"მინდოდა, რაღაც ხელშესახები მეკეთებინა" — გვანცა ცუცხაშვილის გზა Google-ის დეველოპერობამდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

როგორ ხდებიან Google-ის თანამშრომლები

უზარმაზარი ტექნოლოგიური კომპანია Google თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მის სერვისებს ყოველდღიურად მოვიხმართ, ხშირად მათ მიღმა არსებული შრომისა და ადამიანების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით — თითოეულ მათგანს ხომ საკუთარი ისტორია აქვს.

სტატიაში, კერძოდ, Google Cloud-ის ქართველი დეველოპერის — 23 წლის გვანცა ცუცხაშვილის — ამბავს მოგიყვებით და გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება სამყაროსა და საკუთარ თავში გამორკვევის სურვილმა მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტის ოფისში ამოგაყოფინოს თავი.

გვანცა Google-ის ვარშავის ოფისს 2022 წლის თებერვალში შეუერთდა, ამას კი ცნობისმოყვარეობა, თვითშემეცნება და განუწყვეტელი მოძრაობა უძღოდა წინ — ნაწილობრივ, ალბათ, იმის დროულად გააზრებაც, რომ მხოლოდ ტექნიკური უნარები და პროგრამირების ცოდნა არაა საკმარისი სფეროში წარმატების მისაღწევად.

მაშ, როგორია მუშაობდე Google-ში? რა გამოწვევებს აწყდებიან ახალბედა ანდა სულაც გამოცდილი თანამშრომლები? როგორია კომპანიის კულტურა? საერთოდაც, როგორი მისწრაფებები და მიდგომები აქვთ ტექგიგანტში დასაქმებულ ადამიანებს?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხს სტატიაში გვანცას მაგალითზე ამოიკითხავთ. შეგიძლიათ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მის განვითარებას მიადევნოთ თვალი, მის შეხედულებებსა და გამოცდილებას გაეცნოთ, პროცესში კი, ვინ იცის, იქნებ ისეთ დეტალებსაც წააწყდეთ, რომლებიც თავად დაგეხმარებათ გზის გაკვალვაში.

მათემატიკა — საკვანძო ინტერესი

სამყაროში, რომელიც ასე ქაოსური და უსასრულოა, ძალიან დიდი კომფორტია რაღაცის მთლიანად ცოდნა".

გვანცას ცნობისმოყვარეობას პატარაობიდანვე არაერთი სფერო აღუძრავდა. როგორც გვიყვება, გამოწვევებს არცერთ დარგში არ უშინდებოდა და სკოლაში ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით ეუფლებოდა, თუმცა კი რუსული ენის მიმართ სიმპათიით ნამდვილად არ გახლდათ განწყობილი.

"ყოველთვის ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა და ყოველთვის მინდოდა, ყველაფერი მცოდნოდა", — ამბობს ის.

გამოცდილებისადმი ღიაობის დამსახურებით, იგი თავიდანვე ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი რამ ენახა, რათა თავს ჩაღრმავებოდა და უკეთ გაერკვია, რა იზიდავდა და რა — ნაკლებად. გვანცა ინტერესთა ამგვარ მრავალფეროვნებას ნაწილობრივ იმას უკავშირებს, რომ ბავშვობიდან არაერთ წრეზე დადიოდა.

კერძოდ, მან მუსიკალურის ექვსწლედი დაამთავრა, ხოლო თითქმის 8 წელი დაუთმო ქართული ცეკვების სტუდიას. განათლებას აქტიურად მაშინ მიჰყო ხელი, როდესაც მეხუთე კლასში ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გადავიდა. გვანცას საკვანძო ინტერესი საბოლოოდ მათემატიკა აღმოჩნდა და სფეროს მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებასაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს.

"ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი პროფესია მათემატიკასთან იქნებოდა დაკავშირებული", — ამბობს ის — "...სკოლის პერიოდში ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემი მათემატიკის წრის მასწავლებელ ლერი ბანცურსა და ინფორმატიკის წრის მასწავლებელს, მალხაზ ჯინჯიხაძეს, რომელთაც უკვე არაერთი თაობა გამოზარდეს და შეაყვარეს მათ მათემატიკა თუ ინფორმატიკა".

