7 დეკემბერს მთელი გერმანიის მასშტაბით რეიდები ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედრო მოღვაწეების ჯგუფი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყანაში დიდი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა და სავარაუდოდ "იგეგმებოდა შეიარაღებული თავდასხმა კონსტიტუციურ ორგანოებზე".

  • გერმანული წყაროების ინფორმაციით, დაკავებულები გეგმავდნენ პარლამენტის შენობის აღებას, რაიხსტაგში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
  • გერმანიის სადაზვერვო სამსახურები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე შიდა, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები იყო.

დეტალები: გავრცელებული ინფორმაციით, შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger [რაიხის მოქალაქეები] წევრები.

  • ისინი ცნობილები არიან ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიებით.
  • ჯგუფის წევრები უარს ამბობენ თანამედროვე გერმანული სახელმწიფოს აღიარებაზე.
  • სავარაუდოდ, მათი მიზანი იყო გერმანიის რესპუბლიკის დამხობა და შეცვლა ახალი სახელმწიფოთი, რომელიც შეიქმნა 1871 წლის გერმანიის მოდელით — იმპერია, სახელად მეორე რაიხი.

კონტექსტი: გამომძიებლებმა გასული წლის აპრილში გამოავლინეს გატაცების შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდა ბანდა, რომელიც საკუთარ თავს გაერთიანებულ პატრიოტებს უწოდებდა.

  • გერმანიის ფედერალური პროკურატურის განაცხადებით, ჯგუფი ძალადობრივ გადატრიალებას 2021 წლის ნოემბრიდან გეგმავდა და რეგულარულ შეხვედრებს ატარებდა.
  • ისინიც იყვნენ რაიხსბიურგერის ჯგუფის ნაწილი, რომლებიც, სავარაუდოდ, აპირებდნენ ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის გატაცებას და ასევე სამოქალაქო ომის გაღვივებას.
  • მათ ჩამოაყალიბეს გეგმები, როგორ უნდა ემართათ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა, მართლმსაჯულებისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტები.
  • ბოლო შეთქმულებაში მონაწილეობდა პარლამენტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის ყოფილი ულტრამემარჯვენე წევრი, რომელიც ჯგუფში იუსტიციის მინისტრად მოიაზრებოდა.

რაიხსბიურგერის მოძრაობა რამდენიმე მცირე ორგანიზაციებისა და ინდივიდებისგან შედგება.

  • ისინი არ ეთანხმებიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ან მისი რომელიმე სამთავრობო ორგანოს კანონიერებას და თავს "გერმანული რაიხის" მოქალაქეებად მიიჩნევენ.