მამობა კაცის ტვინს მნიშვნელოვნად ცვლის — კვლევა
მკვლევრებმა პრენატალურსა და მშობიარობის შემდგომ პერიოდს შორის მამების ტვინში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღმოაჩინეს. ძირითადი ცვლილებები მოხდა კორტიკალურ მიდამოებში, რომლებიც დაკავშირებულია ვიზუალის დამუშავებასთან, ყურადღებასა და თანაგრძნობასთან.
ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში გასული 50 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა მამების მიერ ბავშვის მოვლისთვის დათმობილი დრო. შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის ზრდა კიდევ უფრო მკვეთრია ისეთ ქვეყნებში, რომლებმაც გაზარდეს ანაზღაურებადი შვებულება ან უზრუნველყოფენ მამების წახალისებას შვებულების მისაღებად. ეს ქვეყნებია: გერმანია, ესპანეთი, შვედეთი და ისლანდია. ამასთან, მზარდი კვლევები აჩვენებს, რომ მსგავსი აქტიური მამების შვილები უკეთესად პროგრესირებენ, მათ შორის ფიზიკურად და კოგნიტურად.
მიუხედავად ამ ფაქტორებისა გასაკვირად მცირეა კვლევებია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მამობა კაცებზე. მეტიც, კიდევ უფრო ნაკლები კვლევაა ფოკუსირებული ტვინზე და ბიოლოგიურ ცვლილებებზე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მამობას.
გასაკვირი არ არის, რომ მშობლობაზე გადასვლა შეიძლება გარდამტეხი იყოს ყველასთვის. ქალების შემთხვევაში ორსულობასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები გვეხმარება იმის ახსნაში თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს დედის ტვინი.
მაგრამ ცვლის თუ არა მამობა კაცის ტვინსა და სხეულს. კაცები უშუალოდ არ განიცდიან ორსულობას, შესაბამისად მკვლევრებს აინტერესებდათ ცვლის თუ არა მამობა კაცის ტვინსაც და თუ ცვლის, როგორ.
ორსულობა გავლენას ახდენს დედის ტვინზე
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ ორსულობამ შეიძლება გააძლიეროს ნეიროპლასტიურობა ან რემოდელირება ქალის ტვინის სტრუქტურებში. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს ფართომასშტაბიანი ცვლილებები ქალის ტვინის ანატომიაში ორსულობის დაწყებამდე და მას შემდეგ.
ერთ კვლევაში, ესპანელმა მეცნიერებმა სკანირება გაუკეთეს ქალების ტვინს ორსულობამდე და მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ. ტვინის ცვლილებები იმდენად გამოხატული იყო, რომ ალგორითმი ადვილად განასხვავებს ქალის ტვინს, რომელმაც გაიარა ორსულობა იმ ქალის ტვინისაგან, რომელსაც შვილი არ ჰყავს.
მთელ ტვინში, ეს ცვლილებები ჩანს ნაცრისფერ მატერიაში, ტვინის ქსოვილის ფენაში, რომელიც მდიდარია ნეირონებით. როგორც ჩანს, ორსულობა გავლენას ახდენს ქერქის სტრუქტურებზე, მათ შორის რეგიონებზე, რომლებიც დაკავშირებულია სხვებზე ფიქრთან, პროცესთან, რომელსაც მკვლევრები უწოდებენ "გონების თეორიას".
დედებს ასევე ეცვლებათ სტრუქტურები ტვინის ქვექერქში. ესაა უფრო ძველი სტრუქტურები, რომლებიც უფრო ღრმად არის მოთავსებული თავის ტვინში და დაკავშირებულია უფრო პრიმიტიულ ფუნქციებთან, მათ შორის ემოციებთან და მოტივაციასთან.
რატომ ხდება ტვინის ეს სტრუქტურული ცვლილებები ორსულობის შემდეგ?