გარდა იმისა, რომ ზემოხსენებულ საგანს გვანცა სკოლაში ისედაც გაძლიერებულად სწავლობდა, დამატებით წრეებზეც დადიოდა. იგი აღნიშნავს, რომ რთული ამოცანების ამოსახსნელად გზების ძიება ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონდა. გვანცას სფეროში სიზუსტე იზიდავდა და მას არამხოლოდ ინტერესის ობიექტად, არამედ სამყაროს ბუნდოვანებაში რამის დანახვის ერთგვარ გზადაც მოიაზრებდა.

"ძალიან მიყვარდა იმის ცოდნა, რომ ყველაფერი დამტკიცებადი იყო, ყველაფერი რაღაც აქსიომებამდე შემეძლო დამეყვანა. თითქმის ყველა ფორმულა, რომელიც გამოგვყავდა, დასაზეპირებელი სიმბოლოების ერთობლიობა არ იყო და ვიცოდით, რატომ იყო ეს ფორმულა სწორი და საიდან გამოგვყავდა. სამყაროში, რომელიც ასე ქაოსური და უსასრულოა, ძალიან დიდი კომფორტია რაღაცის მთლიანად ცოდნა", — გვეუბნება ის.

მამოძრავებელი ძალა

საწყის ეტაპზე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბევრი მოძრაობა და ბევრი რამის ნახვა".

განვითარების ბიძგსა და ერთგვარ მამოძრავებელ ძალას გვანცა უმეტესად თავისივე გარემოცვაში ხედავს, ბავშვობისა იქნება ეს თუ ახლანდელი. სკოლის პერიოდიდანვე მან მისთვის საინტერესო ბევრი თანატოლი გაიცნო, მოქმედების სურვილს კი ხშირად მათთან გაჯიბრება აღუძრავდა.

"ბევრი ჩემი თანატოლი გავიცანი, რომლებიც ძალიან წარმატებულები იყვნენ და ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებდნენ. მეც არ მინდოდა, რომ ჩამოვრჩენოდი და ვცდილობდი, მეტი და მეტი მეკეთებინა", — იხსენებს ის.

გვანცა ამ კუთხით ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში სტუმრობას გამოარჩევს, სადაც, მისი თქმით, სიახლეებითა და ენერგიით დატვირთული 21 დღე გაატარა. აღნიშნულ ბანაკში ოლიმპიადებში წარმატებული 150-ამდე ბავშვი მიჰყავდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

"მახსოვს, პირველად რომ მოსაწვევი მოვიდა, წასვლა არ მინდოდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოწვევები მიყვარდა, ახალი ადამიანების გაცნობაზე იმავეს ვერ ვიტყოდი. საბედნიეროდ, დედაჩემმა დამარწმუნა, რომ უნდა წავსულიყავი და მისი დღემდე მადლიერი ვარ ამისთვის".

სოციალიზაციისთვის ეს პერიოდი საკვანძო აღმოჩნდა:

"ბაქსვუდში გაცნობილი ბავშვების უმეტესობა ძალიან უნიკალური და განსხვავებული იყო. მათთან საუბრისას ვიღებდი ახალ ინფორმაციას, ვხედავდი მათ ინტერესებს და ვცდილობდი ამ ინტერესებში რამე ისეთი მეპოვა, რაც ჩემთანაც ახლოს იქნებოდა", — ამბობს ის.

გვანცას განვითარებაში წვლილი თავად შეჯიბრებებში მონაწილეობასაც მიუძღვის. სკოლაში სწავლისას იგი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ერთვებოდა ხოლმე ყველა საგანში. წარმატება მხოლოდ რამდენიმემ მოუტანა, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი მაინც თავის გამოცდა უფრო გახლდათ. იყო არაერთი სხვა კონკურსიც მათემატიკის განხრით.

როგორც გვიყვება, მონაწილეობა მიუღია ნორჩ ნატურალისტთა საერთაშორისო ოლიმპიადაში (უმეტესად ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის დარგში); ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესისა და მეწარმეობის სასწავლად ლეჰაის უნივერსიტეტში, ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში, გაგზავნა; ბაქსვუდის საზაფხულო სკოლიდან 2 კვირით წავიდა ინგლისში, რათა ასევე ბაქსვუდის სკოლაში ინგლისური ენის კურსები გაევლო.

ამის გათვალისწინებით, განვითარებისა თუ ახლის შეცნობის კუთხით იგი მოგზაურობის ასპექტსაც გამოყოფს:

"მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო საკმაოდ დიდი ხანი. როგორც ვახსენე, ბევრ ოლიმპიადაში მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში. დღემდე მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი ვნახო, რომ შემდეგ იმისგან წამოვიღო შთაგონება და რაიმე საინტერესო შევქმნა".

