლვის ხელწერა (NCS)" — მოიცავს აქტივობას ტვინის იმ ადგილებში, რომლებიც ადრე იყო დაკავშირებული რაიმეზე დამოკიდებულებასთან.
მკვლევრებმა აღმოჩენა გააკეთეს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) მონაცემებისა და 99 მოხალისის ლტოლვის თვითშეფასების გამოყენებით — ზოგიერთი მათგანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ზოგი კი — არა. მეცნიერებმა შეაგროვეს ტვინის მონაცემები, სანამ მოხალისეები ათვალიერებდნენ ნარკოტიკებისა და საკვების სურათებს. ამასთანავე, ინდივიდებმა თავად შეაფასეს, თუ რამდენად ილტვოდნენ ისინი ნანახი ნივთებისკენ.
მეცნიერთა აზრით, ახალი ნიმუში მუშაობს მრავალ სხვადასხვა ნივთიერებაზე.
"ეს ნამდვილად არის ლტოლვისა და დამოკიდებულების ბიომარკერი", — განმარტა კობერმა. "არის რაღაც საერთო ნივთიერების მოხმარების ყველა ამ დარღვევაში, რომელიც აღბეჭდილია ლტოლვის მომენტში."
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ NCS წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ახალი სამედიცინო მკურნალობისა და დიაგნოსტიკური მეთოდების შესაქმნელად, კობერმა აღიარა, რომ ის ჯერ არ არის მზად კლინიკური გამოყენებისთვის და საჭიროებს კვლევას. შემდეგი ნაბიჯი, მისი თქმით, არის NCS-თან დაკავშირებული ტვინის რეგიონების ქსელის უფრო მკაფიოდ გაგება, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა ნიმუშს, წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორ უპასუხებენ ინდივიდები ნივთიერებების მოხმარების დარღვევების მკურნალობას.
კომენტარები