მეცნიერებმა 130 000 წლის წინანდელი მამონტის სხეული გაკვეთეს — მოგზაურობა წარსულში

ფოტო: Stringer/AFP
მეცნიერებმა გაკვეთეს პატარა მამონტის სხეული, რომელიც ციმბირის მზრალმა ნიადაგმა დღემდე ძალიან კარგად შემოინახა. ის 130 000 წლის წინანდელია და მაშინდელ ეკოსისტემაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ნამარხი გასულ წელს აღმოაჩინეს და მას იანა უწოდეს. ის მსგავს ნაშთებს შორის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოღწეულია. მის კანს მონაცრისფრო-მოყავისფრო შეფერილობა და მოწითალო ბალანი ამ დრომდე აქვს შენარჩუნებული. ცხოველის ხორთუმი დახვეულ მდგომარეობაშია, თვალის ფოსოებიც მკაფიოდაა გამოკვეთილი და მსხვილი ფეხები თანამედროვე სპილოებისას ჰგავს.
ცხოველთა გაკვეთას ნეკროფსია ეწოდება და ეს პალეონტოლოგებისთვის პლანეტის ძველ ეკოსისტემაში მოგზაურობის ტოლფასია. მათ იმედი აქვთ, რომ მამონტის სხეულში პრეისტორიულ ბაქტერიებს მიაგნებენ, ასევე იმ მცენარეებსა და სპორებს, რომლებიც იანას ორგანიზმში მოხვდა. შემდეგ გენეტიკური ანალიზით ბევრი დეტალის გაგებაა შესაძლებელი გარემოზე, რომელშიც ეს ინდივიდი ცხოვრობდა.
მამონტის მხრების სიმაღლე 1.2 მეტრია, სიგრძე 2 მეტრს შეადგენს, წონა კი 180 კილოგრამია. მისი შინაგანი ორგანოები და რბილი ქსოვილები დღემდე თითქმის დაუზიანებლადაა მოღწეული. ეს ციმბირის მზრალი ნიადაგის დამსახურებაა, რომელმაც სხეული ათასობით წლის განმავლობაში ხელუხლებლად შემოინახა.
ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ცხოველის ნეკროფსიას რამდენიმე საათი მოანდომეს. ეს სახეობა დაახლოებით 4 000 წლის წინ გადაშენდა, ამიტომ მათი შესწავლა განსაკუთრებით საინტერესოა.
"საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ნაწილობრივაა შემონახული, კუჭი კი კარგადაა მოღწეული. მუცელში ნაწლავების, განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის, ფრაგმენტებსაც ვხვდებით", — ამბობენ მეცნიერები.
მათ გაკვეთისას ქსოვილების ნიმუშები აიღეს, რომელთა ანალიზსაც აპირებენ, რათა ძველ მიკროორგანიზმებზე მეტი გაიგონ. უნდა შეისწავლონ მამონტის სხეულის უკანა ნაწილიც, რომელსაც განცალკევებულად მიაგნეს. კერძოდ, სპეციალისტებს სასქესო ორგანოს გამოკვლევა სურთ, რათა გენიტალურ მიკრობიომზეც შეექმნათ წარმოდგენა.
ვიცით, რომ იანას ასაკი 1 წელს აჭარბებდა, რადგან მას სარძევე ეშვები უკვე განვითარებული აქვს. სპილოების მსგავსად, ისინი ამ ეშვებს იცვლიდნენ. მკვლევრებს აინტერესებთ, რამ მოკლა ასეთი ახალგაზრდა მამონტი, რადგან ადამიანები ამ ტერიტორიაზე ჯერ არ იყვნენ, შესაბამისად, ვერც ცხოველებზე ინადირებდნენ.
უნდა ითქვას, რომ კლიმატის ცვლილების გამო მზრალი ნიადაგი ლღვება და უფრო მეტ პრეისტორიულ ნამარხს აჩენს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამას პოტენციური ბიოლოგიური რისკი ახლავს თან, რადგან ეკოსისტემაში უძველესი პათოგენები შეიძლება დაბრუნდეს. ასეთი კვლევები მსგავსი რისკების გააზრებაშიც გვეხმარება.
კომენტარები