ფოტო: გვანცა ცუცხაშვილი

"ერთ ადგილას დიდხანს არ ვჩერდებოდი ხოლმე. საწყის ეტაპზე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბევრი მოძრაობა და ბევრი რამის ნახვა", — განაგრძობს ის — "საწყის ეტაპზე უფრო მეტი გასაქანი გაქვს და მეტი შანსები, რომ ეცადო იპოვო შენი თავი და ის, რისი კეთებაც გინდა".

სტუდენტობა, კონკურენცია და სწავლა სწავლებით

მეცნიერებაში ხშირია შემთხვევები, როცა შეიძლება ძალიან დიდხანს მუშაობდე რამე საკითხზე და ვერ ხსნიდე, ვერ პოულობდე გამოსავალს".

მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკისადმი ბავშვობიდან განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა და მომავლის მასთან დაკავშირება სურდა, გვანცას თავი მეცნიერად მაინც არასოდეს წარმოედგინა.

"მინდოდა რაღაც ხელშესახები მეკეთებინა, ისეთი რამ, რის შედეგსაც მალევე დავინახავდი. მეცნიერებაში ხშირია შემთხვევები, როცა შეიძლება ძალიან დიდხანს მუშაობდე რამე საკითხზე და ვერ ხსნიდე, ვერ პოულობდე გამოსავალს", — ამბობს ის.

მათემატიკასთან ყველაზე ახლოს პროგრამირება ეგულებოდა. სწორედ ამიტომ, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა MACS (კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა) ფაკულტეტზე, რის შემდეგაც კონკურენცია და განვითარებისათვის საჭირო ბიძგი კიდევ უფრო გაიზარდა.

"ვხედავდი სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებდნენ სწავლას; მაქსის კურსდამთავრებულები ოლიმპიადებში წარმატების შემდეგ დიდ კომპანიებში მიდიოდნენ სამუშაოდ", — იხსენებს ის — "ამ წარმატებების გარდა, როცა ვხედავდი, რომ ჩემს გარშემო ყველა რაღაც ახალს სწავლობდა და ცდილობდა, რამე საინტერესო შეექმნა, მეც მათი გავლენით მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი თავს".

ერთია, როცა რამე იცი და მეორეა, როცა რამის ახსნა შეგიძლია სხვისთვის".

მიუხედავად ჩამოთვლილი ფაქტორებისა, გვანცა ყველაზე დიდ კონკურენტად მაინც თავის ძმას ასახელებს: "მაგრამ მაინც, ყველაზე დიდი კონკურენციის წყარო ჩემი ძმაა რომელიც იყო ჩემი კლასელი, შემდეგ კურსელი და ახლა ერთად ვაგრძელებთ მუშაობას გუგლში".

ცხოვრების ზემოხსენებული ეტაპიდან გვანცამ კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება გაიხსენა: უნივერსიტეტში ჩაბარების პარალელურად თავის გამოცდის მიზნით მათემატიკაში მოსწავლეების მომზადება დაიწყო, შემდეგ კი კინგსში ინფორმატიკის წრეს უძღვებოდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის.

"ერთია, როცა რამე იცი და მეორეა, როცა რამის ახსნა შეგიძლია სხვისთვის", — გვეუბნება გვანცა — "ხანდახან, როცა რაღაც ახალს ვიგებთ, არის მომენტები, რომ ყველაფერი ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რაღაცებს უბრალოდ ვიჯერებთ".

ფოტო: გვანცა ცუცხაშვილი

"როცა სხვებს ასწავლი, არის შემთხვევები, როცა გეკითხებიან, რატომ არის რაღაც ისე, როგორც არის და შენ ხვდები, რომ ამაზე აქამდე არ გიფიქრია, რადგან არ გეგონა, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს "აჰა" მომენტები ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. ამ მომენტების გამო დავბრუნდი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში სემინარების ჩასატარებლად და სამი სემესტრი ვასწავლიდი სხვადასხვა საგანს", — განაგრძობს ის.

