შესაძლოა, ჰაერის დაბინძურება სუიციდის რიცხვს ზრდიდეს — კვლევა
მეცნიერები სუიციდის სტატისტიკასა და ჰაერში PM2.5 მიკროსკოპული ნაწილაკების რაოდენობას შორის კავშირის დადგენას ცდილობდნენ
ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის ზრდის ინფარქტის, გულისა და სასუნთქი გზების დაავადების რისკებს. გარდა ამისა, დაბინძურება დაკავშირებულია სამსახურსა და აკადემიურ გარემოში დაბალ პროდუქტიულობასთან. ახალი კვლევის მიხედვით კი, შეიძლება, მას უფრო პირდაპირი უარყოფითი გავლენაც ჰქონდეს და ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები, სუიციდამდე მიჰყავდეს.
ასევე იხილეთ: ჰაერის დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე თამბაქო - კვლევა
ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის მკვლევრებმა, კლაუდია პერსიკომ და დევიდ მარკოტმა აშშ-ში 2003-2010 წლებში მომხდარი თვითმკვლელობების სტატისტიკა შეისწავლეს. მეცნიერები ამ სტატისტიკასა და ჰაერში PM2.5 მიკროსკოპული ნაწილაკების რაოდენობას შორის კავშირის დადგენას ცდილობდნენ. ამ ნაწილაკებს სისხლში მოხვედრა ფილტვებიდან შეუძლიათ. პერსიკოსა და მარკოტის აზრით, ჰაერის დაბალი ხარისხი აუარესებს ადამიანების ხასიათს, რაც სუიციდური აზრების გაჩენის ალბათობას ზრდის.
სუიციდის მაჩვენებლები ბევრი სხვა მიზეზით შეიძლება იცვლებოდეს, ამიტომ მკვლევრები სხვადასხვა ადგილას ქარის მიმართულების მიხედვით ჰაერის დაბინძურების ყოველდღიურ მაჩვენებელზე კონცენტრირდნენ. მაგალითად, ბოსტონში ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიმართული ქარის ნაკადები, რომლებიც ქალაქის ინდუსტრიული ზონის მხრიდან უბერავს, 5 კუბური მიკროგრამით მეტ PM2.5-ს შეიცავენ, ვიდრე დასავლეთიდან მომავალი ჰაერის ნაკადები. მკვლევრებმა იმუშავეს სწორედ ამ ტიპის მაჩვენებლებზე აშშ-ის თითქმის ყველა რეგიონში და მონაცემები სუიციდის ყოველდღიურ მაჩვენებლებს შეადარეს.
ანალიზმა აჩვენა, რომ კუბურ მეტრზე ერთი მიკროგრამით გაზრდილი PM2.5-ის რიცხვი საშუალოდ სუიციდის ყოველდღიური მაჩვენებლის 0.5%-ით ზრდას იწვევს. ეს ზრდა კონკრეტული დღისათვის შეიძლება დიდი არ იყოს, თუმცა თუ დაბინძურების მაჩვენებელი ერთი თვის განმავლობაში ნარჩუნდებოდა, ეს თვითმკვლელობის მცდელობის ყოველთვიურ მაჩვენებელს დაახლოებით 50%-ით ზრდიდა, რაც საგანგაშო რიცხვია.
მაჩვენებლები შენარჩუნდა განსხვავებული ტემპერატურისა და მოღრუბლულობის პირობებშიც. მიუხედავად ამისა, შედეგები ოდნავ განსხვავებული იყო შტატების მიხედვით. ბუნებრივია, სუიციდის მაჩვენებელი შედარებით მაღალია იმ რეგიონებში, სადაც ზოგადი სოციალური ფონი უფრო დაბალი, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია. ასევე, იმ შტატებში, სადაც იარაღის ფლობის რეგულაციები ლიბერალურია, რადგან ასეთ დროს, მკვლევრების თქმით, გონებაში სუიციდური ფიქრები უფრო მარტივად იბადება.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივ თვეში ერთი დღეც კი, როცა კუბურ მეტრზე PM2.5-ის დონე 35 მიკროგრამს აჭარბებს, ზრდის კონკრეტულ არეალში ფსიქოლოგთათვის დეპრესიის ნიშნებით მიმართვის რიცხვს.
ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PM2.5-ით დაბინძურებას შეუძლია ადამიანის ორგანოებში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს, მათ შორის ტვინშიც. მეცნიერთა აზრით, ანთება არღვევს ხასიათზე პასუხისმგებელი რეგიონების ნორმალურ ფუნქციონირებას, რის დამამტკიცებელ საბუთადაც მოჰყავთ ის, რომ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები დეპრესიაში მყოფი ადამიანების ხასიათს რიგ შემთხვევებში აუმჯობესებს. ასეთ ადამიანებს ორგანიზმში უფრო მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ცილა ციტოკინები, რომლებიც ანთებისას გამოიყოფა. სუიციდის მსხვერპლთა ექსპერტიზამაც არაერთი მათგანის ტვინში ციტოკინების მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
თუ პერსიკოსა და მარკოტის მსჯელობა მართებულია, შესაძლოა ჰაერის დაბინძურება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებდეს, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა იმის ფონზე, რომ თბილისის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია.
კვლევა National Bureau of Economic Research-მა გამოაქვეყნა
კომენტარები