რამდენი წლისაა წყალი და საიდან მოხვდა ის დედამიწაზე?
ახალი კვლევის დასკვნით, დედამიწაზე დღეს არსებული წყლის 1-დან 50%-მდე მზის სისტემის ჩამოყალიბების საწყის ფაზაზე გაჩნდა.
GeoScienceWorld Elements-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ გაჩნდა წყალი ჩვენს პლანეტაზე. კვლევის მიხედვით, ეს ოთხ-საფეხურიანი პროცესი იყო.
პირველად იყო ღრუბელი
ყველაფერი ღრუბლით დაიწყო. ეს ღრუბელი, ძირითადად, წყალბადისგან შედგებოდა, თუმცა ალაგ-ალაგ ჰელიუმი, ჟანგბადი და ნახშირბადიც ერია. ღრუბელში არსებული ჟანგბადი შემდეგ კონტაქტში შევიდა მტვრის მარცვალთან, რომელიც გაიყინა და ზედაპირს მიეკრა. ამან გამოიწვია ღრუბელში არსებული წყალბადის მოლეკულების გაყინულ მტვრის მარცვალზე მოძრაობა, ვიდრე ისინი ჟანგბადს შეუერთდებოდა. ამ ურთიერთქმედების შედეგად კი წარმოიქმნა წყლის ყინული. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც "ცივი ფაზა" ეწოდება.
ასევე იხილეთ: რა მოხდება, თუკი დედამიწაზე წყალი გაქრება? — რას ამბობს მეცნიერება
ამის შემდეგ გრავიტაციამ დაიწყო მოქმედება ყინულზე და მატერია ნელ-ნელა ცენტრში დაგროვდა. როდესაც ღრუბლის ცენტრში მეტი მასა მოექცა, პროტოვარსკვლავი დაიბადა. გრავიტაცია გადაიქცა სითბოდ და ღრუბელში გაზისა და მტვრის ტემპერატურამ 100 კელვინს (-173,15 გრადუსი ცელსიუსი) მიაღწია.
ყინულის ორთქლად გარდაქმნა
ამან გამოიწვია სუბლიმაცია და ყინული წყლის ორთქლად გარდაქმნა. ეს იყო მეორე ეტაპი: "პროტოვარსკვლავის ფაზა". ამ ფაზაში ბევრი წყალი იყო, თუმცა ორთქლის სახით.
ამის შემდეგ კი დაიწყო მესამე ეტაპი. ამ ეტაპზე ჩნდება პროტოპლანეტური დისკი, რომელიც მოიცავდა ყველაფერს, რაც მზის სისტემის პლანეტებად იქცა. ამ ეტაპზე წყლის ყინული, რომელიც წარმოიქმნა პირველ საფეხურზე და გარდაიქმნა გაზად მეორე ეტაპზე, უბრუნდება საწყის მდგომარეობას პროტოპლანეტური დისკის ყველაზე ცივ მონაკვეთში. მტვრის მარცვლები კვლავ დაფარულია ყინულოვანი მანტიით.
ბოლოს მოდის მეოთხე ნაბიჯი, რომლის დროსაც მზის სისტემა უფრო სრულად ყალიბდება: პლანეტები, ასტეროიდები და კომეტები ფორმირდება და საკუთარ ორბიტაზე თავსდება. ამ ელემენტებში უკვე შეიძლება მოიძებნოს წყალი მის ამჟამინდელ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე ჩვენი პლანეტაც, მთელი თავისი დიდებულებით, ფორმირდა.
რამდენი წლისაა წყალი და საიდან მოხვდა ის დედამიწაზე?
ამ ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ დედამიწაზე წყალი 4,5 მილიარდი წლისაა, ანუ ისეთივე ძველია, როგორიც ჩვენი მზის სისტემა. და რამდენია ასეთი უძველესი წყლის რაოდენობა დედამიწაზე? საკითხავი, აი, ეს არის!
ახალი კვლევის ავტორების დასკვნით, დედამიწაზე დღეს არსებული წყლის 1-დან 50%-მდე მზის სისტემის ჩამოყალიბების საწყის ფაზაზე გაჩნდა.
"კომეტებსა და ასტეროიდებში (საიდანაც მეტეორიტების დიდი ნაწილი მოდის) არსებული წყალიც თავიდანვე დიდი რაოდენობით იყო. დედამიწამ, სავარაუდოდ, თავისი წყალი მიიღო არა კომეტებისგან, რომლებიც მასზე ცვიოდა, არამედ პლანეტოშენადედებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, წინამორბედებია იმ პლანეტებისა და ასტეროიდებისა, რომლებმაც შექმნა დედამიწა", — წერენ მკვლევრები დასკვნაში.
ამდენად, იმის ჩვენებით, რომ დედამიწაზე არსებული წყლის ნაწილი ისეთივე ძველია, როგორც თავად მზის სისტემა, ავტორებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ იმის გასარკვევად, თუ საიდან მოხვდა წყალი დედამიწაზე.
კომენტარები