პირველი სამსახური — ქართული სტარტაპი Optio.AI

უნივერსიტეტში სწავლის გარკვეულ ეტაპზე გვანცამ გაიაზრა, რომ თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არც პრაქტიკული უნარების შეძენა უნდა დაევიწყებინა. სწორედ ამიტომ, მან თავისი განხრით პირველი სამსახურის ძიება დაიწყო.

"თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას მესამე კურსზე მივხვდი, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ძალიან საინტერესო, კარგი და გამოსადეგი, თუმცა ძირითადად თეორიული იყო. ყველა კურსი 3-4 თვეში მთავრდებოდა და მერე ახალ თემას ვიწყებდი. გადავწყვიტე, რომ მინდოდა რეალური გამოცდილება მიმეღო და მემუშავა პროექტზე, რომელიც შედარებით გრძელვადიანი იქნებოდა", — იხსენებს ის.

მხოლოდ პროგრამირების ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კარგი დეველოპერი იყო, მნიშვნელოვანია "რბილი" უნარებიც".

გვანცას ისეთი ადგილი უნდა ეპოვა, სადაც რაც შეიძლება მეტის სწავლა, კეთება მოუწევდა და არც ბიუროკრატიას წააწყდებოდა. ამის გათვალისწინებით, მან შედარებით მასშტაბური კომპანიის ნაცვლად უპირატესობა ქართულ სტარტაპს, Optio.AI-ის, მიანიჭა.

ზემოხსენებული გუნდი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ბანკებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. გვანცას თქმით, გარკვეული დროით ჩატბოტის დაჭკვიანებაზე მუშაობდა, მისი უმთავრესი პროექტი კი ონლაინ იდენტიფიკაციის სერვისი იყო. აქ მომხმარებლები ID ბარათის ანდა პასპორტის ფოტოებს ტვირთავდნენ, ხოლო მას მონაცემების ამოკითხვა ევალებოდა.

"ვინაიდან ეს ჩემი პირველი სამსახური იყო, მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა ყველაფერზე. მანქანური სწავლება ძალიან უცხო იყო ჩემთვის და ბევრი ახალი რამის სწავლა მომიწია. ასევე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ პროგრამირების ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კარგი დეველოპერი იყო, მნიშვნელოვანია "რბილი" უნარებიც", — გვიყვება გვანცა.

პრაქტიკული გამოცდილების მიღების გარდა, პირველი სამსახური მას სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებასა და საკუთარი ძლიერი თუ სუსტი მხარეების განსაზღვრაშიც დაეხმარა — სწორედ აქ გაიაზრა, რომ მანქანური სწავლების ძირითად საქმიანობად ქცევა არ სურდა და Optio.AI-ის დატოვების რთული გადაწყვეტილების მიღებაც მოუხდა.

"პირველ სამსახურში მივხვდი, რომ მანქანური სწავლება არ არის ის, რასაც მინდა კვირაში 40 საათი ვაკეთებდე", — ამბობს ის — "წამოსვლისას ჩემს უფროსს ვუთხარი, რომ შემდეგ მინდოდა უცხოურ კომპანიაში მემუშავა, რომ ინგლისურად კომუნიკაცია დამეხვეწა და შემდეგ მინდოდა, გუგლში წავსულიყავი. როცა ამას ჩემს უფროსს ვეუბნებოდი, მაშინ ეს ძალიან შორი ჩანდა და მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ასე მალე ამიხდებოდა".

მუშაობა გვანცამ ქართულ კომპანია Omedia-ში განაგრძო და მისი მხრიდან გერმანულ სტარტაპში მუშაობდა full-stack დეველოპერად. მისთვის გუნდთან ინგლისურად ყოველდღიური ურთიერთობა ახალი და საკმაოდ გამოსადეგი გამოცდილება აღმოჩნდა, თუმცა ჰქონდა კომუნიკაბელურობის პრობლემაც, რომელიც ამით არ მოგვარდა.

გვანცა Omedia-ს გუნდთან ერთად

ფოტო: Omedia

"ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ჩემი პროფესიული უნარები ვითარდებოდა, თუმცა "სოფთ სქილები", მათ შორის კომუნიკაცია, ჯერ კიდევ სამუშაო იყო. ამიტომ გადავწყვიტე, ომედიაში რესურს-მენეჯერის პოზიცია დამეკავებინა. ჩემი ძირითადი მოვალეობა თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრა და მათ პრობლემებზე საუბარი იყო. ამან საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი უნარები დამიტოვა", — გვიყვება ის.

