მეცნიერებმა ოთხფეხა რობოტი შექმნეს — ის ცხენის ფუნქციას შეასრულებს

ფოტო: The Financial Express
მეცნიერებმა ცხოველის შთაგონებით შექმნილი ახალი ტიპის, ცხენის ფორმის, რობოტი წარადგინეს. მისი სახელია Corleo და ის წყალბადზე მუშაობს. მას ოთხი ფეხი აქვს, შესაბამისად ადამიანის გადაადგილებაც შეუძლია.
რობოტის წარდგენას მისი მწარმოებელი — Kawasaki Heavy Industries — 13 აპრილს, Osaka-Kansai Expo 2025-ის ღონისძიებაზე აპირებს. იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპებს გადის, მისი პროტოტიპი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
ეს რობოტი, წარსულში შექმნილი ცხოველის ფორმის სხვა ბოტებისგან განსხვავებით ისეა მოწყობილი, რომ ადამიანებმა მისით გადაადგილება შეძლონ. ის ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს და სპეციალურად რთული რელიეფის დასაძლევად შექმნილი ფეხები აქვს.
კომპანია Kawasaki-ს მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, Corleo კლდოვან ფერდობებზე როგორ ეშვება და ბუჩქნარით დაფარულ ტყეს მიყვება, ასევე დათოვლილ ლანდშაფტსა და ნაკადულსაც კვეთს. ეს ვიდეო რეალურ კადრებს არ წარმოადგენს, რადგან რობოტი სრულად განვითარებული იმ დონემდე ჯერ კიდევ არ არის, რომ ადამიანი ატაროს.
"Corleo ტრანსპორტის სრულიად ახალი საშუალებაა, რომელიც Kawasaki-ს მოტოციკლეტებისა და რობოტექნოლოგიების გამოცდილებას აერთიანებს", — განაცხადა Kawasaki-ის წარმომადგენელმა ტაკაში ტორიიმ.
რობოტს ოთხი ფეხი აქვს, რომელთაგან თითოეულს დამოუკიდებლად შეუძლია მოძრაობა. ამ ფეხებს მოხრილი მუხლები და რეზინის, ორთითიანი ჩლიქები აქვს, რომლებიც თხის ან ირმის ფეხს ჰგავს. კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მომავალში Corleo ორი ადამიანის სხვადასხვა გარემოში ტარებას შეძლებს.
"უკანა ფეხი წინა ფეხისგან დამოუკიდებლად ზევით-ქვევით მოძრაობს, რაც რობოტს სიარულისა და სირბილის დროს მათი შეჯახების თავიდან აცილების საშუალებას აძლევს", — განმარტავენ Kawasaki-ს წარმომადგენლები მათ ოფიციალურ ვებგვერდზე — "ოთხივე ფეხს ჩლიქები აქვს, რომლებიც რეზინისგან დამზადებული გაყოფილი სტრუქტურაა. შესაბამისად, არათანაბარ და სრიალა რელიეფს მარტივად უმკლავდება".
Kawasaki-ს განცხადებით, Corleo-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემა ექნება, რომელიც გაუმჯობესებულ ბალანსსა და ნავიგაციას უზრუნველყოფს. რობოტი მასზე მჯდომის სხეულის მოძრაობებზე რეაგირებს, ისე როგორც ნამდვილი ცხენი. მას ასევე ეკრანიც ექნება, რომელზეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოჩნდება.
"მოწყობილობა საკონტროლო პანელით აღჭურვილია, რომელიც წყალბადის დონეს, მარშრუტს და სხვა მონაცემებს აჩვენებს", — დაამატეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
Corleo იმოძრავებს 150 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავით. წყალბადის საწვავი ელემენტები წყალბადს ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ პროცესში წყალბადის აირი იყოფა პროტონებად და ელექტრონებად, რაც დენს ქმნის, რომელიც ძრავს ამუშავებს. ეს სისტემა სრულიად უემისიოა. წყალბადის ელემენტების დამუხტვა უბრალოდ წყალბადის აირის შევსებით შეიძლება.
ამ ეტაპზე Kawasaki-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისი გაშვება 2050 წლისთვის არის შესაძლებელი. კომპანიას ისეთი ტექნიკური მახასიათებლების დეტალები არ გაუმჟღავნებია, როგორიცაა სიჩქარე, გადაადგილების დიაპაზონი ან ელემენტის მუშაობის დრო.
ფუნქციური პროტოტიპის ნაცვლად Osaka-Kansai Expo-ზე მხოლოდ Corleo-ს მაკეტი იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე გაიმართება.
კომენტარები