გინესის რეკორდების მიხედვით, საკვებისა და წყლის გარეშე გადარჩენის ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევაა ავსტრიელი ანდრეას მიჰავეჩის მიერ საკანში გატარებული 18 დღე. თუმცა ეს საკმაოდ ექსტრემალური ამბავია და, ცხადია, ყველას თანაბრად არ მოერგება. ზოგადად, ადამიანს, დაახლოებით, 3 დღე შეუძლია, გაძლოს წყლის გარეშე.

წყალი მხოლოდ ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. იგი ასაზრდოებს მცენარეებს, ცხოველებს, ატმოსფეროსა, და, ძირითადად, ყველაფერს ჩვენს დედამიწაზე. ყველა ცოცხალ არსებას, პაწაწინა ციანობაქტერიებიდან გიგანტურ ლურჯ ვეშაპებამდე, გადარჩენისთვის წყალი სჭირდება. წყლის გარეშე სიცოცხლე, როგორც ვიცით, არ იარსებებდა. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ კითხვას პასუხი გავეცით, მაგრამ უფრო ზუსტად რა მოხდებოდა, თუკი დედამიწაზე წყალი გაქრებოდა?

ვინ ან რა გადარჩებოდა?

გამომდინარე იქიდან, რომ უდაბნოს ცხოველები ცხელ და უწყლო გარემოში ცხოვრებისთვის არიან ადაპტირებულნი, ლოგიკურია, ადამიანების უმეტესობას, ამ კითხვაზე პირველი სწორედ ისინი გაახსენდება. ამ ცხოველებიდან "უწყლო რბოლაში" ერთ-ერთი გამარჯვებული კენგურუ ვირთხა (Dipodomys) იქნება. ამ უდაბნოს ცხოველს შეუძლია, მთელი ცხოვრება წყლის დალევის გარეშე გაატაროს. მას აქვს უაღრესად სპეციალიზებული თირკმელები დამატებითი მილაკებით, რომლებიც ეხმარება ვირთხას ორგანიზმში წყლის კონსერვაციაში, შარდიდან წყლის ამოღების გზით.

კენგურუ ვირთხა (Dipodomys)

ფოტო: Anthony Mercieca—Root Resources/EB Inc.

კენგურუ ვირთხას მეტაბოლიზმი საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ფაქტებსაც გეტყვით. ეს ცხოველი წყალს იღებს იმ თესლიდან, რომლითაც იკვებება. ვინმემ შეიძლება ივარაუდოს, რომ კენგურუ ვირთხას სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა (მაგალითად, რამდენიმე დღე), მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის — მისი სიცოცხლე 3-დან 5 წლამდე გრძელდება. დიახ, სწორად მიხვდით. კენგურუ ვირთხას შეუძლია, 3-დან 5 წლამდე იცოცხლოს ისე, რომ წყალი საერთოდ არ დალიოს. იგი ნამდვილად გასაოცარი ცხოველია, განსაკუთრებით, ამ სტატიის კონტექსტში.

კენგურუ ვირთხას გარდა, არსებობენ ე.წ. "წყლის დამჭერი ბაყაყებიც" (Ranoidea platycephala), რომელთა სახელიც უკვე ბევრს ამბობს. ამ ბაყაყს აქვს უნიკალური უნარი, თავისი კანით შეიწოვოს წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც შემდეგ ინახება მის შარდის ბუშტსა და სხეულის ქსოვილებში. მას შემდეგ, რაც ბაყაყი მიწაში ჩაძვრება, ის ხვდება გარსში, რომელიც შედგება მისი კანისაგან, რათა არ დაკარგოს წყალი. ასეთ დროს ბაყაყი იკვებება საკუთარი კანით და ამ მდგომარეობაში დარჩენა რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია.

წყლის დამჭერი ბაყაყი (Ranoidea platycephala)

ფოტო: CC BY-SA 3.0

ტექნიკურად, ყველა ამ ცხოველს სჭირდება წყალი გადარჩენისთვის, უბრალოდ მათ შეუძლიათ, შედარებით დიდხანს გაძლონ მის გარეშე. ამდენად, თუკი პლანეტაზე წყალი გაქრება, ამ ბაყაყებსა და კენგურუ ვირთხებს რამდენიმე წლის განმავლობაში შეეძლებათ სიცოცხლის შენარჩუნება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი თავად პლანეტა იარსებებს, თუმცა ამ საკითხს მოგვიანებით ჩავუღრმავდებით.