მკვლევრები თვლიან, რომ ტვინის ამ ცვლილებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს დედების მზრუნვეობას ახალშობილებზე, რომლებიც ითხოვენ მუდმივ ყურადღებას და არ შეუძლიათ სიტყვიერად გამოხატონ თავიანთი საჭიროებები. მართლაც, როდესაც დედები ხედავენ საკუთარი ჩვილის ფოტოებს ან ვიდეოებს, ეს ააქტიურებს ტვინის იმავე რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეიცვალა ორსულობის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ ახალშობილი დედების ტვინები ისე იცვლება, რომ ეხმარება მათ ახალშობილებზე რეაგირებასა და მათზე ზრუნვაში.
მაგრამ რაც შეეხება მამებს? ისინი უშუალოდ არ განიცდიან ორსულობას, მაგრამ ისინიც ხო ფიქრობენ შვილებზე.
მამების ტვინებიც იცვლება
როგორც ნებისმიერი ახალი უნარის შემთხვევაში, ჩვილზე ზრუნვის გამოცდილებამ შესაძლოა კვალი დატოვოს მშობლების ტვინზე. სწორედ ამას ეძახიან ნეირომეცნიერები გამოცდილებით გამოწვეულ ტვინის პლასტიურობას — როგორც ტვინის ცვლილებები, რომლებიც ხდება ახალი ენის შესწავლისას ან ახალი მუსიკალური ინსტრუმენტის დაუფლებისას.
მწირი, მაგრამ მზარდი კვლევა აკვირდება ამ ტიპის პლასტიურობას მამებში, რომლებიც განიცდიან კოგნიტურ, ფიზიკურ და ემოციურ კავშირებს ახალშობილზე ზრუნვისას და ეს უშუალოდ ორსულობის განცდის გარეშე.
შედეგები უკეთ გასაანალიზებლად, მკვლევრებმა შეისწავლეს 40 კაცი. 20 მათგანი იყო ესპანეთდან და 20-იც კალიფორნიიდან. თითოეული მათგანის ტვინი შეისწავლეს MRI სკანერით ორჯერ: ერთხელ მათი პარტნიორის ორსულობის დროს და მეორეჯერ მას შემდეგ, რაც მათი ბავშვი 6 თვის იყო. ასევე ჩართეს 17 უშვილო კაცი საკონტროლო ჯგუფში.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მამების ტვინში პრენატალური პერიოდიდან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რომლებიც არ წარმოიშვა უშვილო კაცებში.
როგორც ესპანელ, ისე კალიფორნიელ კაცებში ტვინის ცვლილებები აისახა ქერქის რეგიონებში, რაც ხელს უწყობს ვიზუალურ დამუშავებას, ყურადღებას და თანაგრძნობას ბავშვის მიმართ.
რა ცვლის მამის ტვინს?
მამების ტვინის პლასტიურობის ხარისხი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, თუ რამდენად ურთიერთობენ ისინი შვილთან. მიუხედავად იმისა, რომ მამები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ ბავშვის მოვლაში, მამის ჩართულობა მაინც ძალიან განსხვავებულია.
ჩართულობის ამ დიაპაზონს შეუძლია ახსნას, თუ რატომ აღმოაჩინეს ტვინის მეტი ცვლილებები სხვადასხვა მამაბეში, ვიდრე ეს ქალების შემთხვევაში იყო.
სოციალურმა, კულტურულმა და ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რამდენად ურთიერთობენ მამები შვილებთან, შეიძლება, თავის მხრივ, გავლენა მოახდინონ მამის ტვინის ცვლილებებზე. მართლაც, ესპანელმა მამებმა, რომლებსაც, საშუალოდ, უფრო დიდი შვებულება ჰქონდათ, ვიდრე აშშ-ში მცხოვრებ მამებს, უფრო მკვეთრი ცვლილებები აღენიშნებოდათ ტვინის რეგიონებში.
გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად თუ როგორ უნდა ჩაერთონ ბავშვების აღზრდაში ისეთი მამები, რომლებსაც უჭირთ მშობლის როლთან შეგუება.
კომენტარები