გზა Google-ისკენ — სასურველი შემოთავაზება

მახსოვს, როცა ჩემს მენეჯერთან მქონდა შეხვედრა, ნახევარი საათი მიხსნიდა, დაახლოებით რაზე მუშაობენ და მუშაობის დაწყებიდან 2-3 თვეში გავიგე, რაზე ვმუშაობთ თურმე".

გვანცა იხსენებს, რომ Google-ში რეზიუმეს გაგზავნაზე დიდხანს ფიქრობდა, თუმცა, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, გასაუბრებისთვის მომზადებას ვერ ასწრებდა. ნაბიჯის გადადგმა იმდენად გაჭიანურდა, რომ ბოლოს კომპანია მას თავად დაუკავშირდა Linkedin პლატფორმის მეშვეობით.

მან სხვადასხვა დროს ჯამში 6 გასაუბრება გაიარა. მართალია, ამისათვის არ მომზადებულა, თუმცა სკოლასა და უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება ამ ეტაპის წარმატებით გადასალახად სრულებით საკმარისი გამოდგა.

ბოლო და გვანცასათვის კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი გუნდის არჩევა იყო. იგი მენეჯერებს შეხვდა, რა დროსაც მათ დასაქმებულს თავიანთი გუნდები და საქმიანობა გააცნეს, ახალწვეულს კი მისთვის საინტერესოს ამორჩევა დაევალა.

ახლანდელ მენეჯერთან გასაუბრება გვანცასთვის საკმაოდ ბუნდოვანი აღმოჩნდა: გუნდის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი Google-ის შიდა ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა, სიტყვებისა თუ ცნებების უმეტესობა კი მისთვის უცხო იყო. ამან, თავის მხრივ, არჩევანის გაკეთება გაართულა.

"შეხვედრები გაქვს სხვადასხვა გუნდებთან; ისინი გეუბნებიან, რას აკეთებენ და შენ უნდა გადაწყვიტო, გინდა თუ არა ამ გუნდში მუშაობა", — გვიხსნის ის — "მახსოვს, როცა ჩემს მენეჯერთან მქონდა შეხვედრა, ნახევარი საათი მიხსნიდა, დაახლოებით რაზე მუშაობენ და მუშაობის დაწყებიდან 2-3 თვეში გავიგე, რაზე ვმუშაობთ თურმე".

ფოტო: გვანცა ცუცხაშვილი

გადაწყვეტილება რთულად მისაღები იყო, თუმცა გვანცა არჩევანით უკმაყოფილო არ დარჩენილა და ამჟამად Google Cloud-ის დეველოპერია. ეს პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებსა და ცალკეულ მომხმარებლებს სხვადასხვა გამოთვლით მომსახურებას სთავაზობს. გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო იგი ტექნიკურ დეტალებზე დაწვრილებით ვერ გვესაუბრა, თუმცა პრობლემა მხოლოდ ზემოხსენებული ვალდებულება არ არის: პროექტი ძალიან მასშტაბურია და უამრავი დეველოპერის ჩართულობას მოითხოვს, თითოეული მათგანი კი ლამის ზღვაში წვეთის ტოლფას სამუშაოზეა პასუხისმგებელი.

"მართალია, ამ პატარა ნაწილების სწორად და გამართულად მუშაობის ხარჯზე არსებობს გუგლ ქლაუდი, რომელსაც მილიარდობით მომხმარებელი იყენებს, თუმცა ძალიან რთულია იმის ახსნა, კონკრეტულად რაზე მუშაობ", — ამბობს გვანცა.

Google-ის "შიდა სამზარეულო"

არასდროს მქონია იერარქიის შეგრძნება. არასდროს მქონია შეგრძნება, რომ ჩემი აზრი ვინმესაზე ნაკლებად ფასობს".