პატარა ორგანიზმები

და რა შეგვიძლია ვთქვათ პატარა ორგანიზმებზე, როგორებიცაა: ბაქტერიები ან ვირუსები? NCBI-ის სტატიის მიხედვით, "ჰაერში გამომშრალ მდგომარეობაში ზოგიერთი ბაქტერია ცოცხლობს მხოლოდ წამით, ზოგი კი უძლებს გამოშრობას ათასობით, შესაძლოა, მილიონობით წლის განმავლობაშიც კი".

ფოტო: Curious Matrix

ასევე, თუკი გადავხედავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებს, გავიგებთ, რომ ბაქტერიულ სპორებს შეუძლია, გადაურჩეს უკიდურეს დეჰიდრატაციას:

"ორგანიზმების უმეტესობისთვის, დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. წყლის დაკარგვას შეუძლია, გამოიწვიოს ძალიან მაღალი წნევა, რომელსაც უძლიერესი მასალებიც კი ვერ გაუძლებს, რაც ხელს შეუწყობს შეუქცევად სტრუქტურულ დაზიანებას. გამონაკლისია ბაქტერიული სპორები. მათ შეუძლიათ, გადაურჩნენ დეჰიდრატაციის გახანგრძლივებულ პერიოდებს და არ აჩვენონ შესამჩნევი ზიანი."

დედამიწა

როგორც ჩანს, შედარებით პატარა ორგანიზმებს შეუძლიათ, ჩვენთან შედარებით, უკეთ გადარჩნენ წყლის გარეშე. მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ ყველაზე დიდ ორგანიზმზე — ჩვენს პლანეტაზე? რა დაემართებოდა დედამიწას წყლის გარეშე? ეს რთული საკითხია, რადგან ადვილი არ არის იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში. მოკვდებოდა, აფეთქდებოდა თუ უსასრულო სივრცეში გაუჩინარდებოდა დედამიწა? ალბათ, არც ერთი. პლანეტა, როგორც ასეთი, გადარჩებოდა, თუმცა სრულიად შეიცვლებოდა.

როგორც აღვნიშნეთ, წყლის გარეშე ყველაზე გამძლე ცხოველებიც კი დაიხოცებოდნენ. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ მცენარეებზეც. ამდენად, ჩვენი პლანეტა, ოკეანეების, მდინარეების, ტბებისა და მცენარეების გარეშე, ლურჯ-მწვანე ნამდვილად აღარ იქნებოდა. ეს ნიშნავს იმასაც, რომ პლანეტის ატმოსფეროც შეიცვლებოდა.

ფოტო: NASA

მცენარეები ფოტოსინთეზის დროს იღებენ ნახშირორჟანგს (CO2) და წყალს (H2O) ჰაერიდან და ნიადაგიდან. მცენარის უჯრედში წყალი იჟანგება, რაც ნიშნავს, რომ ის კარგავს ელექტრონებს, ხოლო ნახშირორჟანგი მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ის იძენს ელექტრონებს. ეს წყალს გარდაქმნის ჟანგბადად, ხოლო ნახშირორჟანგს — გლუკოზად. შემდეგ მცენარე ათავისუფლებს ჟანგბადს ჰაერში და ინახავს ენერგიას გლუკოზის მოლეკულებში. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ წყლის გაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე ჟანგბადი დეფიციტური იქნებოდა, რაც ასევე ხელს შეუწყობდა სიცოცხლის მოსპობას.

ასე რომ, ამ სცენარის არსებობის შემთხვევაში, ზოგიერთი ცხოველი ცოცხალი იქნებოდა წლების განმავლობაში, ზოგიერთი საათების განმავლობაში, ხოლო ადამიანები, ალბათ, რამდენიმე დღეს გაძლებდნენ. მცენარეები ცოტათი დიდხანს იცოცხლებდნენ, თუმცა მალევე ისინიც მოისპობოდნენ. ზოგიერთი ბაქტერიული ორგანიზმი შედარებით დიდხანს იცოცხლებდა, მაგრამ, საბოლოოდ, ისიც დაიღუპებოდა. ერთადერთი, რაც გადარჩებოდა, თავად პლანეტაა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ისიც სრულიად შეიცვლებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.