მეცნიერებმა გენეტიკასა და ნეიროფსიქიატრიულ აშლილობებს შორის კავშირი დაადასტურეს
ორგანიზაცია Geisinger-ის მეცნიერებმა 90 ათას პაციენტზე კვლევა ჩაატარეს. დადგინდა, რომ ასიდან ერთი ადამიანი მინიმუმ ერთი ისეთი იშვიათი გენური მუტაციის მატარებელია, რომელიც ნეიროფსიქიატრიული აშლილობების (მაგ: შიზოფრენია ანდა აუტისტური სპექტრის აშლილობა) განვითარების რისკს ზრდის. მეორე მხრივ, ზემოხსენებული 1%-ის მესამედს ფსიქიკური დაავადების დიაგნოზიც აქვს. ნაშრომი გამოცემაში American Journal of Psychiatry გამოქვეყნდა.
Geisinger-ის გუნდმა, რომელსაც დოქტორი კრისტა ლ. მარტინი უძღვებოდა, 90 595 პაციენტის მონაცემები გააანალიზა, კერძოდ, მათი გენეტიკური ინფორმაცია და ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები (EHR). მონაწილეები ორგანიზაციის MyCode Community Health Initiative პროგრამაში გახლდნენ ჩართულები.
მკვლევრებმა ნეიროფსიქიატრიული აშლილობების მომატებულ რისკთან დაკავშირებული 94 გენის გაშიფრული ექსომი შეაფასეს. შემდეგ ამ გენების გავრცელება ამ დაავადებების წინასწარ შერჩეულ კოდებს დაადარეს, ანუ ნეიროფსიქიატრიული აშლილობებთან მათი კავშირი შეისწავლეს.
გენეტიკური ცვლილებები საკვლევი ჯგუფის 1%-ს აღმოაჩნდა. ამ პაციენტთა მესამედს რომელიმე ნეიროფსიქიატრიული აშლილობის დიაგნოზიც ჰქონდა დასმული.
მიგნებიდან გამომდინარე, მარტინი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, პირველადი მკურნალობის რუტინულ პროცესში გენეტიკური სკრინინგის ჩართვა დაგვეხმაროს, რათა ამ ტიპის აშლილობების მქონე პაციენტთა მკურნალობა უფრო ეფექტიანი გახდეს.
"ვიცით, რომ ნეიროფსიქიატრიულ აშლილობებს ასობით გენი განაპირობებს; მიუხედავად ამისა, კვლევის ფარგლებში იმათზე ვფოკუსირდით, რომლებიც ამ დროისათვის ყველაზე უკეთაა შესწავლილი", — აცხადებს დოქტორი ჰერმელა შიმელისი, კვლევის თანაავტორი.
როგორც მკვლევრები წერენ, ანალოგიური სიზუსტის სამედიცინო სტრატეგიებმა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების (თუნდაც კიბოს ანდა გულსისხლძარღვთა სისტემის) კუთხით უკვე არაერთ გარღვევას დაუდო საფუძველი. მათი აზრით, ეს ერთგვარი პოტენციალია, რომ ნეიროფსიქიატრიული აშლილობებისათვის უფრო ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები შეიქმნას.
კომენტარები