აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი 2 ეგზოპლანეტა, რომელიც შესაძლოა, სიცოცხლესთან თავსებადი იყოს
ასტრონომებმა ჩვენგან სულ რაღაც 16 სინათლის წლის მოშორებით დედამიწის მსგავსი 2 ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელთაგანაც თითოეული მშობელი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება.
ორივე ციური სხეული მნათობ GJ 1002-ის მიმდებარედ, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრაობს, ანუ არეალში, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ამ ობიექტებზე სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობები იყოს.
მსგავსი ეგზოპლანეტები არამიწიერი სიცოცხლის ძიებისთვის შესაბამისი კანდიდატებია, რასაც მათსა და ჩვენ შორის კოსმოსური მასშტაბებით მცირე მანძილი კიდევ უფრო ამტკიცებს. ამის მიუხედავად, მხოლოდ სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობით დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, რადგან, მაგალითად, ჩვენს მზის სისტემაში ვენერა და მარსიც ასეთ რეგიონშია მოქცეული, მაგრამ ორივე პლანეტაზე გაუსაძლისი გარემოა.
იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული ვარსკვლავი შედარებით ცივია, ასეთი ზონა მასთან უფრო ახლოსაა განლაგებული. ყველაზე შიდა ციური სხეული, GJ 1002b, საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას მხოლოდ 10 დღეს ანდომებს, გარეთა ეგზოპლანეტა GJ 1002c-ს კი ამისთვის 21 დღე სჭირდება.
"ბუნება გვანიშნებს, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტები ძალიან გავრცელებულია. ამ ორი ობიექტის მეშვეობით ახლა უკვე 7 პლანეტური სისტემა ვიცით, რომელიც მზესთან საკმაოდ ახლოსაა", — აცხადებენ მეცნიერები.
GJ 1002b და GJ 1002 სპეციალისტებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) კუთვნილი ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ხელსაწყო ESPRESSO-სა და კალარ-ალტოს ობსერვატორიაში განთავსებული ინსტრუმენტის, CARMENES-ის მეშვეობით აღმოაჩინეს. თითოეული მათგანით განხორციელებული კვლევის პერიოდი 2017-19 და 2019-21 წლები იყო.
CARMENES სპექტრის ახლო ინფრაწითელი დიაპაზონის მიმართ მგრძნობიარეა, რითაც ვარსკვლავის სიჩქარის შესწავლისა და მის გარშემო არსებული პლანეტების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ESPRESSO-მ კი ასტრონომებს სისტემის სპექტროგრაფიული მონაცემების მოპოვების შესაძლებლობა მისცა. საბოლოოდ ეს ინფორმაცია შეჯერდა და სრული სურათი მივიღეთ.
ისინი მომავალში ამ ეგზოპლანეტების ატმოსფეროს გამოკვლევას გეგმავენ. ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები