არქტიკაში რეკორდულმა ციკლონმა ზღვის ყინული მნიშვნელოვნად შეათხელა — რა ხდება
კვლევის მიხედვით, თუ პროცესი ასე გაგრძელდება, საუკუნის ბოლოს კლიმატურ კატასტროფას მივიღებთ
2022 წლის პირველ ნახევარში არქტიკაში ისტორიაში უდიდესი ციკლონი დაფიქსირდა (ქარის სიჩქარემ 100 კმ/სთს მიაღწია). მიუხედავად იმისა, რომ შტორმი არქტიკაში იშვიათი მოვლენა არ არის, ამ უკანასკნელმა ზღვის ყინულის ძალიან დიდი რაოდენობის დაკარგვა გამოიწვია, რამაც რეგიონის მკვლევრებს თავსატეხი გაუჩინა.
მკვლევრებმა Live Science-ს განუცხადეს, რომ პოლარული რეგიონების ზღვის ყინული ყველაზე სქელ მდგომარეობას მარტსა და აპრილში აღწევს, თუმცა შტორმმა ამ პროცესს სერიოზული ზიანი მიაყენა. 20-28 იანვრის შუალედში შტორმი გრენლანდიის თავზე წარმოიქმნა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბარენცის ზღვისკენ გადაინაცვლა, სადაც ტალღების სიმაღლემ 8 მეტრს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ შტორმის მიმდინარეობა ამინდის მოდელებით მეტ-ნაკლებად ზუსტად იყო გამოთვლილი, ზღვის ყინულის მოდელებმა ვერ გათვალეს, რამდენად იმოქმედებდა ეს შტორმი ყინულის სისქეზე.
შტორმის დასრულებიდან 6 დღეში აღმოჩნდა, რომ რუსეთისა და ნორვეგიის ჩრდილოეთით, ზღვის ყინულის სისქე, დაახლოებით, ნახევარი მეტრით შემცირდა, რამაც გამოთვლებს 2-ჯერ გადააჭარბა.
"1979 წლის შემდეგ ეს უდიდესი ცვლილებაა, რომელიც ზღვის ყინულმა განიცადა, ხოლო დაკარგული ყინულის ფართობმა წინა დანაკარგებს 30%-ით გადააჭარბა. წინასწარმა მოდელებმა გარკვეული დანაკარგები იწინასწარმეტყველა, თუმცა რეალურად ამაზე 2-ჯერ მეტი ზარალი მივიღეთ", — განაცხადა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ედ ბლანშარ-რიგლსვორთმა
კვლევამ აჩვენა, რომ შტორმის გამოწვეულმა ატმოსფერულმა სითბომ შედეგზე სულ ოდნავ იმოქმედა, შესაბამისად, საქმე რაღაც სხვასთან გვაქვს.
ავტორებმა რამდენიმე იდეა შემოგვთავაზეს, თუ რატომ შეიძლება გათხელებულიყო ყინული ამ ტემპით და ამ რაოდენობით. ერთი არგუმენტის მიხედვით, შესაძლოა, შეცდომა თავად რომელიმე გამომთვლელმა მოდელმა დაუშვა, ან შტორმის აგრესიულმა ტალღებმა იმაზე მეტად დააზიანა ყინულოვანი ზედაპირი, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ ერთი ვერსიით, ტალღების ზემოქმედებამ ზედაპირზე უფრო თბილი წყალი ამოწია, რამაც ყინულის საფარის ქვევიდან დნობა გამოიწვია.
ზღვის ყინულის სისქის შესწავლა და მოდელირება ძალიან რთული საქმეა. ყინულის, ოკეანისა და ატმოსფეროს ურთიერთობის ზღვის ყინულის სისქეზე გავლენა მეცნიერთათვის დღემდე ბოლომდე გაურკვეველი სფეროა. ამ ურთიერთქმედების დიდი ნაწილი იმდენად მცირე მასშტაბით ხდება, რომ მისი გამოთვლა შეუძლებელია. მაგალითად, მეცნიერებმა იციან, რომ გამდნარი წყლის დაგროვება, რომელიც არქტიკულ ზაფხულში ყინულის ზედაპირზე გროვდება, მის სისქეზე არ მოქმედებს, თუმცა ამ ეფექტის მოდელირება მაინც ძალიან ძნელია. წყლის ამ დაგროვებებს სატელიტების შეცდომაში შეყვანაც შეუძლია, რომლებიც მას ოკეანედ აღიქვამენ და არა ყინულის ზემოთ არსებულ "აუზად".
საბოლოოდ, რაც უფრო თბება კლიმატი, არქტიკული შტორმების ყინულის სისქეზე გავლენის გაგება მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში, NASA-ს მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ზღვის ყინულის კარგვა და ტემპერატურის დათბობა საუკუნის ბოლოს უფრო დიდ არქტიკულ შტორმებს გამოიწვევს, რაც, თავისთავად, მეტ ყინულს გაადნობს, რაც პროცესს შეუქცევადად აქცევს და კლიმატურ კატასტროფამდე მიიყვანს.
კვლევა ჟურნალ Geophysical Research: Atmospheres-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები