ისტორიული მისიის შემდეგ, Orion დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა — რა უნდა ვიცოდეთ
NASA-ს კოსმოსური კაფსული Orion 11 დეკემბერს წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა, რითაც მისია Artemis 1, მთვარის ირგვლივ 25-დღიანი მოგზაურობა, რამდენიმე წელიწადში იქ ადამიანების დაბრუნების იმედით, წარმატებით დასრულდა.
ასევე იხილეთ: კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა მთვარემდე მიაღწია! — შემდეგ ჯერზე იქ ასტრონავტებს გაუშვებენ
როგორც ეს NASA TV-ზე ვნახეთ, დედამიწის ატმოსფეროში 40000კმ/სთ სიჩქარით შემოჭრის შემდეგ, უპილოტო კაფსული ოკეანის ზედაპირზე 3 დიდი პარაშუტის დახმარებით დაეშვა. მოგზაურობის ფარგლებში, Orion-მა მილიონობით კილომეტრი გაიარა და ასტრონავტებისთვის განკუთვნილ ყველა სხვა კოსმოსურ ხომალდზე ბევრად შორს წავიდა.
"წლების განმავლობაში, ამ მისიაში შრომა ათასობით პიროვნებამ ჩადო, რაც მოტივაციას აძლევს მსოფლიოს, ვიმუშაოთ ერთად, რათა მივაღწიოთ კოსმოსის ხელუხლებელ ნაპირებს. დღევანდელი დღე NASA-ს, შეერთებული შტატების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მთელი კაცობრიობის უდიდესი გამარჯვებაა", — განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა
ოკეანის ზედაპირზე მოტივტივე კოსმოსური ხომალდისკენ ვერტმფრენები გაგზავნეს, რომელთაც დაადასტურეს, რომ Orion-ს დაზიანებები არ აღენიშნება.
რამდენიმე საწყისი გამოკვლევის შემდეგ Orion-ს წყლიდან აშშ-ის საზღვაო ძალების კუთვნილი გემი ამოიღებს.
დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შემოსვლისას კაფსულს 2800 გრადუს ცელსიუსის გაძლება მოუწია, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურის დაახლოებით ნახევარია. მისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ Orion-ის სითბური ფარის გამოცდა წარმოადგენდა, რათა ეკიპაჟის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს, როცა ხომალდში მანეკენების ნაცვლად ნამდვილი ადამიანები ისხდებიან.
ამ მისიაში წარმტების მიღწევა NASA-სთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან Artemis-ის პროგრამასა და ადამიანების მთვარეზე დაბრუნების, მომავალში კი მარსზე გამგზავრების საქმეში მილიარდობით დოლარი ჩაიდო. კაფსულის პირველი გამოცდა 2014 წელს ჩატარდა, თუმცა იმ შემთხვევაში მას დედამიწის ორბიტა არ დაუტოვებია და ატმოსფეროში შედარებით დაბალი, 32300კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა.
წყლიდან ამოღება
Orion-ის წყლიდან ამოსაღებად, რასაც NASA წლების განმავლობაში დეტალურად გეგმავდა, სამხედრო ხომალდი USS Portland შეირჩა. ოპერაციაში მონაწილეობას ვერტმფრენები და მომცრო ნავებიც მიიღებენ.
საბოლოოდ, ოკეანის ზედაპირთან შეხებამდე კოსმოსური ხომალდის სიჩქარე 32 კმ/სთ-მდე შემცირდა.
NASA, მონაცემების შესაგროვებლად, Orion-ის ტივტივის მდგომარეობაში დატოვებას 2 საათის განმავლობაში გეგმავდა, რაც, ბუნებრივია, შიგნით ასტრონავტების ყოფნის შემთხვევაში ვერ მოხდება. ეს Orion-ის ინტეგრაციის მენეჯერმა ჯიმ გეფრემ ახსნა იმით, რომ უნდა დააკვირდნენ, თუ როგორ შეიწოვება სიმხურვალე ეკიპაჟის მოდულში და რა გავლენა ექნება ამას შიდა ტემპერატურაზე.
ამის შემდეგ, მყვინთავები მიაბამენ Orion-ს USS Portland-ს. მთელ ამ პროცესს, დაახლოებით, 6 საათი დასჭირდება. ბოლოს კი გემი კალიფორნიაში, სან-დიეგოსკენ გაცურავს.
Orion-მა 16 ნოემბერს ფლორიდიდან აფრენის შემდეგ, უკვე 2.25 მილიონი კილომეტრი გაიარა, მთვარის ზედაპირს დაახლოებით 128 კილომეტრში ჩაუფრინა და ყველა წინამორბედზე 431000 კმ-ით შორსაც წავიდა.
Artemis 2 და 3
კოსმოსური ხომალდის მონაცემები NASA-ს შემდეგი მისიებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება. აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა მდგომარეობაშია კაფსული ფრენის შემდეგ და შეუძლია თუ არა სპეციალურ ფორმას, რომელიც მანეკენებს ჩააცვეს, ადამიანის რადიაციისგან დაცვა. გარდა ამისა, შემდეგი კვლევებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჩქარებისა და ვიბრაციის მონიტორების მონაცემების ქონაც.
კაფსულის ზოგ კომპონენტს ხელახლა გამოიყენებენ Artemis 2-ში, რომელიც ამჟამად დაგეგმვის აქტიურ ფაზაშია. ეს მისია 2024 წელს ეკიპაჟს მთვარისკენ წაიყვანს, თუმცა ზედაპირზე გადასვლა არ შედგება. NASA მალე შერჩეულ ასტრონავტებს დაასახელებს.
რაც შეეხება Artemis 3-ს, 2025 წელს ამ მისიის ფარგლებში ადამიანი მთვარის სამხრეთ პოლუსზე ყინულის აღმოჩენის იმედით დაეშვება.
Artemis-ის მისიების ფარგლებში, NASA მთვარეზე ისტორიაში პირველად ქალისა და ფერადკანიანი ადამიანის გაგზავნასაც გეგმავს. აქამდე, Apollo-ს ისტორიული მისიების ფარგლებში (რომლებიც 1972 წელს დასრულდა) მთვარეზე მხოლოდ 12 ადამიანია ნამყოფი და ყველა მათგანი თეთრკანიანი მამაკაცი იყო.
ასევე იხილეთ: NASA-ს დავალებით, კომპანია 3D პრინტერით მთვარეზე გასაგზავნ ამერიკულ ბაზას შექმნის
NASA-ს მიზანია, მთვარეზე ადამიანი ხანგრძლივად დარჩეს და იქ ბაზა აშენდეს, რომელიც კოსმოსური სადგურის ფუნქციას შეასრულებს. ეს გეგმა, სავარაუდოდ 2030-იან წლებში განხორციელდება.
კომენტარები