გვანცასათვის Google-ში მუშაობა მრავალმხრივ სასიამოვნო აღმოჩნდა: ოფისი დასვენების და გასართობადაც ისეთივე კომფორტულია, როგორიც მუშაობისთვის; კომპანიაში დასაქმებულები სამჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილი და არჩევანის გაკეთებაზე არც ზედმეტი ფიქრი უწევთ (სხვათა შორის, ამის წყალობით მან არაჯანსაღ საკვებზეც კი თქვა უარი); გვანცას გამოცდილებით, გარემო ყველაზე ნაკლებადაა სტრესული და თანამშრომლებიც მუდამ მზად არიან გამოცდილების გასაზიარებლად.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, საქმის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ყველაფრის ზედმიწევნით გაგება მარტივი საქმე როდია. გვანცასათვის სამუშაო შეხვედრებზე თავიდან თითქმის ყველაფერი უცხო იყო, საქმის სპეციფიკა იქნება ეს თუ სულაც გამოყენებული ტერმინოლოგია. მიუხედავად ამისა, მისი მონათხრობიდან აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემები მხოლოდ ახალწვეულებს როდი ექმნებათ:

"ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ბოლოს მე და ჩემი გუნდელი, რომელიც უკვე 16 წელია გუგლშია, ერთად გამოვედით და მან თქვა, რომ თითქმის ვერაფერი გაიგო, რა ხდებოდა შეხვედრაზე. მახსოვს, ძალიან გამიხარდა, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ ყველას ყველაფერი ესმოდა, ჩემ გარდა", — იხსენებს გვანცა.

ამასთან ერთად, დასაქმებულებს დავალებებთან დაკავშირებით დეტალური ინსტრუქციები იშვიათად ეძლევათ.

"ძირითადად არის ხოლმე მოკლედ აღწერილი დავალება და შენ უნდა იყო ინიციატორი, რომ მოიძიო მეტი ინფორმაცია, მოიძიო რესურსები, რომლებიც ამ დავალებისთვის დაგჭირდება, დაყო ქვედავალებებად და თითოეულს განუსაზღვრო დრო", — გვიხსნის გვანცა.

მისი თქმით, ხალხი მეგობრულობით გამოირჩევა და ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში შეძლებისამებრ დახმარებაზეც არავინ იტყვის უარს. კომპანიაში ცოდნის გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მიზნით შეხვედრებიც ხშირად იმართება სხვადასხვა საკითხში გამოცდილი სპიკერების მიერ.

"ძირითადად თანამშრომლებს აქვთ რაღაც კონკრეტული საკითხი, რომელიც ძალიან კარგად ესმით და დანარჩენზე სხვების დახმარების იმედი აქვთ. როცა რაიმე გაინტერესებს, როგორც წესი, ყველაზე მარტივი გზა არის, რომ იპოვო ადამიანი, რომელსაც ცოდნა აქვს და მას ჰკითხო. ეს გუგლის კულტურის ნაწილია", — ამბობს ის.

ფოტო: გვანცა ცუცხაშვილი

Google-ის "შიდა სამზარეულოდან" გვანცამ მისთვის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოყო:

"გუგლის ბევრ ოფისში ვყოფილვარ და ერთი, რამაც გამაკვირვა, არის ის, რომ კაბინეტი არსად შემხვედრია. მენეჯერები და თანამშრომლები საერთო გარემოში მუშაობენ, ერთნაირ პირობებში. არასდროს მქონია იერარქიის შეგრძნება, არასდროს მქონია შეგრძნება რომ ჩემი აზრი ვინმესაზე ნაკლებად ფასობს".

ერთი სამუშაო დღე

გვანცას ჩვეული სამუშაო დღე კოლეგებთან ერთად საუზმით იწყება კაფეტერიაში. წესისამებრ, შემდეგ იგი ელფოსტას ამოწმებს და ერთობ რუტინულ პროცესებს გადის.

"გასაკვირი არ არის, რომ ყოველდღე ძალიან ბევრი მეილი მხვდება, ეს პრობლემა ყველა დიდ კომპანიას აქვს. ყველა ცდილობს გამოიყენოს ბევრი ტიპის ფილტრი, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიტოვონ, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის", — გვიხსნის ის.

როგორც სხვაგან, საბონუსე სისტემა Google-შიც მოქმედებს: მას გაწეული დახმარების ანდა დამატებითი შრომის გამო აძლევენ დასაქმებულები ერთმანეთს. გვანცას თქმით, ეს კომპანიის კულტურის ნაწილია და ერთი ადამიანის მიერ მიღებული ბონუსის შესახებ მენეჯერი მთელს გუნდს ატყობინებს ხოლმე.

"საბედნიეროდ, ასეთი მესიჯებიც ხშირად დამხვედრია ჩემს მეილზე", — ამბობს ის.

გვანცას ძირითადად თავისივე გუნდის წევრებთან აქვს კომუნიკაცია, მუშაობის პროცესი იქნება ეს თუ შესვენებების. როგორც მისი საუბრიდან ვიგებთ, კომპანიაში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ მისი ყოველდღიურობა ამგვარ სამსახურებრივ შეხვედრებსაც მოიაზრებს სხვა გუნდებში მომუშავე კოლეგებთან.

