ჰაერის დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე თამბაქო - კვლევა
12 მარტს European Heart Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერით ახლა უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე თამბაქოს მოხმარებით.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად ნაადრევი სიკვდილის ცხრა მილიონ შემთხვევას იწვევს, რაც ამ დრომდე გამოთქმულ ვარაუდებზე ორჯერ მეტია.
"ეს ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება იმაზე მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე თამბაქოს მოხმარება. თქვენ შეგიძლიათ, რომ სიგარეტს თავი აარიდოთ, რასაც ვერ ვიტყვით ჰაერის დაბინძურებაზე", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ტომას მუნცელი.
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 40-80 პროცენტი სისხლძარღვების ისეთ დაავადებებთანაა კავშირში, როგორიც არის, მაგალითად, ინსულტი და ინფარქტი.
დაბინძურებული ჰაერი გულსა და სისხლის ცირკულაციაზე უარყოფით გავლენას მრავალი სხვადასხვა გზით ახდენს, ერთ-ერთია სისხლძარღვების კედლების დაზიანება, რის გამოც მათი გამტარიანობა იკლებს, რის შედეგადაც საბოლოოდ გულის ფუნქციონირება ირღვევა, ხოლო სისხლი კი ადვილად შედედებადი ხდება.
აღნიშნულ კვლევაში მეცნიერებმა ძირითადად PM2.5 ნაწილაკები გაანალიზეს. ეს მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომლის ზომაც 2,5 მიკრომეტრზე, ანუ 0,0025 მილიმეტრზე პატარაა. ასეთ ნაწილაკებს საკუთარი პატარა ზომის გამო ფილტვების გავლით ორგანიზმში შეღწევა და სისხლში შერევა შეუძლიათ. PM2.5 ნაწილაკების ძირითადი წყარო საწვავია, რომლის წვის დროსაც ამ ტიპის ნაწილაკები დიდი რაოდენობით გამოიყოფა. PM2.5-ს წყაროებს ვპოულობთ სოფლის-მეურნეობაშიც.
ამ შედეგების საფუძველზე, კვლევის ავტორები თვლიან, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციამ PM2.5 ნაწილაკების მიმართ კანონები უნდა გაამკაცროს.
"ევროპაში ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკების ძირითადი წყარო წიაღისეული საწვავის წვაა, ჩვენ სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროებზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ.
ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლისას ჩვენ არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებას შევებრძოლებით, არამედ ევროპაში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ სიკვდილიანობას 55 პროცენტით შევამცირებთ", - აცხადებს მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტის პროფესორი იოშ ლილიველდი.
კომენტარები