ნასას კოსმოსურმა ხომალდმა Juno-მ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს, იოს, ინფრაწითელი სურათი "სულ რაღაც" 80 000 კილომეტრიდან გადაუღო.

ფოტო 5 ივლისს არის გადაღებული, თუმცა კოსმოსურმა სააგენტომ ის 14 დეკემბერს გამოაქვეყნა. მასზე ლავური ნაკადები და ტბები გარკვევით ჩანს.

"თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ვულკანური ცხელი წერტილები. ძირითადი მისიის ფარგლებში, ჩვენ შევძელით, დავკვირვებოდით მათ ცვლილებასა და გაფართოებას", — განაცხადა Juno-ს მთავარმა მკვლევარმა, სკოტ ბოლტონმა.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/SwRI/ASI/INAF/JIRAM

NASA-მ აღმოაჩინა, რომ იოზე ასობით ვულკანია და, რაც ყველაზე გასაკვირია, მათი უმრავლესობა პოლუსების მიმდებარედ გვხვდება და არა ეკვატორულ ნაწილში.

ასევე იხილეთ: NASA-ს კოსმოსური აპარატის ობიექტივში გიგანტური იუპიტერი 2 თანამგზავრთან ერთად მოხვდა

კოსმოსური ზონდი Juno იუპიტერის ორბიტაზე 2016 წლიდან გადაადგილდება. გაზის გიგანტის შესწავლის შემდეგ, მან 2021 წელს იუპიტერის კიდევ ერთ მთვარეს, განიმედეს, ხოლო 2022 წლის დასაწყისში ევროპას ჩაუარა.

ამჯერად Juno იოს შეისწავლის, რომელიც NASA-ს თქმით, მზის სისტემაში ყველაზე ვულკანური ადგილია. ეს დაგეგმილი 9 ჩავლიდან პირველი იყო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მთვარის ვულკანებისა და მისი მაგნეტიზმის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას შეძლებენ. ბოლტონის თქმით, ეს ვულკანური აქტივობა იუპიტერის გიგანტური მაგნეტოსფეროს განმსაზღვრელიც კია და თანამგზავრების ურთიერთქმედება იუპიტერის პოლარულ ნათებებს ქმნის.

პოლარული ნათება ფერადი სანახაობაა, რომელიც მხოლოდ დედამიწაზე არ ხდება. NASA-ს მიხედვით, მზის სისტემაში იუპიტერის პოლარული ნათება ყველაზე კაშკაშაა. ეს პროცესი ხდება მაშინ, როცა დამუხტული ნაწილაკები, პროტონები ან ელექტრონები მაგნიტურ ველს, მაგნეტოსფეროს, ეხებიან, რომელიც პლანეტას აკრავს გარს. იუპიტერის მაგნიტური ველი დედამიწისაზე დაახლოებით 20000-ჯერ ძლიერია.

Juno მომავალში იუპიტერის თანამგზავრების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, რაც სხვა მისიებს დაეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მისია Clipper იქნება, რომელმაც უნდა შეისწავლოს, შესაძლებელია თუ არა თანამგზავრ ევროპაზე სასიცოცხლო პირობების არსებობა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.