გარდა იმისა, რომ Google საკუთარი ხედვების, პროდუქტებისა თუ მიზნების თანამშრომლებისთვის გასაცნობად ღონისძიებებს ხშირად გეგმავს, კომპანიაში დასაქმებულებს პირად ინტერესებსა და გართობაზე ორიენტირებული შეხვედრებიც აკავშირებთ.

"ხშირია სხვადასხვა ტიპის დამატებითი აქტივობები, რომელთაც თვითონ გუგლერები გეგმავენ; არსებობს სირბილის კლუბი, როცა ყოველ კვირა გუგლერები ერთად დარბიან ტრენერთან ერთად; არსებობს კლუბი, რომელიც სამაგიდო თამაშების სათამაშოდ იკრიბება; არსებობს კლუბი, სადაც იკრიბებიან და კვანტურ ინფორმატიკაზე მსჯელობენ", — გვიყვება გვანცა — "როგორც წესი, კალენდარი ყოველთვის სავსეა ხოლმე ივენთებით, თუმცა, რა თქმა უნდა, შენ უნდა გადაწყვიტო, რომელს დაესწრები, რომ თან შენს საქმესაც ხელი არ შეეშალოს".

ვინაიდან Google-ს ოფისი არაერთ ქვეყანაში აქვს, გვანცას, პოლონეთის გარდა, სხვა ფილიალებში დასაქმებულ კოლეგებთანაც აქვს დისტანციური კომუნიკაცია.

"დროის დანარჩენი ნაწილი სტანდარტულად ჩემთვის დავალებული საქმეების კეთებას ხმარდება", — დასძენს ის.

რა არის ახლა — რა იქნება შემდეგ

გვანცას Google-ში საკუთარი თავი ჯერ არ ამოუწურავს და ამ ეტაპზე წასვლასაც არსად გეგმავს. მანამ, სანამ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის დრო დადგება, მას კომპანიისაგან რაც შეიძლება მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღება სურს, თუმცა ერთ ადგილას დიდხანს გაჩერებას მაინც არ გეგმავს.

"რადგან მოძრაობას ვარ მიჩვეული, ახლაც ხშირად, როცა აღმოვაჩენ, რომ აღარ ვვითარდები, ანუ რაღაცნაირად გავჩერდი, ვცდილობ რამე ახალი ვიპოვო, რამე შევცვალო და არასდროს შევწყვიტო განვითარება", — ამბობს ის.

ვინაიდან Google-ში იგი საკმაოდ სპეციფიკურ საკითხებზე მუშაობს და გამოყენებული ტექნოლოგიების უმრავლესობაც სწორედ კომპანიის შიდა სისტემაა, მისთვის შეძენილი გამოცდილების სხვაგან გამოყენება მარტივი არ იქნება. ამჟამად გვანცას გამოწვევაა, შეძენილი უნარები არ დაივიწყოს და ბაზარზე მათი შესაბამისი ფორმით ადაპტირება შეძლოს.

"გუგლიდან წამოსვლას როცა გადავწყვეტ, მინდა ისევ აქტუალური ვიყო ბაზარზე", — გვეუბნება ის.

ისევე, როგორც წარსულსა და აწმყოში, გვანცას მიზანი მომავალშიც თვითშემეცნებაა, რაც, მისი ეჭვით, არასოდეს დასრულდება.

მგონია, რომ ისევ ჩემი თავის ძიების პროცესში ვარ პროფესიულადაც და პიროვნულადაც. მინდა, რომ ხშირად ვხედავდე ამ ძიების შედეგებს და არ მქონდეს შეგრძნება, რომ ნემსს ვეძებ თივის ზვინში, რაც შეიძლება მართლაც ასეა".

თავისთავად, Google-ში მუშაობის გამოცდილება ამ საქმეში მხოლოდ ცალკეული ქვეთავის როლს ასრულებს. იგი ერთგვარ კურსორადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც სიუჟეტის განვითარების შესახებ შეგვიქმნის წარმოდგენას, თუმცა კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას — წინ კიდევ ბევრია საძებნი, ამის ხელშესახებ შედეგებს კი გვანცას ცხოვრებაში სამომავლოდაც არაერთხელ ვიხილავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